ვახტანგ მაისაია – ეს იყო ვადალა, ავღანელების ვენდეტტა - კვირის პალიტრა

ვახტანგ მაისაია – ეს იყო ვადალა, ავღანელების ვენდეტტა

6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. რის შედეგადაც 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვლა, არიან დაჭრილებიც. აფეთქება თალიბების მიერ იყო ორგანიზებული, რასაც წინ უძღოდა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მიმართვა, სადაც თალიბები ქართველებს "ჯიჰადს" უცხადებენ. ამ საკითხებზე კომენტარი სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას ვთხოვეთ.

- ძალიან რთულია იმის თქმა, თალიბების გარდა ვის ინტერესში შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ტერაქტის მოწყობა, თუმცა, ერთი რამ ცალსახაა - მიხეილ სააკაშვილის გაუაზრებელმა ლაპარაკმა ამ ფაქტის პროვოცირება გამოიწვია. მან ქართველი ჯარისკაცები გადააქცია სამიზნეებად. არის კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ - მიხეილ სააკაშვილი ასეთი ლაპარაკით შეეხო ავღანელების, პუშტუნების ღირსების საკითხს. წმინდა რელიგიური, გინდათ სამხედრო ან პოლიტიკური კუთხით, ეს იყო ძალიან მძიმე გადასატანი მუსლიმების პრინციპებიდან გამომდინარე. მათ აქვთ ასეთი ცნება - ვადალა (იგივეა, რაც ვენდეტტა, ან ჩვენებური სისხლი) და ამის შესრულება ყველა პუშტუნისათვის წმინდა მოვალეობაა. ბუნებრივია, ასეთ ფონზე იმის თქმა, რაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, დაუშვებელია. არის კიდევ ერთი მომენტიც: ესაა ფსიქოლოგიური ომის მეთოდი. სოციალურ ქსელებში გავრცელებელი ვიდეოებიც ამ ომის შემადგენელი ნაწილია.

- სამხედრო ჟურნალისტმა თემურ კიღურაძემ საკუთარ ბლოგზე გააკეთა განცხადება, რომ ამ ვიდეოში ტელეკომპანია "პიკ"-ის მიერ გადაღებული კადრებია, რომელიც არც ერთ სიუჟეტში მოხვედრილა და ე.წ. შავი მასალა იყო.

- მეტსაც გეტყვით, ამ ვიდეოში არის კადრები, რომლებიც გამოიყენებოდა საბჭოთა ქრონიკის პერიოდში, აგრეთვე კადრები ჩეჩნეთის ომიდან. ასე რომ ვერსიის დონეზე იმის თქმა შეიძლება, რომ ვინც ეს ვიდეო გააკეთა, ე.წ. შავ მასალაზე წვდომა მართლაც ჰქონდა. საიდან, როგორ - ეს უკვე გამოძიების საქმეა. იმის გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ ეს ვიდეო გაკეთებულია ჩვენს სამეზობლო არეალში ან გნებავთ საქართველოშიც, რადგან ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებსა და ავღანეთის ისლამურ ემირატს შორის არის სკმოდ მჭიდრო კავშირები.

- ბატონო ვახტანგ, ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ხდება თავდასხმა ქართულ კონტინგენტზე, რა ფაქტორით შეიძლება იყოს ეს განპირობებული?

- ჩათვალეთ, რომ ესეც იმ ფსიქოლოგიური ომის ნაწილია, რომელიც უკვე ვახსენეთ. 2004 წელს თალიბებმა ესპანეთის მთავრობა აიძულეს, კონტინგენტი შეემცირებინათ. სხვათა შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინდელი თავდასხმის შემდეგ ესპანეთის მთავრობაში მიიღეს გადაწყვეტილება, დააჩქარონ ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან. თალიბები მიზნობრივად არჩევენ, თუ ვის წინააღმდეგ დაიწყონ ეს კამპანია. მოგეხსენებათ, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ჩვენი კონტინგენტი ყველაზე დიდია, ამ ფონზე თალიბების ინტერესი ჩვენდამი ბუნებრივიცაა.

- და ამ ყველაფრის ფონზე უნდა გაგრძელდეს თუ არა ჩვენი ჯარისკაცების ყოფნა ავღანეთში?

- თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა მიიღო  მეტიჩრული გადაწყვეტილება, მაშინ მას არავინ თხოვდა ამხელა კონტინგენტის შეყვანას. თუ სწორად მახსოვს 2008 წლამდე მხოლოდ 1 ადამიანი გვყავდა, ისიც სამხედრო ექიმი და 2008-09 წლებში ასიმეტრიულად გავზარდეთ სამხედრო კონტინგენტი. ჩვენ ვიმკით იმ შედეგებს, რაც წინა ხელისუფლებამ დათესა, რაც შეეხება ჩვენს დარჩენა-არ დარჩენას, 2014 წელს ISAF-ის მისია ისედაც სრულდება ანუ დარჩენილია 6-7 თვე, ეს ის დროა, რაც სამხედრო კონტინგენტის გამოყვანას ისედაც სჭირდება ანუ ISAF-ის მისიის დასრულებამდე, ფაქტობრივად, მაინც იქ გვიწევს ყოფნა, ხოლო ამ მისიის დასრულების შემდეგ, აღარ მგონია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ბიჭების იქ ყოფნის სურვილი ისევ გამოთქვას.

- გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი უშუალოდ ბაზის ტერიტორიაზე აიფეთქა. ჩნდება კითხვა - როგორ შეაღწია მისმა ავტომანქანამ ბაზაზე მაშინ, როცა გარე პერიმეტრის კონტროლი მუდმივად ხორციელდება, თუ ავტომანქანას მართავდა უშუალოდ ბაზაზე მომუშავე რომელიმე ავღანელი?

- სავსებით შესაძლებელია, ბაზაზე მომუშავე რომელიმე პიროვნებაც ყოფილიყო თვითმკვლელი. ასეთ ფონზე ბევრს გაუჩნდება კითხვა, რომ თუ ასეთი რისკია, ეს ავღანელები რატომ მუშაობენ ჩვენს ბაზაზე, მაგრამ, კონტრაქტის მიხედვით, ბაზის მომსახურე პერსონალის 30% აუცილებლად ადგილობრივი უნდა იყოს. ეს ერთგვარი სოციალური პროგრამაა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)