"ჩემს შვილს კონდახით თავის ქალა ჩაუმსხვრიეს" - რას ჰყვება თურქეთში დაშავებული ქართველი ბიჭის მამა
თურქეთში აქციების დროს ქართველი სტუდენტი დაშავდა. შინ მიმავალი 19 წლის აკაკი ავალიანი მომიტინგეთა ტალღაში მაშინ აღმოჩნდა, როდესაც დასარბევად მათ ადგილობრივი პოლიცია მოსდევდა... როგორც თურქეთში, დაშავებულ შვილთან ჩასული მამა, კონსტანტინე ავალიანი "კვირის პალიტრასთან" საუბარში აღნიშნავს, მისი ვაჟი მასთან ერთად მყოფმა აზერბაიჯანელმა მეგობარმა გადაარჩინა... "ჩემი შვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მადლობა უფალს, რომ მარტო არ იყო, თორემ არავინ იცის, რა მოხდებოდა... ექიმებმა მითხრეს, რომ მის სიცოცხლეს წამები წყვეტდა და პაციენტი დროულად აღმოჩნდა მათთან", - განაცხადა კონსტანტინე ავალიანმა ჩვენთან საუბრისას და მომხდარის შესახებ გვიამბო...
- ჩემი შვილი მოცეკვავეა. მის აზერბაიჯანელ მეგობრებს კონცერტი ჰქონიათ და აკაკისთვის უთხოვიათ, შენც იცეკვეო. კონცერტის დასრულების შემდეგ, ის და მისი აზერბაიჯანელი მეგობარი თურმე ერთად ბრუნდებოდნენ შინ, როდესაც მომიტინგეების ტალღას შეეფეთნენ. მომიტინგეებს უკან სპეცრაზმი მოსდევდა. აკაკიმ და მისმა მეგობარმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს, ისე მივარდნილა მათთან სპეცრაზმი და ამ პირუტყვებმა იარაღი, რომლითაც რეზინის ტყვიებს ისროდნენ, ბიჭებს დაუშინეს თურმე. აკაკის კონდახით მარცხენა მხარეს თავის ქალა აქვს ჩამსხვრეული. ამის გამო მარჯვენა ხელს ვეღარ იმორჩილებს, უფუნქციოდ აქვს, რადგან ტვინის მარცხენა სფერო მარჯვენას აკონტროლებს...
- აზერბაიჯანელიც დაშავდა?
- დიახ, მაგრამ მსუბუქად. კიდევ კარგი, თორემ ორივე განწირული იყვნენ. სპეცრაზმმა ისინი სასიკვდილოდ გაიმეტა, რომ არა აკაკის მეგობარი, საავადმყოფიშიც არ მიიყვანდნენ... ისეთი დაზიანება აქვს აკაკის მიღებული, რომ 6 თვის შემდეგ, იმ მხარეს, თავის ქალაში, "პლასტინკა" უნდა ჩაუსვან... მასთან ერთად ქუთაისელი გოგონა სწავლობს, ხატია და სწორედ მან გაგვაგებინა, აკაკი საავადმყოფოში წევსო. თავიდან მეგონა ტვინის შერყევა ჰქონდა. ძალიან დამეხმარა ჩვენი საკონსულო, პირადად ბატონი თორნიკე ბერეკაშვილი, ჩემს ჩამოსვლამდე რამდენჯერმე მოინახულა ჩემი შვილი... საავადმყოფოში აკაკის მეგობარი გოგონა, ხატია გამყვა და თარჯიმნობას მიწევდა. პირდაპირ რეანიმაციაში შემიყვანეს, მივხვდი, რომ მარტივად არ იყო საქმე... მუხლები მომეკვეთა და არ მახსოვს, როგორ მივედი ჩემს შვილამდე. გაფითრებული იყო. ასე მეგონა, საწოლში ჩემი სიცოცხლით სავსე ბიჭი კი არა, ვიღაც სხვა იწვა. ცრემლები ძლივს შევიკავე.
- თქვენთან საუბარი შეძლო?
- კი, მითხრა, რომ თავი მტკივა და მარჯვენა ხელს ვერ ვგრძნობო...
- ექიმებმა რა გითხრეს?
- მისმა ექიმმა მანახა კომპიუტერული ტომოგრაფია. მითხრა, ოპერაცია გავუკეთეთ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სტაბილურად მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ მკურნალობას ექვემდებარება და ამ დღეებში პალატაში გადავიყვანთო... უფლის იმედი მაქვს, რომ არ გაურთულდება. ყველას, ვისთანაც ხმა მიმიწვდებოდა, მათ შორის ბერებსა და მოძღვრებს ვთხოვე, ილოცეთ ჩემი შვილისთვის-მეთქი. თქვენს მკითხველსაც ვთხოვ, გულით ილოცეთ ჩემი შვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის... ახლა მას ყველაზე მეტად ლოცვა სჭირდება. 8 ივნისს 20 წელი უსრულდება. უწყინარი ბიჭია, გარშემო ყველას უყვარს და მასაც ყველა უყვარს. არაფრის გამო კინაღამ მომიკვდა სრულიად უდანაშაულო შვილი და მეც დავიღუპებოდი...
- სად სწავლობს თქვენი შვილი?
- ესკიშეხირის უნივერსიტეტში, ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე. 28-ში უნივერსიტეტიდან სამი თვით ლონდონში სტაჟირებაზე უნდა წასულიყვნენ. აკაკი იქ ალბათ ვეღარ წავა... მესამე კურსზეა აკაკი და უამრავი გეგმა აქვს... ხელზე დარდობს, როდის აღმიდგებაო. როგორც ექიმებმა მითხრეს, რეაბილიტაციას დრო სჭირდება, ექვსი თვის შემდეგ კი ისევ ოპერაცია უნდა ჩატარდეს, ანუ "პლასტინკის" ჩასმა. მისმა თურქმა ქირურგმა მითხრა, თავად გადაწყვიტეთ, სად გაუკეთებთ მეორე ოპერაციასო. ჯერ იქამდე მშვიდობით მივიდეთ...
- მკურნალობის ხარჯებს თურქული მხარე ფარავს?
- ჯერჯერობით არ ვიცი, ჩემთვის არაფერი უთქვამთ. ჩემი შვილი რომ დემონსტრანტი ყოფილიყო, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ აქციებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, სახლში მიდიოდა... თუ ამის დამტკიცება მომიწია, ადვოკატსაც ავიყვან, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი მის გარეშე მოგვარდება. ახლა მთავარია, მკურნალობამ შედეგი გამოიღოს...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)