ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობიანი მსოფლიოსა და მშვიდობიანი საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობიანი მსოფლიოსა და მშვიდობიანი საქართველოსთვის

მიუხედავად ამ თავზარდამცემი ტრაგედიისა, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს და უკან ვერავინ დაგვახევინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა , რომელშიც ავღანეთში ქართულ ბაზაზე გუშინ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, საქართველო გააგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მსოფლიოსა და მშვიდობიანი საქართველოსთვის.

"უმძიმესი დღე გაუთენდა საქართველოს. გუშინ თავს დაესხნენ ნატოს ოპერაციის მონაწილე საქართველოს ქვედანაყოფს. დაიღუპა 7 და დაჭრილია 9 სამხედრო მოსამსახურე. უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა ამ შემზარავი ტრაგედიის გამო, ქედს ვიხრი დაღუპული ჯარისკაცების წინაშე, სამძიმარს ვუცხადებ მთელს საქართველოს, ვიზირებ თითოეული ჯარისკაცის ოჯახის ტკივილს, რომელსაც ვერაფერი გაანელებს. მათთან ერთად გლოვობს მთელი საქართველო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, პრემიერის შეფასებით, ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში.

"და ეს იცის მთელმა მსოფლიომ. ტერორიზმი 21-ე საუკუნის უდიდესი გამოწვევაა, მასთან ბრძოლა ურთულესი და ამავე დროს მეტად საპატიო მისიაა, რომელსაც ქართველი სამხედროები ღირსეულად ასრულებენ. ეს ბიჭები უცხო მიწაზე, ჩვენ სამშობლოს იცავენ, ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის, ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. ჩემი დავალებით,საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე ავღანეთშია. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობიანი მსოფლიოსა და მშვიდობიანი საქართველოსთვის", - აღნიშნა პრემიერმა.