ოქტომბერი - "გეიმ ოვერ" - კვირის პალიტრა

ოქტომბერი - "გეიმ ოვერ"

მკითხველს ბოდიში უნდა მოვუხადო, თუკი დღევანდელი "პროვოკაცია" სახალისო და ირონიული ვერ იქნება. საერთოდ, "პროვოკაციასაც" ვერ დავარქმევთ ალბათ იმ თვალსაზრისით, რასაც ყოველ ხუთშაბათს გთავაზობთ ხოლმე.

დამეთანხმებით, მძიმე კვირა ჰქონდა საქართველოს ჩვენი ჟურნალის წინა ნომრის გამოსვლის შემდეგ.

ცხადია, უდიდესი დანაკლისია იმ შვიდი ჯარისკაცის დაღუპვა, პირველ რიგში, მათი ოჯახებისა და ახლობლებისათვის, მაგრამ ბოდიშს ვიხდი მათ წინაშე და მგონია, რომ ამ ამბავს მოყოლილი შედეგები იქნებ კიდევ უფრო უარესი იყოს: "პალიტრამედიის" ინტერნეტგამოცემებში (რამდენიმე საიტზე), ასევე გაზეთ "კვირის პალიტრის" მკითხველებში გამოკითხვა ჩატარდა და თითქმის 80%(!) ქართველი ავღანეთიდან ჯარისკაცების გამოყვანას ითხოვს!

ძალიან, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ. მაგრამ არა მხოლოდ ქართველი ახალგაზრდების დაღუპვით გულდაწყვეტილი, არამედ გაბრაზებულიც - როგორც ამ ყველაფრის მიზეზების, ასევე ნახსენები "80%-იანი შედეგის" გამო...

საერთოდ არ ვაპირებდი ამ მტკივნეულ თემასთან შეხებას, არც იმ მართლაც საშაყირო ამბავზე შაყირს, დღემდე რომ ვერ დაადგინეს, "იუთუბზე" განთავსებული იმ საზიზღარი ვიდეოს ავტორი და ამტვირთავი, მაგრამ ამ გამოკითხვის შედეგებმა მთლად ბოლო მომიღო: ამ 80%-ს ისეთი "სუნი უდის", რომ ნატოსთან დაკავშირებული რეფერენდუმის 70% უკვალოდ აორთქლდა და ჩემი უკუღმართ-პროვოკაციული ტვინი იმასაც კი ფიქრობს, რომ ამ 80%-დან ნახევარზე მეტი ჯიგარია და სულაც არ უნდა ქართველი ბიჭები ცხრა მთას იქით რომ იღუპებოდნენ, მაგრამ კარგა გვარიანი ნაწილი (თუ ინტუიცია არ მღალატობს, ასე, მესამედი მაინც) ხვალვე "დურთავდა" თავს "სესერეკაში", ამის რეალობა რომ დადგეს (ე.წ. "რუსეთის ორბიტაზე" აღარაფერს ვამბობ - მაგის მნატვრელები უკვე აღარც ინიღბებიან).

ჰოდა, ის ბიჭები ყველაზე საცოდავები მაშინ იქნებიან, თუ მათი სისხლი აღმოჩნდება ამაოდ დაღვრილი - ანუ მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცებს აქ იმ დღესვე აეტეხათ ქოთქოთი და ვიშვიში: არ გვეშვება, ძმაო, ეს რუსეთი და ხომ არ შევაკლავთ თავს, რაღაცნაირად დავუთმოთ უნდა და ჭკვიანად ვიმოქმედოთო.

200 წელზე მეტია, "ჭკვიანად ვმოქმედებთ" და ის მივიღეთ, რაც მივიღეთ: ხუთიოდე დღის შუალედში შვიდი ჯარისკაცის სიკვდილი, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების პირველი "მერცხლები" და ამით გახარებული ერი (კიდევ კარგი, ოფიციალურად გლოვის დღე იყო, თორემ ალბათ რამე საზეიმო კონცერტს ჩაატარებდნენ - თითქოს რომელიმე რიგით მოქალაქემდე რაიმე სახით აღწევდეს ის სარგებელი, რასაც მწარმოებელი კომპანიები მიიღებენ).

