სტადიონი, როგორც ბრძოლის ველი - კვირის პალიტრა

სტადიონი, როგორც ბრძოლის ველი

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სპორტს შეუძლია კაცობრიობა ომებისგან იხსნას... შორეულ მომავალში მაინც. ფანტასტიკაა, მაგრამ წუთით დავუშვათ, რა კარგი იქნებოდა, დაპირისპირებული სახელმწიფოები უარს რომ ამბობდნენ იარაღის გამოყენებასა და სისხლის ღვრაზე და ურთიერთობას, ვთქვათ, საფეხბურთო მოედანზე გამართული მატჩით არკვევდნენ...

სინამდვილეს დავუბრუნდეთ. არავინ დაობს, რომ სპორტს დედამიწაზე მშვიდობისა და ჰუმანიზმის დამკვიდრებაში უდიდესი მისია აკისრია, მაგრამ თურმე სპორტიც შეიძლება, უბედურებისა და დიდი მსხვერპლის მომტანიც კი აღმოჩნდეს.

მაგალითად, 2012 წლის 1-ელ თებერვალს, ეგვიპტის ქალაქ პორტ-საიდში საფეხბურთო მოედანზე მეტოქე გუნდების გულშემატკივართა შორის მომხდარმა არეულობამ 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათასზე მეტი კი დაშავდა. სამწუხაროდ, ეს არც პირველი და ალბათ, არც უკანასკნელი შემთხვევაა, როცა სპორტული ღონისძიება ტრაგედიის მიზეზი ხდება.

ქვემოთ მსოფლიოს სტადიონებზე სხვადასხვა დროს მომხდარ უბედურ შემთხვევებს გავიხსენებთ, რაც უპირველესად, ისტორიული გაკვეთილი უნდა იყოს როგორც გულშემატკივრების, ისე ღონისძიების ორგანიზატორთათვის, რათა მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდეს.

გლაზგო

გასულ საუკუნეში გლაზგოს სტადიონი "აიბროქსი" უბედურების მომსწრე რამდენჯერმე გახდა. პირველად ტრაგედია იქ ჯერ კიდევ 1902 წლის 5 აპრილს დატრიალდა, როცა ინგლისისა და შოტლანდიის გუნდების თამაშის დროს ერთ-ერთმა ტრიბუნამ, რომელიც ხისგან იყო დამზადებული, გულშემატკივრების სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩაიქცა. 12 მეტრი სიმაღლიდან ვარდნის გამო 25 კაცი დაიღუპა, ხუთასზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

გაცილებით საზარელი ტრაგედია "აიბროქზე" მოგვიანებით, 1971 წლის 2 იანვარს დატრიალდა, როდესაც 80 ათასამდე ქომაგის თანხლებით ქვეყნის უმთავრესი დერბი - "რეინჯერსისა" და "სელტიკის" დაპირისპირება მიმდინარეობდა.

მსაჯის საფინალო სასტვენამდე ბევრი აღარაფერი რჩებოდა, "სელტიკი" ანგარიშით 1:0-ს იგებდა და თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. "რეინჯერსის" ნირწამხდარი გულშემატკივრები ადგილებიდან დაიძრნენ და გასასვლელებისკენ გაემართნენ... და სწორედ მაშინ "რეინჯერმა" კოლინ სტეინმა გოლი შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ჯობდა, ეს არ ექნა!

გასასვლელისკენ მიმავალმა გულშემატკივრებმა სასწრაფოდ თავ-თავიანთ ადგილებზე დაბრუნება დაიწყეს. თუმცა აქ სიტყვა დაბრუნება არ ასახავს მომხდარს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ხალხი ერთმანეთის თავებზე გადადიოდა. მასობრივ ჭყლეტას 66 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

სხვათა შორის, ის ავადსახსენებელი მატჩი მოგვიანებით "მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა თავის ავტობიოგრაფიაში გაიხსენა. თურმე მაშინ მაყურებელთა შორის მისი ძმა მარტინიც ყოფილა, რომლის ბედის შესახებ ოჯახში კარგა ხანს არაფერი იცოდნენ... საბედნიეროდ, მარტინი შინ საღ-სალამათი დაბრუნდა, თუმცა რის გადატანა მოუხდებოდათ ალექსსა და მის მშობლებს, ადვილი წარმოსადგენია.

ათენი

1981 წლის თებერვალში ტრაგედიით დასრულდა საბერძნეთის ჩემპიონატის მატჩი "ოლიმპიაკოსსა" და აეკ-ს შორის. მასპინძელთა ფენომენური, ამ დონის დაპირისპირებისთვის უჩვეულო ანგარიშით 6:0 გამარჯვების სიხარული გუნდს 21 გულშემატკივრის დაღუპვამ ჩაამწარა, თანაც, მათი უმეტესობა მოზარდი იყო.

