სალომე გოგიაშვილი: ჩემთვის ეკა ხვედელიძე ქალის იდეალია - კვირის პალიტრა

სალომე გოგიაშვილი: ჩემთვის ეკა ხვედელიძე ქალის იდეალია

ამონარიდი ჟურნალ "გზადან":

სალომე გოგიაშვილი, ტელეწამყვანი:

- ეკრანზე დაბრუნებას არ აპირებ?

- შემოთავაზებები მაქვს და რამდენიმე კასტინგზეც ვიყავი, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით...

- ვხვდები, რომ ეს ტელევიზია "იმედი" არ იქნება.

- არავითარ შემთხვევაში! როცა 2 ტელეწამყვანი ჰომოფობიური განცხადების გამო ტელევიზიიდან გაგვათავისუფლეს, პროტესტი ჩვენთან ერთად, სხვებსაც უნდა გამოეხატათ. მაშინ ვინმეს ეს რომ გაეპროტესტებინა, შეიძლება, 17 მაისის აქცია ვეღარც დაეგეგმათ.

- იმ წლებში, როცა ბინის გარეშე დარჩი, ალბათ, ბევრი რამ გადააფასე...

- რა თქმა უნდა, მაშინ გულიდან ბევრი ადამიანი გავცხრილე. იმ პერიოდში ჩემთვის ერთ თბილ სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აბა, როგორ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილს გაწეული სიკეთე დავუვიწყო?

- შეიძლება, ამაზე ცოტა ვრცლად ილაპარაკო?

- ჩვენი ოჯახები დიდი ხანია, მეგობრობენ. გამოუვალ მდგომარეობაში რომ აღმოვჩნდით, მე და დედა მასთან დახმარების სათხოვნელად მივედით. შინ ქალბატონი ეკა დაგვხვდა. მოგვისმინა, ჩვენი ტკივილი გულთან მიიტანა და დაგვპირდა, რომ მეუღლეს დაელაპარაკებოდა. როცა წამოვედით, ვფიქრობდი, - ბატონი ბიძინა დახმარებაზე უარს იტყვის-მეთქი.

- ის ბევრ ვინმეს ეხმარებოდა და შენთვის უარი რატომ უნდა ეთქვა?

- მეგონა, ჩემზე გაბრაზდებოდა, რადგან ოჯახი უბინაოდ დავტოვე. ჰოდა, ისე ვნერვიულობდი, ხელ-ფეხი დაბუჟებული მქონდა, 1 კვირაში 15 კილო დავიკელი. სახლამდეც არ ვიყავით მისულები, ბატონმა ბიძინამ რომ დაგვირეკა. დედას ჰკითხა: სალომეს რომ დაველაპარაკო, შეიძლებაო? ტელეფონი აკანკალებულმა გამოვართვი. მკითხა: - ცუდი სიზმარი გინახავსო? - კი-მეთქი, - ძლივს ამოვილუღლუღე. - მერე, სიზმარს როგორ ივიწყებ? ძალიან გთხოვ, ჩათვალე, ეს ცუდი ამბავი შენს სიზმარში მოხდა და დაივიწყე, ამაზე აღარ იფიქროო. გული თუ არ გამიჩერდებოდა, არ მეგონა. იმ ემოციის სიტყვებით გადმოცემა ძალიან მიჭირს. უზომოდ მადლიერი ვარ... აქვე გეტყვით, ჩვენ ერთად არაერთხელ დაგვისვენია.

- ალბათ, შენს ბავშვობაში.

- არა, ბოლო პერიოდს ვგულისხმობ. ზღვაზე და ბაკურიანში ერთად ვისვენებდით. ბატონ ბიძინაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ჩემთვის ეკა ხვედელიძე ქალის იდეალია. ის სამაგალითო დედა და მეუღლეა.

- პრემიერი ურთიერთობაში როგორია?

- ძალიან თბილია, მაგრამ მტკიცე ხასიათი აქვს. რამეს რომ იტყვის, გადათქმა არ უყვარს, მაგრამ რასაც ამბობს, მართალია, ამიტომ აღარ ეკამათები.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.