ირაკლი კაკაბაძე: "უზნეობაა, როდესაც ოკუპანტებზე წუწუნებ, დამიპყროო და შენს მეომრებს სხვა ქვეყანაში უშვებ" - კვირის პალიტრა

ირაკლი კაკაბაძე: "უზნეობაა, როდესაც ოკუპანტებზე წუწუნებ, დამიპყროო და შენს მეომრებს სხვა ქვეყანაში უშვებ"

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ავღანეთიდან ქართველი სამხედროების გამოყვანის მოთხოვნას უერთდება. ის მიიჩნევს, რომ საქართველო ოპიუმის და ჰეროინის ომშია ჩაბმული, რათა ვიღაცეებმა შემდეგ ამით ფული გააკეთონ. მან დემაგოგია უწოდა იმას, რომ საქართველო ავღანეთში არსებული კონტინგენტით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობს.

- საზოგადოება ახლა ძალიან დაბნეულია. ვგულისხმობ იმ ნაწილს, რომელიც მიიჩნევს, რომ მომხდარში რუსეთში ინტერესები იკვეთება, - ყველაფერში რუსეთის ინტერესების დანახვა უკვე ავადმყოფური პარანოიაა, რომელიც დიდი ხანია სჭირს "ნაციონალურ მოძრაობას"... რაში სჭირდება საქართველოს ავღანელი ქალებისა და ბავშვების ხოცვა. რაში სჭირდება საქართველოს ჯერ დაამყაროს კავშირი ვაჰაბიტებთან და შემდეგ მონაწილეობდეს მათ ამოხოცვაში, რაში სჭირდება ვიყოთ სხვის მიწაზე ოკუპანტები?.. არ გვყოფნის, რომ ჩვენს მიწაზე სხვები არიან ოკუპანტები. სააკაშვილის პოლიტიკა დანაშაულებრივია და უნდა მოხდეს ქართველი სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა ავღანეთიდან.

- ბატონო ირაკლი, ისტორიას თუ გადავხედავთ, ასეთ პოლიტიკას საქართველოს მეფეები საუკუნეების დროიდან მოყოლებული ახორციელებდნენ...

- დიახ, მაგრამ ავღანელები თავიანთ სამშობლოს იცავენ... როდესაც ოკუპანტებზე წუწუნებ და შენ მეომრებს სხვა ქვეყანაში უშვებ, უზნეობაა...

- ანუ თქვენც ეთანხმებით იმ მოსაზრებას, როდესაც ქართულ სამშვიდობო კონტიგენტს ოკუპანტებს უწოდებენ?

- სხვის მიწაზე მებრძოლი, ნებისმიერი სამხედრო ფორმირება, რომელიც გარე ძალების მითითებებს ასრულებს, რა თქმა უნდა, ოკუპანტია. 2001-2006 წლებში, როდესაც ავღანეთში ალ-ქაიდას ცენტრი არსებობდა, შესაძლოა, ამ ოპერაციის არსებობა გამართლებული ყოფილიყო, რადგან იქ იმყოფებოდა ბენ ლადენი და სხვადასხვა ტერორისტული ტრენინგ-ჯგუფები, მაგრამ 2006 წლის შემდეგ, იქ ვითარება შეიცვალა, მასობრივი წმენდები განხორციელდა, თალიბები პაკისტანის ტერიტორიაზე გადავიდნენ და მათი დიდი ნაწილი იქ არის, ბენ ლადენიც ბოლო ერთი წელი პაკისტანში ცხოვრობდა. თალიბების ყველაზე დიდი რაოდენობა პაკისტანშია. 12 წელია ავღანეთში ომია. თუ ისლამიზმის საფრთხებზე ვლაპარაკობთ, მათი წარმოშობისა და გავრცელების წყაროებზე უნდა იყოს ლაპარაკი, თორემ ავღანელი ხალხი აქ არაფერ შუაშია... წლების წინ, როდესაც იქ ანტიტერორისტული ბრძოლები მიმდინარეობდა, საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა.! ახლა კი სააკაშვილმა თავისი შვილი გაუშვას ავღანეთში და თავადაც წაყვეს... მორჩა, საკმარისია! ის მოსაზრება, რომ ავღანეთი დედამიწაზე ყველანაირი უბედურების საწყისია, არ არის სწორი...