მომხდართან დაკავშირებით დღემდე რამდენიმე ვერსიას ასახელებენ, ინციდენტის ოფიციალურ მიზეზად კი სტადიონ "კარაისკაკისის" ერთ-ერთი სექტორის გასასვლელში სანახევროდ გაღებული კარი სახელდება, რის გამოც მაყურებლები მესერს მიაწყდნენ, უკნიდან მოწოლილმა ადამიანთა ტალღამ კი წინა რიგში მყოფნი "გასრისა" - 19 ადგილზე დაიღუპა, ორი კი მიღებული ტრავმებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოსკოვი

ბერძნული ტრაგედიიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე, "ვეჩერნაია მოსკვაში" დაიბეჭდა: "გუშინ "ლუჟნიკებზე" საფეხბურთო მატჩის შემდეგ უბედური შემთხვევა მოხდა. გულშემატკივართა შორის არიან დაზარალებულნი".

ეს მწირი ინფორმაცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდ მოედანზე 1982 წლის 20 ოქტომბერს დატრიალებულ საზარელ ამბებს "ასახავდა". ფაქტების მიჩქმალვა იმ ეპოქისთვის ხომ ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ - "ზემოდან" იყო ნაბრძანები.

ტრაგედიას დიდი ხნის განმავლობაში არ ახმაურებდნენ და მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გაჩნდა პრესაში პირველი ცნობები საბჭოთა (რუსული) და ამასთან, ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საზარელი ეპიზოდის შესახებ.

იმ კოშმარულ საღამოს, ლენინის სახელობის სტადიონიდან ზუსტად რამდენი კაცი ვერ დაბრუნდა შინ, აქამდე უცნობია. ოფიციალური და არაოფიციალური წყაროები ერთმანეთისგან დიდად განსხვავებულ ციფრებს - 66-სა და 340(!) დაღუპულს ასახელებენ. ბოლომდე დადგენილი არც ტრაგედიის ნამდვილი მიზეზია.

დამკვიდრებული ვერსიით, "ლუჟნიკებზე" გამართულ უეფას თასის მატჩში უბედურება სპარტაკელთა მიერ ჰოლანდიური "ჰარლემის" კარში გატანილი მეორე გოლის შემდეგ დატრიალდა. ეტყობა, მაყურებლებმა, რომლებიც უკვე შინ წასვლას ეშურებოდნენ, უკან, ტრიბუნებზე იწყეს დაბრუნება. შედეგად ხალხის ორი ნაკადი ერთმანეთს კიბეზე შეეფეთა.

არის მეორე ვერსიაც, რომლის თანახმად, მილიციამ შეგნებულად, სანახევროდ დაკეტა სტადიონის ჭიშკარი, რათა ხალხის მასიდან წესრიგის რამდენიმე დამრღვევი გამოერჩია. შედეგად, მაყურებელთა ტალღა ღობეს მიაწყდა და მასობრივ ჭყლეტას მსხვერპლი მოჰყვა.

ასე იყო თუ ისე, ტრაგედიის გამო პასუხი მხოლოდ ერთმა პერსონამ - "ლუჟნიკების" კომენდანტმა აგო, რომელმაც "სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გულგრილობისთვის" კოლონიაში წელიწად-ნახევარი გაატარა.

ბრედფორდი

იმ დღეს, 1985 წლის 11 მაისს, ბრედფორდს, ინგლისის მესამე დივიზიონში მოთამაშე ამავე სახელწოდების კლუბის გამარჯვება უნდა ეზეიმა, მაგრამ საფეხბურთო დღესასწაულს ვინღა ჩიოდა, ქალაქში გლოვის ზარებს შემოჰკრეს.

გულშემატკივრებით გავსებული ადგილობრივი სტადიონი, სადაც "ბრედფორდი" "ლინკოლნს" ეთამაშებდა, ცეცხლის ალში გაეხვია. ტრიბუნებზე გაჩენილი ხანძრის მიზეზი, შესაძლოა, სულაც ჩაუმქრალი სიგარეტი გამხდარიყო, რადგან არენა მეტწილად ხისა გახლდათ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ცეცხლმა 56 გულშემატკივრის სიცოცხლე იმსხვერპლა, 265-მა კი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო.

ბრიუსელი

დრამა "ეიზელის" სტადიონზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საფეხბურთო კატასტროფათა ისტორიაში. ეს ალბათ იმანაც განაპირობა, რომ მომხდარი თვით ჩემპიონთა თასის ფინალურ შეხვედრას უკავშირდება, რომელიც 1985 წლის 29 მაისს, ბელგიაში გაიმართა.

მეტოქე გუნდების, ტურინის "იუვენტუსისა" და "ლივერპულის" გულშემატკივრებს შორის კინკლაობა თამაშამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, მატჩის დროს კი ეს ყველაფერი უკვე ნამდვილ ომში გადაიზარდა. საბედისწერო შეცდომა ბელგიელმა პოლიციელებმა მაშინ დაუშვეს, როდესაც ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ გულშემატკივართა სექტორებს შორის "ბუფერული ზონა" არ დატოვეს. ბრიტანელთა ზეწოლის შედეგად იტალიელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნის ზედა იარუსიდან ქვედაზე იწყეს ჩანაცვლება, კონსტრუქციამ კი სიმძიმის მატებას ვერ გაუძლო და ჩაიქცა.