გლოვას რაც შეეხება, ეგეც ხომ "განსაკუთრებული" ვიცით ქართველებმა და ახლაც ასე იყო: ჯერ იყო და, როგორც წესი და რიგია, დროშები დავუშვით მთელ ქვეყანაში და სამების ტაძარში მისულმა ადამიანებმაც მართლაც გულწრფელი ცრემლი გააყოლეს დაღუპულებს; ტელევიზიებიც "ჭკვიანად იქცეოდნენ" (მხოლოდ ერთი მათგანი მიხვდა ცოტა გვიან და სატინგიცო ტოქშოუს შუაზე შეწყვეტა მოუხდა), მაგრამ ვიღაც იდიოტებს (ძალიან გთხოვთ, ვინმემ ანახვეთ ეს ჟურნალი, რომ წაიკითხონ და გაიგონ, რასაც ვუწოდებ) ამან სულაც არ შეუშალა ხელი, რომ მთაწმინდის პარკში ე.წ. ივენთი მოეწყო - გუგუნით, ხალისობით და უცხოეთიდან მოწვეული დიჯეებით (მიზეზადაც ეს მოიტანეს: უცხოელებისთვის როგორ აგვეხსნაო?!)

და გამახსენდა! უფრო სწორად, მივხვდი! ეს არის მთავარი - უცხოელებს როგორ ავუხსნათ! ავღანეთში იმიტომ ვართ, რომ ნატოში მოეწონებათ! ონიშჩენკოს უზრდელობებზე მთავრობამ ბოდიში უნდა მოიხადოს იმიტომ, რომ რუსეთში მოეწონებათ! პარლამენტართა 80% (ჰმ, ისევ 80%), ნამდვილად ვიცი, ამართლებს "ტაბურეტკით დარბევებს", მაგრამ სიტყვით სხვას ამბობს, იმიტომ, რომ ევროკავშირში მოეწონებათ! და ა.შ. და ა.შ.

დღეს რომ "კვირის პალიტრის" საიტზე შიმშილისგან დაღუპული, 4 წლის კიდევ ერთი ბავშვის ამბავია მოთხრობილი - ეს მოეწონებათ ევროკავშირში?! იმავე გაზეთში რომ მოგონილი კი არა, დაღუპული ბიჭების ოჯახის წევრების ინტერვიუებია გამოქვეყნებული - ჩემი ძმა (ქმარი, შვილი) იმიტომ წავიდა ავღანეთში, რომ შვილისთვის პურის, ხოლო დედისთვის წამლის ფული არ ჰქონდაო, - ეს მოეწონებათ ნატოში?!

არ ვიცი... არეულად ვწერ... ჩინეთი არ ვართ ჩვენ - 50 მუნიციპალიტეტად დაყოფილი, ერთი ციცქნა ქვეყანა ვართ, სადაც ერთი ბრძანებით ერთ კვირაში შეიძლება, პრემიერს მაგიდაზე ედოს სრული სია (მაქსიმუმ 3, ჰა-ჰა - 5 ათასი იყოს) ისეთი ოჯახისა, სადაც კიდევ შეიძლება, ეს საშინელება მოხდეს - კიდევ ერთი ბავშვი მოკვდეს ამ ქვეყანაში შიმშილით (შიმშილით!!!) და თუ ეს საშინელება მართლა გამეორდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავ!

P.S. ის კიდევ, სულ გაგიჟდა, მგონი (იცით, ვისზეც ვამბობ): ახალი გასართობი მოიგონა - უშიშროების საბჭოს სხდომა! ჯერ სულ არ ახსოვდა, ახლა კვირაში ორჯერ იწვევს!.. მაშინვე მივხვდი, რითი ერთობა: უხარია, მის დაძახილზე ივანიშვილის "სასტავის" ზოგიერთი წევრი მაინც რომ მოდის ხოლმე.

ოღონდ, როგორც კომპიუტერულ თამაშებშია, ოქტომბრამდე თუკი ბოლო "ლეველს" არ გადალახავს (ე.ი. თუკი ივანიშვილს ვერ მიიყვანს), ამ გართობას არ შეეშვება.