"კაცი ჭკუაზე ვეღარ იყო, ვერაფერს ჭამდა და სიარული არ შეეძლო... სუბარმა კი თავი არ შეიწუხა." - კვირის პალიტრა

"კაცი ჭკუაზე ვეღარ იყო, ვერაფერს ჭამდა და სიარული არ შეეძლო... სუბარმა კი თავი არ შეიწუხა."

"გლდანის #8 საპყრობილეში პატიმრები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან, უამრავი მათგანი იტანჯება... ჩემს ძმას ვეღარაფერს ვუშველი, იქნებ სხვები მაინც გადავარჩინოთ", - ამბობს ხონის სამკურნალო დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის, 35 წლის დავით ჭელიძის და, თეა ჭელიძე და ირწმუნება, რომ მისი ძმა ერთადერთი არ არის, რომელიც ციხის ექიმების უყურადღებობის გამო სიკვდილის პირას მივიდა.

- თეა, გლდანის ციხის ადმინისტრაციას კონკრეტულად რაში ადანაშაულებთ?

- ჩემი ძმა მძიმე ავადმყოფი იყო. ტუბერკულოზითა და კუჭის ტკივილით იტანჯებოდა, ერთი წლის განმავლობაში საჭმელი არ უჭამია. ერთი ლუკმაც რომ შეეჭამა, ყველაფერი უკან ამოჰქონდა. მხოლოდ თაფლსა და ხილზე იყო. ასეთი მძიმე ავადმყოფი ბადრაგის მანქანით ხონში, ნანეიშვილის სახელობის ხონი - ქუტირის ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილებაში გადაიყვანეს და გამოკვლევების ჩატარება დაუწყეს.

- რატომ, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა?

- კი, ფსიქიკური პრობლემები შიგადაშიგ აწუხებდა, მაგრამ რა დროს ეს იყო, როდესაც ადამიანს კუჭ-ნაწლავი - საშინელ დღეში, ტუბერკულოზი კი რთულ ფორმებში ჰქონდა? ძალიან ბევრი წერილი და განცხადება მივწერეთ სოზარ სუბარს. მისი მოადგილე ნათია ლანდიაც არაერთხელ შევაწუხეთ, მაგრამ თვითონ არც ერთმა არ შეიწუხა თავი. წარმოგიდგენიათ? კაცი ჭკუაზე ვეღარ იყო, ერთი წელი ვერაფერს ჭამდა და სიარული არ შეეძლო... მინისტრმა კი ერთი ციხიდან უარესში გადაისროლა და ამით მოიშორა თავიდან. არ იცით, როგორ ვთხოვდით, რომ დაგვხმარებოდა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პატიმარი ქსნის ან ხუდადოვის კლინიკაში გადაეყვანათ. ხონში არანაირი პირობა არ არის შექმნილი მძიმე ავადმყოფებისთვის. ჩემი ძმის სიკვდილი იმანაც დააჩქარა, რომ უმძიმესი ავადმყოფი ბადრაგის მანქანით გადაიყვანეს. კაცს სიარულის თავი არ ჰქონდა, 8 თვის უნახავი მყავდა, მაგრამ უარი თქვა ჩემთან შეხვედრაზე. რატომ, იცით? დამოუკიდებლად საწოლიდან ადგომა და საკნიდან გამოსვლა არ შეეძლო. ორი კაცი უნდა მოხმარებოდა, ნაბიჯი რომ გადაედგა.

- ციხის ადმინისტრაციამ რით ახსნა მისი ხონში გადაყვანა?

- გვითხრეს, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდაო. არადა, ხონში ფსიქიატრი წამლებს არ აძლევდა. გვითხრა, სამი დღე ნორმალური, ჯანმრთელი ადამიანი რომ აშიმშილო, მისი ტვინი გამოიფიტება, ამ კაცს ერთი წელი საჭმელი არ უჭამია, რა გავიგო, რა სჭირს, დიაგნოზი როგორ დავუსვაო. თუ მართლა ადარდებდათ ჩემი ძმის მდგომარეობა, ჯერ მის ფიზიკურ გამოჯანმრთელებაზე ეზრუნათ და მერე ეფიქრათ ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე.

- თქვენი ძმა ციხეში დაავადდა?

- კი, ჩემი ძმა ციხეში ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელი შევიდა, რაჭის ჰაერზე გაზრდილი ბიჭი იყო. თუმცა, ფსიქოლოგიური პრობლემა მართლა ჰქონდა. ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს. მაშინ მოგეხსენებათ, რა დრო იყო და მისი ციხიდან დახსნა ფულით მოვახერხეთ, მაგრამ მანამდე პოლიციამ სასტიკად ცემა და ფსიქოლოგიური პრობლემაც მაშინ შეექმნა. საბრალო ისეთი ნაცემი იყო, მე და ჩემი და ვეღარ გვიცნო. ვერც მოგვიანებით აღიდგინა ჩვენი ვინაობა, ფაქტობრივად თავიდან გაგვიცნო. მერე სამყაროს შვილებს გვეძახდა...

- ციხეში მეორედ რის გამო მოხვდა?

- აღელვების ნიადაგზე კაცი მოკლა. მაშინ მისი ფსიქოლოგიური პრობლემები არ გაითვალისწინეს... ჯერ რუსთავის საპყრობილეში იჯდა, გლდანში მოგვიანებით გადაიყვანეს. სწორედ იქ დაიწყო მისი წამება.

- რას გულისხმობთ, სცემდნენ?

- ცემასა და შეურაცხყოფაზე აღარაფერს ვამბობ, მაგას ვინღა ჩივის. ჩვენი სატკივარი ის არის, რომ მძიმედ დასნეულებულს უდიერად ეპყრობოდნენ და არ მკურნალობდნენ. სიმართლე რომ გითხრათ, ერთხანს ტუბერკულოზზე დაუწყეს მკურნალობა და მცირე შედეგიც გამოიღო, მაგრამ მერე შეუწყვიტეს. რამდენი ვეხვეწეთ, რომ მისთვის სათანადოდ ემკურნალათ, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ხონში მაინც არ გადაეყვანათ და ამით მაინც არ დაეჩქარებინათ მისი სიკვდილი, ისედაც დათვლილი ჰქონდა დღეები.

- როგორ ფიქრობთ, რა იყო მისი ხონში გადაყვანის რეალური მიზეზი?

- გლდანის #8 საპყრობილეში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის უცხოელები ხშირად შედიან. ამიტომ ასეთი მძიმე ავადმყოფის იქ ყოფნა არავის აწყობდა. უბრალოდ, მოიშორეს ჩემი ძმა...

- ჩივილს აპირებთ?

- არა, ამით ჩემს ძმას მაინც ვეღარაფერს ვუშველით. უბრალოდ გვინდა, საზოგადოებას გავაგებინოთ, რა ხდება რეალურად ციხეებში. იქნებ სხვებს მაინც მიაქციონ ყურადღება, იქნებ ჩემი ძმის მაგალითმა სხვა დაავადებული პატიმრების სიცოხლე იხსნას.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)