"ეიზელის" ნანგრევებში 39 კაცი დაიღუპა, მათ შორის 32 იტალიელი გულშემატკივარი. კიდევ 600-მა კაცმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

"ლივერპულის" ვაიგულშემატკივართა ცოდვა მთელმა ინგლისმა ზღო - უეფას გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნის კლუბებს დანარჩენი მსოფლიოსგან ხუთი წლით იზოლირება მიესაჯათ. ამასთან, მთავარმა დამნაშავე მერსაიდელებმა დამატებით კიდევ სამწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს, თუმცა სასჯელი ბოლომდე არ მოუხდიათ - მათ ამნისტია გამოუცხადეს.

შეფილდი

ამჯერადაც "ლივერპული" და კვლავაც უბედურება...

1989 წლის აპრილში, ამ სახელოვანი გუნდის შეფილდში ვიზიტს "ნოტინგემ ფორესტთან" სათამაშოდ ქალაქში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ბილეთებზე მოთხოვნამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა "ჰილსბოროს" არენაზე არსებულ ადგილებს. სათასო შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტადიონის მისადგომებთან უბილეთო გულშემატკივართა მრავალათასიანი არმია შეიკრიბა, მდგომარეობის განსამუხტავად კი ადგილობრივმა პოლიციამ განუზომლად ბრიყვული გადაწყვეტილება მიიღო - გამორთო ტურნიკეტები და კარები გახსნა.

ცხადია, ბრბომაც იხუვლა და სტადიონზე შედინება იწყო ისე, რომ გზადაგზა ყველაფერს თელავდა. არენის შიგნით, წინა რიგებში მყოფებს მთლიან პერიმეტრზე რკინის მესერი ეღობებოდათ, რომლებსაც უკნიდან ხალხის ტალღა აწვებოდა. ამჯერადაც ჭყლეტა...

ინციდენტის შედეგი: 96 გარდაცვლილი, 766 დაშავებული. სხვათა შორის, "ჰილსბოროს" მსხვერპლთაგან ასაკით ყველაზე პატარა 10 წლის ბიჭუნა ჟან-პოლი იყო, "ლივერპულის" ამჟამინდელი კაპიტნის, სტივენ ჯერარდის ბიძაშვილი...

ბასტია

მსგავსი შემთხვევა მოხდა კორსიკაზე 1992 წლის მაისში, ასევე სათასო პაექრობისას. საფრანგეთისა და ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის, "მარსელის" თამაშის ხილვა სტადიონ "არმან სესარზე" იმაზე ბევრად მეტმა ფეხბურთის მოყვარულმა მოინდომა, ვიდრე ტრიბუნები დაიტევდა. უბილეთო გულშემატკივრებმა სხვადასხვა გზით სტადიონზე შეღწევა მაინც შეძლეს, ტრიბუნამ კი სიმძიმეს ვერ გაუძლო.

სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად დაღუპულთა რაოდენობა 18-ს შეადგენდა, თუმცა დაშავებულთა რიცხვი იყო არაპროპორციულად დიდი – სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებათა გამო სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია 2300(!) მაყურებელს დასჭირდა.

აკრა

მსგავსი შემთხვევები აფრიკაშიც არაერთგზის მომხდარა. მათგან ყველაზე ფართომასშტაბიანი 2001 წლის 9 მაისით თარიღდება.

ტრაგედია განის ორი ყველაზე პოპულარული გუნდის – "აკრა ჰარტსისა" და "ასტანტე კოტოკოს" დაპირისპირებისას დატრიალდა. მასპინძლები ანგარიშით 2:1 იგებდნენ, სტუმარი გუნდის გაბოროტებულმა გულშემატკივრებმა კი მოედანზე პლასტმასის ბოთლებისა და სავარძლების სროლას მიჰყვეს ხელი. წესრიგის დამრღვევთა "დასაშოშმინებლად" პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაიწყო, რასაც პანიკა მოჰყვა. ხალხი სტადიონის გასასვლელს მიაწყდა, კარი კი აქაც დაკეტილი აღმოჩნდა.

ჭყლეტამ 127 კაცის სიცოცხლე შეიწირა. საგულისხმოა, რომ მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, დაზარალებულთა დასახმარებლად ადგილზე მედიკოსები დროულად რომ მისულიყვნენ. თურმე ყველა მორიგე "სასწრაფომ" სტადიონის ტერიტორია ნაადრევად იმ იმედით დატოვა, რომ მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა და იქ აღარაფერი ესაქმებოდათ...

იმავე მიზეზით 1988 წლის გაზაფხულზე კატმანდუში 93 გულშემატკივარი დაიღუპა, ოღონდ იქ მაყურებლები გაქცევას არა სამართალდამცავებისგან, არამედ კოკისპირული წვიმისგან ეშურებოდნენ, სტადიონიდან გასასვლელი რვა კარიდან ღია კი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.

გელა უშარიძე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”