"ჯერ ოთარი წავიდა, შემდეგ გიგა... თაობა მიდის"
86 წლის ასაკში რეჟისორი, შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავჯდომარე - გიგა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა... გიგა ლორთქიფანიძის ყველაზე ახლო მეგობრებმა გიგა ლორთქიფანიძეზე სამწუხაროდ უკვე წარსულში ისაუბრეს...
თენგიზ არჩვაძე:
- პირველივე კურსიდან, პირველივე ნაბიჯიდან ინსტიტუტიდან ნაცნობობა შედგა ჩვენი და მერე მთელი ამ ხნის მანძილზე რაც ფილმები გადაუღია გიგა ლორთქიფანიძეს, ყველგან მე მიმიწვია და მეც სიხარულითა და სიამაყით ვმონაწილეობდი მის ფილმებში... რაც შეეხება "დათა თუთაშხიას", არის თუ არა შედევრი, ეს მაყურებელმა უკვე გადაწყვიტა. მე ვერაფერს ვიტყვი, რადგან თავად გახლავართ მონაწილე ამ ყველაფრისა და საკუთარი თავის ქებას ხომ არ დავიწყებ?!.. დიდი ტკივილია, ბატონო... მე სიტყვაძუნწი კაცი გახლავართ... იმიტომ კი არა რომ ლაპარაკი არ ვიცი, უბრალოდ მართლა ძალიან მტკივა... ვიცოდი რომ ცუდად იყო და სამწუხაროდ ვერ მოვინახულე ავადმყოფობის დროს, რადგან მეც ძალიან ცუდად ვიყავი. ახლა კი გული მეთანაღრება... მეც ასაკოვანი კაცი ვარ და ძალიან მიმძიმს იმის ყურება, როგორ მიდიან ჩვენი თაობის საუკეთესო წარმომადგენლები იმ ქვეყნად...
მერაბ კოკოჩაშვილი:
- გიგა ვაჟკაცი ადამიანი იყო, მებრძოლი, უკან დახევა არ სჩვეოდა, წინ მიდიოდა ყოველთვის როგორც შემოქმედებაში, ისე ცხოვრებაში... იგი იყო ჩვენი პირველი დამნახავი სისუსტის და კარგის მთქმელი წარმატების დროს... არასოდეს დამავიწყდება, რამდენი მკოცნა "დიდი მწვანე ველი" რომ ნახა... თავად იყო ძალიან არტისტული პიროვნება, არაჩვეულებრივად მღეროდა, უკრავდა... "დათა თუთაშხია" ხომ ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულია ფილმია ქართულ კინოში. არ შემიძლია ვახსენო არაჩვეულებრივი მსახიობი - ოთარ მეღვინეთუხუცესი... ჯერ ოთარი წავიდა, შემდეგ გიგა... ისინი თავიანთი თაობის საუკეთესო წარმომადგენლები გახლდნენ.
გიორი შენგელაია:
-უზარმაზარი დანაკლისია... შედევრი, რომელიც გიგა ლორთქიფანიძემ შექმნა, (ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხიას" ვგულისხობ) უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენაა ქართულ კინემატოგრაფიაში. უმაღლესი დონის ფილმი დაგვიტოვა. რასაკვირველია, ოთარ მეღვინეთუხუცესის დამსახურებაც დიდი იყო, რომელიც ასევე სულ ახლახან გამოგვეცალა ხელიდან. ძალზედ სამწუხაროა ასეთი თაობა რომ მიდის. რეჟისორობისა და ხელოვანობის გარდა, გიგა მამულიშვილიც იყო: ყოველთვის აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ყველაფერს ეხმაურებოდა, ყველა მოვლენას. ქვეყნის ბედი რომ განსაკუთრებულად აწუხებდა, მის სპექტაკლებშიც ჩანს. მკვეთრად ემოციური პიროვნება იყო, სულის სიღრმემდე განიცდიდა ყველაფერს... ღმერთმა აცხონოს! …
ლანა ღოღობერიძე:
" გიგა განსაკუთრებული პიროვნება იყო, ინდივიდუალური, უზომოდ ნიჭიერი, ინტერესით სავსე ცხოვრების მიმართ... არაჩვეულებრივი მთხრობელი, რომელიც ისე ყვებოდა ისტორიებს, რომ თან უნდა გეცინა და თან დაფიქრებულიყავი... განსაკუთრებული იყო მისი და ნოდარ დუმბაძის მეგობრობა. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს სწორედ გიგამ შეასხა ხორცი, გადაიტანა რა სპექტაკლებად... მინდა ჩემგან დაწეროთ, რომ გიგა ლორთქიფანიძე სრულიად არავის არ ჰგავდა! იყო გამორჩეული და ხალასი იუმორით სავსე. თავის თავზეც კი (ფეხზე რაც სჭირდა) ისე ხუმრობდა, თითქოს ეს არ იყო მისთვის მართლაც დიდი ტკივილი მთელი ცხოვრების მანძილზე. მახსოვს ყვებოდა, ნოდარ დუმბაძემ მითხრა, საცალფეხო გზა გვაქვს გასავლელი და შენთვის არის ზედგამოჭრილიო... ნოდარიც და გიგაც ასე ამასხარავებდნენ ამ ამბავს... მეტის თქმა ძალიან მიჭირს, იმდენად დიდი ტკივილია ჩემთვის რაც მოხდა...
ამირან შალიკაშვილი:
"მუხა წაიქცა ქართული თეატრისა და კინოსი. ჩვენ გამოგვეცალა დიდი მოღვაწე, დიდი მხარდამჭერი და საოცარი პიროვნება... ბოლო დროს განსაკუთრებულად დავახლოვდით. ჩემს მიერ დადგმული სპექტაკლი "ქრისტე" რომ ნახა, გარეთ ჩამოჯდა, დამიძახა და მეუბნებოდა რას შვები შენ, ბიჭო, ყოჩაღ რაებს ქმნიო... თან მიღიმოდა და საოცრად მეფერებოდა... ცნობილია გიგას და ნოდარ დუმბაძის მეგობრობაზე. ნოდარ დუმბაძის სიკვდილის წინ მათ ერთად იმღერეს საავადმყოფოში.ისინი შემოქმედებამ დაამეგობრა. ბრწყინვალე სპექტაკლები დადგა გიგამ ნოდარის ნაწარმოებებზე. 400 ანშლაგი მოხსნა მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლმა "მე ბებია, ილიკო და ილარიონმა"... ეს არნახული შემთხვევა იყო ქართულ თეატრში... არ ვიცი რა შეავსებს ჩემი და ქართველი ერის ტკივილს და ტრაგედიას.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)