- როგორ ფიქრობთ, რა გახდა ბოლო დროს მათი გააქტიურების საფუძველი?

- ის, რომ საერთაშორისო კონტიგენტი ძალიან დიდხანს დარჩა იქ. 2006-07 წლიდან მათი იქ ყოფნის საფუძველი არ არსებობ და ამას დასავლეთშიც ბევრი აღიარებს. გარდა ამისა, არის მეორე, ადგილობროვებისთვის ძალიან მტკივნეული ფაქტორი: - ავღანეთის სხვადასხვა პროვინციაზე შედიან უპილოტო თვითმფრინავები და მაშინ, როდესაც რომელიღაც ავღანურ სოფელში ქორწილია, ან თავშეყრის სხვა მიზეზი, იქაურობას ბომბავენ. მერე კი, ამბობენ, ჩვენ გვეგონა, რომ იქ ტერორისტი იყო და თურმე არ ყოფილაო... "დათა თუთაშხიას" ფილმის ეპიზოდია, როდესაც თუთაშხიას ეძებენ ყველგან და გარშემო ყველას აწიოკებენ... ვინმე დაფიქრებულა იმაზე, რომ ვითომდა თალიბების ძებნაში რამდენი უდანაშაულო ადამიანი იხოცება?.. იმ ადამიანებს, ვინც იმ დროს შვილები, ძმები და ოჯახის წევრები დაკარგეს, ანუგეშებთ ამერიკის თავის მართლება, იქ ტერორისტს ვეძებდითო?.. გაგიჟდებიან აბა რა იქნება და არც იმის გარჩევას დაიწყებენ, ვინ სამშვიდობოა და ვინ არასამშვიდობო. შურს იძიებს, აბა რა იქნება? მე რომ იმ ავღანელის ადგილას ვიყო, შეიძლება იგივე გავაკეთო...…მათთვის ყველა ამერიკული ჯარის წარმომადგენელია. მე, როგორც ამერიკელი, ვამბობ, რომ პირველ რიგში ამერიკის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და შემდეგ, სხვა დანარჩენისაც. ჩვენ რუსებზე გამწარებული ვართ 2008 წლის ომის გამო, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც ავღანეთში კოალიციის ჯარები აკეთებენ, რუსებს ჩვენთვის არაფერი გაუკეთებიათ, 3 დღე გვბომბავდნენ, იქ კი 12 წელია ბომბები იყრება...

- ავღანეთში მსოფლიო ტერაქტები იგეგმება ბატონო ირაკლი, ტერაქტს კი, არანაირი გამართლება არ აქვს...

- თქვენ წარმოგიდგენიათ ქვეყანა, სადაც 12 წელი ომია?.. როდესაც ადამიანი თავს იფეთქებს, გიფიქრიათ, მას როგორ უჭირს?.. ეს უკიდურესი ტრაგედიაა. ამას იქ ქალები აკეთებენ, ქალში კი, სიცოცხლის მთავარი ინსტინქტი დევს. ნუ შევხედავთ, ამას ისე, როგორც მას ბრიყვი და ნაძირალა "ნაციონალები" გვაწვდიან, მათთვის ადამიანის ცხოვრება კომპიუტერული თამაშია... ნატოში შესვლის ერთადერთ გზად შევარდნაძეც ინტერნაციონალური მოვალეობის შესრულებას მიიჩნევდა, მაგრამ გამოვიდა რამე? რურუასა და მის გარეწარ მეგობრებს ვეკითხები, რა მნიშვნელობა აქვს სად იქნება პოლიტბიურო, მოსკოვში თუ ვაშინგტონში?..

- როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ხელისუფლება რატომ იკავებს თავს ქართული კონტიგენტის გამოყვანისგან?

- მე მესმის მათი, მორალური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ... მაგრამ ჩვენი მხრიდან იქ ყოფნა, დანაშაულია. პრეზიდენტი ჩავიდა და ქართველ ჯარისკაცს ეკითხება, რამდენი თალიბი მოკალიო, - ეს საერთაშორისო დანაშაულია. და ის ერის ტრაგედია, რაც 6 ივნისს ავღანეთში მოხდა, არა მარტო სააკაშვილის ავადმყოფური გამოსვლის კი არა, იქ დახოცილი ქალებისა და ბავშვების პასუხიც არის... ერთადერთი გამოსავალი პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებაა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)