"პატრიარქი დღეს გარკვეულ ასაკშია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ." - კვირის პალიტრა

"პატრიარქი დღეს გარკვეულ ასაკშია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ."

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლიდან":

ინტერვიუ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან:

- იმ პროცესს, რასაც საქართველოში სამართლიანობის აღდგენას ვეძახით, დასავლეთიდან საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ. ბოლო ხანს არაერთი კრიტიკული სტატია თუ განცხადება ვნახეთ, განსაკუთრებით ვანო მერაბიშვილის დაკავების შემდეგ, რას იტყვით ამაზე?

- მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა დასავლეთის მიმართ თავის მართლების რეჟიმში არ უნდა იყოს, რადგან სამართლიანობის აღდგენა არის ქართველი ხალხის სურვილი და დაკვეთა. დანანებით მინდა გავიხსენო ის დრო, როდესაც სააკაშვილს პირად ტყვედ ჰყავდა სულხან მოლაშვილი და მათიას იორშის შეშფოთებას თუ არ ჩავთვლით, მაშინ დასავლეთს დიდი პროტესტი არ გამოუთქვამს იმის გამო, რომ ამ ადამიანს სხეული სიგარეტით ჰქონდა დამწვარი და ჯურღმულში ჰყავდათ დამწყვდეული. აშკარაა, დასავლეთის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ ძალიან ლოიალური იყო. ის ამ უპირობო ნდობამ გარყვნა, როგორც პოლიტიკოსი. დღეს ჩვენს მიმართ ნამდვილად ისმის პრეტენზიული ტონი დასავლეთისგან, გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილის რეჟიმის ზოგიერთი წარმომადგენელი ჯერ კიდევ ახერხებს, ასე ვთქვათ, თავის მსხვერპლად გასაღებას. იმ ხალხს, რომელმაც ცხრაწლიანი უსამართლობა იწვნია და გაუბედურებული ოჯახები დატოვა, არ სჭირდება იმის ახსნა, რატომ უნდა იჯდეს ვანო მერაბიშვილი ციხეში. მთავარია, ის იჯდეს კარგ პირობებში. სოზარ სუბარისგან ვიცი, რომ მერაბიშვილი დღეს გაცილებით უკეთეს პირობებში ზის, ვიდრე იჯდა სულხან მოლაშვილი. ვიტყვი იმასაც, რომ მერაბიშვილის საქმე იქნება გაცილებით უფრო დასაბუთებული, ვიდრე თავის დროზე სულხან მოლაშვილის საქმე იყო. დასავლეთი კი თავისუფალია, ჩამოვიდეს, ეწვიოს მერაბიშვილს ციხეში, დაათვალიეროს რა ვითარებაშია და ა.შ.

- ბოლო ხანს გამოქვეყნებული სოციოლოგიური გამოკვლევების მიხედვით, თქვენ აშკარად ლიდერობთ პოლიტიკურ რეიტინგებში, რას იტყვით, რა არის ამის უმთავრესი მიზეზი?

- მიმაჩნია, რომ ეს დროებითია, მაგრამ თუ ხალხს აქვს ჩემს მიმართ კეთილგანწყობა, ამას მხოლოდ იმას მივაწერ, რომ ტყუილის თქმა არ შემიძლია. როდესაც რაღაც მიჭირს, ვამბობ, რომ მიჭირს; როდესაც რაღაცას ვერ ვაკეთებ, ვამბობ, რომ ვერ ვაკეთებ; თუ რაღაცაში მონაწილეობას ვერ ვიღებ, ამაზეც ღიად ვლაპარაკობ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს რეიტინგს დააზარალებს თქვენი განცხადება სექსუალური უმცირესობების შესახებ. როგორც 17-მა მაისმა აჩვენა, თქვენი პოზიცია საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილისთვის მისაღები არ არის.

- სექსუალური უმცირესობების წევრები ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან. არ შეიძლება ადამიანს იმის გამო სცემო, გალახო და თავს დაესხა, რომ მას განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვს. ნებისმიერი ძალადობა ჩემთვის მიუღებელია. თუ რაიმე ტიპის ძალადობა ჩემთვის მისაღები იქნება, მაშინ მე არ უნდა ვიყო ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი. მიუხედავად 17 მაისისა, მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება ჰუმანური და შემწყნარებელია. მე არ მიყვარს სხვის პირად ცხოვრებაში ყურება, ეს არის უადგილო ცნობისმოყვარეობა. ჩემთვის მთავარი ღირებულება ადამიანია და არ მესმის მათი, ვინც აგრესიულადაა განწყობილი, როდესაც ვიღაცას ვიღაცა მოსწონს. რაც შეეხება ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას, მიმაჩნია, რომ 17 მაისის შემდეგ ეკლესიამ და სახელმწიფომ შეძლეს ცივილიზებული ურთიერთობა, ისეთი, როგორიც ამ ქვეყანას ეკადრება. ჩვენი ქვეყნის ისტორის თუ თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ, როდესაც საერო პირები არ იყვნენ სათანადო სიმაღლეზე, საეკლესიო პირები კისრულობდნენ საერო ხელისუფლების როლსაც... მიუხედავად იმისა, რომ ამ ძალადობაში საეკლესიო პირებიც მონაწილეობდნენ, ეკლესია იმსახურებს ანგარიშის გაწევას და დიდ პატივისცემას. რასაც ახლა ვიტყვი, არასოდეს მითქვამს: საერო ხელისუფლებს ორი მოვალეობა გვაქვს, ერთი - დავიცვათ ადამიანის უფლებები და კანონი იყოს ყველასთვის კანონი. მეორე მოვალეობა კი ის არის, ამ ვალდებულების შესრულებისას არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ეკლესიაში არის ერთი ისეთი ნათელი წერტილი, როგორიც კათოლიკოს-პატრიარქია, ის დღეს გარკვეულ ასაკშია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.