ორლეანელი ქალწული - საბედისწერო წუთები
ეძღვნება ჟანა დ"არკს
მეომრები გაშმაგებით მიიწევენ წინ. აი, კიბეები მიადგეს კედლებს, სწრაფად არბიან გალავანზე და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ერთვებიან. ქვის ყუმბარები გრუხუნით ეჯახებიან ორლეანის დიდებულ კოშკებს, მაგრამ ამაოა ყველა მცდელობა. ინგლისელ მშვილდოსანთა ისრები მიზანს სულ უფრო ხშირად აღწევს. ფრანგები ტრებუშეტებს მოაგორებენ, ორლეანი ცეცხლის ალშია გახვეული. მტერი მედგრად იბრძვის, ქალაქი არ ნებდება. პარიზელ მოქალაქეთა რაზმი საალყო კოშკს მიაგორებს, ბევრი მათგანი დაეცა გზად, სხვები შედრკნენ, ზურგი უჩვენეს მტერს, ინგლისელებმა ცხელი კუპრი გადაასხეს ახლოს მოსულ მოწინააღმდეგეს. ორთქლი ავარდა და განწირულთა კვნესამ შეძრა ამ საშინელების მომსწრე ფრანგ გლეხთა გულები, რომლებიც მაღალ ხეებზე შემომსხდრები უყურებდნენ თანამემამულეთა გმირულ იერიშს ორლეანის მძლავრ ციხეზე. ბრძოლაში ახალი შენაერთები ჩაერთნენ. მათ მსუბუქ საჭურველში ჩამჯდარი ახალგაზრდა მიუძღვით. ღმერთო, ეს გოგონაა! მან მუზარადი მოიხადა, გრძელი, ქერა თმა მხრებზე გადაეფინა, ქარმა გაუწეწა. მახვილი ამოაგო ქარქაშიდან. - Vive le France! Vive le Roy! - გაუმარჯოს საფრანგეთს, გაუმარჯოს მეფეს! - აღფრთოვანებული ჯარისკაცები თავზეხელაღებულ სარდალს მიჰყვნენ. ისრები ზუზუნით წამოვიდა, გოგონას გვერდით მომავალი სამი მებრძოლი სასიკვდილოდ დაიჭრა, მაგრამ ის არ შეეპუა. კვლავ განაგრძობს გალავანზე ასვლას, უკნიდან ფრანგი მსროლელები მიეშველნენ, ორ ინგლისელს, რომელთაც დიდი ქვის დაგორება განეზრახათ, ისრები მოხვდათ და ქონგურებიდან გადაეკიდნენ. აი, ქალწული კედელზე დგას, საფრანგეთის ლურჯი დროშა მიაწოდეს მეომრებმა, ამ დროს ინგლისურმა ისარმა გაუარა მხარში მამაც გოგონას, ვაჟკაცურად აიტანა, არ დაუკივლია, მუხლზე დაიჩოქა, მაინც არ წაიქცა, დროშა თანამებრძოლებს გადააწოდა, რომელთაც კოშკზე ამაყად ააფრიალეს ლაჟვარდოვანი ბაირაღი მეფისა და ქვეყნის სადიდებლად. ყველა გოგონას დაესია, ის ცოცხალი იყო, სასიკვდილო ჭრილობა არ ჰქონდა, მაინც ბევრ სისხლს ჰკარგავდა, მისი სუსტი, ნაზი სხეული ვერ ეგუებოდა მომხდურის ვერაგი ხელით ნასროლ ისარს.
- ჟანა როგორ არის? - იკითხა დოფინმა (საფრანგეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის ტიტული).
- დაჭრილია, მაგრამ გადარჩება...
- ღმერთო, ეს საოცრებაა! ჩვიდმეტი წლის ქალწულმა აიღო ორლეანი, ეს უფლის ნიშანია! - ჩაილაპარაკა დოფინმა.
- ან ეშმაკის... - ჩუმად დაამატა კარდინალმა
- ეშმაკის? როგორ, ეშმაკი უმწიკვლო ახალგაზრდა გოგონაში?! იგი თავს უფლის გამოგზავნილად აცხადებს და ასრულებს კიდეც იმას, რასაც გვპირდება. და თუ მას ღმერთმა არ ჩაუნერგა ეს ძალა, გონება და გამძლეობა, მაშინ ვინ?! არა, იგი ნამდვილად მხსნელია საფრანგეთის!
- ან დამღუპველი! - ჩაილაპარაკა გესლიანად კარდინალმა, - იგი ნამდვილად ეშმაკის გაწაფულია, ჯადოქარი და მჩხიბავი, დოფინო! აჯობებს მოვიშოროთ თავიდან, სანამ ჩვენი სამეფო დაუღუპავს! - ხმას აუწია კარდინალმა.
დოფინმა უპასუხოდ, ნელი ნაბიჯით დატოვა დარბაზი. თავში ათასი რამ უტრიალებდა. ჟანამ აღაფრთოვანა და ამის დაფარვას არც ცდილობდა. ამ გოგონამ ხომ მართლაც დაამტკიცა თავისი სიმართლე, მან ორლეანი აიღო! - მაგრამ... ეკლესიასთან დაპირისპირება ამ უმძიმეს ვითარებაში? კიდევ ერთი მაგრამ...
* * *
- თავს ცნობ ჯადოქრად, კუდიანად და ეშმაკის მსახურად? - გაუმეორა ქალწულს ბურგუნდიელმა კარდინალმა, - აღიარე დანაშაული, შვილო ჩემო, და უფალი მოგიტევებს.
- ღმერთმა იცის, რომ მე მისი მხევალი ვარ და არა მონა დემონისა... - ხმა ჩაუწყდა გოგონას, გამშრალი ტუჩებით რაღაცის თქმას ცდილობდა კიდევ, მწვანე, წყლიანი, უცოდველი თვალები მიაპყრო წითლით შემოსილ კარდინალს...
- დაე, მოგიტევოს უფალმა ცოდვანი შენი, ამინ! - გაიმეორა "ღვთის მსახურმა" და განკარგულება გასცა, - ცეცხლი წაუკიდე, უილიამ!
მალე ცეცხლის ბოროტი ენები ქალწულის სხეულს მოეხვია. იგი უხმოდ იწვოდა, საშინელ ტკივილს განიცდიდა, თვალები კიდევ ერთხელ მოავლო ამ "სანახაობაზე" მოსულ ხალხს, შემდეგ კი დახუჭა, დახუჭა სამუდამოდ... ჩაიფერფლა სიცოცხლე იმ ქალწულისა, ვინც საფრანგეთს თავისუფლებისა და ბრძოლის სული ჩაჰბერა, "ორლეანელი ქალწული" ლეგენდად იქცა, მისი სხეული დაიწვა, ხოლო მისი დიდება და სახელი მუდამ ემახსოვრება მსოფლიოს, გამორჩეულად კი ფრანგ ხალხს. უბრალო ფრანგი ხალხისთვის ჟანა გმირობის სიმბოლოდ იქცა, გმირობისა, რომელმაც საფრანგეთს ასწლიანი ომი წარმატებით დაასრულებინა...
ნიკა ხოფერია
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”