პუტინი - "ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის" - კვირის პალიტრა

პუტინი - "ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის"

"თუ ჩვენ მართლაც ვითანამშრომლებთ დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, მაშინ ეს შესაძლებელია" - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა "Russia Today"-ს ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როდის გაუქმდებოდა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან.

"ჩვენ გვსურს ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, ვიმუშავოთ მათთან ერთად, გვსურს ურთიერთობების სრული აღდგენა და ძალზე თბილად ვართ განწყობილნი საქართველოს მიმართ  - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. - ვიმეორებ: თუ შევძლებთ ამას მივაღწიოთ სამართალდაცვისა და სპეცსამსახურების სფეროში, ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ აღვადგინოთ უვიზო რეჟიმი"

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში გამუდმებით იჭრებოდნენ ტერორისტული ელემენტები. "მათ ამაში ხელს წინა ხელისუფლების სამინისტროებიც უწყობდნენ. ჩვენც ამაზე ვრეაგირებდით და ამ ბანდფორმირებებზე საპასუხო დარტყმებს ვახორციელებდით. ვისურვებდით, რომ ჩვენს ისტორიაში ეს აღარ განმეორდეს. "

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების გამო და აღნიშნა, რომ რუსეთს ესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს საქართველოსა და ქართული ეკონომიკისათვის. "ჩვენ კვლავაც ვიმოქმედებთ ამ მიმართულებით"- აღნიშნა მან. უყურადღებოდ მან არც ქართული მხარის მიერ სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დატოვა: "ჩვენ ამ ნაბიჯებს ვხედავთ და სათანადოდ ვაფასებთ კიდეც. მეტიც, ჩვენ ვპასუხობთ მათზე".