მამა გაბრიელი: "ამას გიტოვებთ ანდერძად...” - კვირის პალიტრა

მამა გაბრიელი: "ამას გიტოვებთ ანდერძად...”

სიყვარულის მოძღვარი - ასე უწოდებენ მართლმადიდებლობის ერთ-ერთ გამორჩეულ ღვთისმსახურს, მამა გაბრიელს(ურგებაძეს). იღვაწა და ილოცა ამქვეყნიური სიცოცხლის ჟამს ქრისტესმიერი სიყვარულით, დიდი მოთმინებითა და ტანჯვით, ცრემლითა და სინანულით. ებრძოდნენ ბოროტი ადამიანები, არ ასვენებდნენ, გიჟადაც კი რაცხდნენ ღვთიური სიბრძნის მატარებელს, მაგრამ მისი რწმენა, ერთგულება და სიყვარული უფლისა და მოყვასის მიმართ ვერაფრით ამოშანთეს, ვერ განძარცვეს მარადიული მადლისგან.

მამა გაბრიელი დიდი ხანი არ არის,რაც აღესრულა და განვიდა ამა სოფლისგან, მაგრამ არც ზეციური საქართველოდან მიუტოვებივართ განსაცდელში. ლოცვითა და სიყვარულით ისევ გვმფარველობს გაჭირვების ჟამს, მხოლოდ გულით უნდა შესთხოვო, ცრემლით შეევედრო მის სულს თანადგომა...

დღემდე უხრწნელია მისი სისხლი. სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში, მის საფლავზე ზამთარ-ზაფხულ ყვავილები ხარობენ, ჩაუქრობლად ანთია კანდელი...

თავადაც იწინასწარმეტყველა, რომ მრავალნი მივიდოდნენ მის სამარესთან და კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდნენ - მამა გაბრიელი არასოდეს ტოვებს მორწმუნეთ. მასზე ღვთისგან მინიჭებული კურნების ძალით დღესაც მრავალი სნეული ჰპოვებს შვებას და სულიერი მადლით ივსება.

ჭეშმარიტად ბრძენმა, სიცოცხლეშივე მრავალი სასწაულის აღმსრულებელმა, არაერთი მამაშვილური შეგონება დაგვიტოვა.

დღეს, როდესაც მავანნი ასე ურცხვად ებრძვიან დედა-ეკლესიას, გვინდა მამა გაბრიელის დიდი სიბრძნიდან მხოლოდ ერთი, მცირე ნაწილი შემოგთავაზოთ. ეგებ გვეღირსოს გამოფხიზლება, შავის და თეთრის გარჩევა და მონანიება:

KvirisPalitra.Ge''მარად მკვდარი არ გეგონოთ,მე საფლავში ცოცხალი ვიქნები. ბოდბეში წმინდა ნინო წევს გაუხრწნელად და მირონი სდის და აი, აქ მე ვიქნები. მე რომ გარდავიცვლები, აქ ნახევარი საქართველო მოვა. ქრისტემ ლაზარე აღადგინა და ის გაუჭირდება, რომ მე აღმადგინოს? თქვენ ვერ დამინახავთ, მაგრამ ითხოვეთ ღვთისგან და ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ...

თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, დევნა ყველგან იქნება, ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს! საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება, ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად, ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს, ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებათ, მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ!..

საქართველო უნდა გაბრწყინდეს,მაგრამ დიდი ტანჯვა უნდა გამოიაროს.როცა იტყვიან - ''აი,მორჩა!'' - მაშინ განათდება და გაბრწყინდება!

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რაც საქართველოში ხდება, ეს განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდაა. არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი. ადამიანი სადაც დაიბადება, იქ გადმოდის მასზე კურთხევა...

უფალს სამყაროში ყველაზე მადლიანი ადგილი სასუფეველი აქვს, ხოლო აქ - დედამიწაზე - მადლის მიხედვით, იერუსალიმის შემდეგ, ყველაზე წმინდა ადგილი სვეტიცხოველია, მას შემდეგ სამთავროს მონასტერი!..

წმინდანთა ჯაჭვი საქართველოში უწყვეტია. ქართულ ეკლესიას სულიწმიდის მადლი არასოდეს მოკლებია და არც მოაკლდება! საქართველო აღდგება ისე, როგორც ლაზარე. სკიპტრა სკიპტრაა და სანამ საქართველოს გვირგვინოსანი მეფე არ ეყოლება, არაფერი გამოვა. საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს გვირგვინოსანი ბაგრატიონი. ის რა ერია, რომელსაც მეფე არ ჰყავს!..

ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით. ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში. უამრავი მორწმუნე მოიყრის თავს საქართველოში. ქვეყნის დასაბამიდან ასეთი განსაცდელი არ ყოფილა დედამიწაზე. ეს არის ბოლო!..

სიკეთე ჰქმენით, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და კი არ აკაკუნებს, შემოგლეჯას ლამობს...

მორწმუნე ღმერთის იმედად იქნება. ბოლო ჟამს კი უფალი ისეთ სასწაულს გაუკეთებს თავის ხალხს, ერთი ფოთოლი ერთ თვეს ეყოფათ საკვებად. მიწაც ხომ არ დაილია, გარდასახავ ჯვარს მას და პურად გექნებათ...

ყველა ვერ გადარჩება, ვერც მე შევიწყალებ, ვერც უფალი, შენი თავი თვითონ თუ არ შეიწყალე. ვინც სულს გადაირჩენს და სხვასაც შეეწევა სიტყვით და საქმით, ის ქრისტეს მცნების შემსრულებელია!..

ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახვებს...

ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება. სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა და არა დოლარების ფრიალი, ზოგს რომ ჰგონია!

გიყვარდეთ ერთმანეთი, საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ბოლო ჟამია, უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ვინც შეინარჩუნებს, ის გადარჩება...

ილოცეთ ყველასთვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს!"

მოამზადა ზვიად სეხნიაშვილმა