ნიკოლოზ რაჭველი: "ჩვენ გვიწევდა სახელმწიფო დაკვეთის შესრულება" - კვირის პალიტრა

ნიკოლოზ რაჭველი: "ჩვენ გვიწევდა სახელმწიფო დაკვეთის შესრულება"

"უნდათ, კვირაში ორი დღე თათბირებზე მაყურყუტონ, რომ მერე გავგიჟდე და მე თვითონ დავწერო განცხადება"

"ადამიანი, ვინც ხელოვნებას ქმნის, არ უნდა იყოს დანიშნული ხელისუფლების მიერ. ამ შემთხვევაში ხელისუფალს მისი პოლიტიკური ნიშნით გამოყენება და დავალებების მიცემა არ შეეძლება...  უახლოესი წარსულიდან რობერტ სტურუას შემთხვევა ამის მკაფიო მაგალითი იყო... "

საქართველოს მუსიკის ეროვნულ ცენტრში მსოფლიოში აღიარებული პიანისტის - ლექსო თორაძის კონცერტები ნიკოლ რაჭველის მხარდასაჭერად ანშლაგებით მიმდინარეობს... მეტისმეტად დაძაბული გრაფიკის მიუხედავად თავად ნიკოლოზ რაჭველი გულახდილ ინტერვიუზე დავითანხმეთ...

- სამწუხაროდ, კულტურის სამინისტრომ ჩვენს მიმართ ერთობ გაუაზრებელი ნაბიჯი გადადგა. ისტორიას არ ახსოვს, ორკესტრის მუსიკალურ ხელმძღვანელს უშუალოდ აკონტროლებდეს და მართავდეს რაიმე ტიპის ჯგუფი, მით უმეტეს სამთავრობო. ეს ჰგავს წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ხასიათის ქმედებას... თურმე უნდა ვიყურყუტო კვირაში ორჯერ საათობით თათბირებზე, რაც ნიშნავს, რომ რეპეტიციებს ვეღარ ჩავატარებ, მუსიკას ვეღარ დავწერ, ვერ მოვემზადები კონცერტებისთვის... ფინალი იქნებოდა ის, რომ გავგიჟდებოდი, ამეშლებოდა ნერვები, დავწერდი განცხადებას და მე თვითონ წავიდოდი... ჩვენ ვითხოვთ, ძირეული რეფორმა მოხდეს. კულტურის სამინისტრომ მხოლოდ მენეჯერი, ანუ გენერალური დირექტორები დანიშნოს... სამხატვრო ხელმძღვანელი კი როგორც ცივილიზებულ ევროპაშია არჩევითი უნდა იყოს. საერთოდ, ადამიანი, ვინც ხელოვნებას ქმნის და ხელმძღვანელობს შემოქმედებით კოლექტივს, არ უნდა იყოს დანიშნული ამა თუ იმ ხელისუფლების მიერ. ამ შემთხვევაში ხელისუფალს მისი პოლიტიკური ნიშნით გამოყენება და დავალებების მიცემა არ შეეძლება... თუნდაც უახლოესი წარსულიდან რობერტ სტურუას მაგალითი ძალიან მკაფიო იყო...

- თქვენ მოიაზრებოდით წინა ხელისუფლების ფავორიტად, შოუებსაც დირიჟორობდით...

- რატომ მხოლოდ წინა ხელისუფლების!? - მე მოვიაზრებოდი ზვიად გამსახურდიას ფავორიტადაც, ძალიან ბევრი სიკეთე მახსოვს ასევე ედუარდ შევარდნაძისგან.. მე და ჩემი ოჯახი არასოდეს დავივიწყებთ ზურაბ ჟვანიას თანადგომას, სწორედ მისი დახმარებით შევძელი სწავლა ვენაში დაშემდეგ მისივე მოწვევით დავბრუნდი საქართველოში. ბატონი ბიძინა ივანიშვილისგანაც არაერთხელ მიგრძვნია განსაკუთრებული სითბო და დარწმუნებული ვარ, ვინც შემდგომ მოვა ხელისუფლებაში, ჩემს კონცერტებზე ისიც ივლის და ჩვენს შემოქმედებით კოლექტივს აპლოდისმენტებით დააჯილდოვებს... რაც შეეხება "შოუებს", თუ თქვენ კონკრეტულად "ვერის უბნის მელოდიებს" გულისხმობთ, გოგი ცაბაძის ნაწარმოების ახალი საორკესტრო ვერსიებით აჟღერება ჩემთვის უპირველესად, ეროვნული საქმე იყო და არა "შოუ". თუმცა ციხის კადრები რომ გავიდა, მე გავაკეთე რადიკალური განცხადება, რითაც პრაქტიკულად დავაფიქსირე ჩემი აღშფოთება და უძლური მდგომარეობა.

- თქვენმა მომხრეებმა განაცხადეს, რომ დღეს კულტურის სამინისტროში დილეტანტები არიან და კლასიკური მუსიკის ფასი დიდად არც იციან...

- ასე გადაჭრით ვერ ვიტყოდი. თუმცა, ჩემი მოწინააღმდეგე, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი პროფესიით კომპოზიტორი გახლავთ, მაგრამ სამწუხაროდ, მისი შემოქმედება ჩემთვის არ არის ცნობილი. ჩემნაირ ადამიანებს ყოველთვის ებრძვიან თავის პროფესიაში არარეალიზებული ხალხი. ისინი საუბედუროდ ისეთ თანამდებობებს იკავებენ, რომ შეუძლიათ მიიღონ გარკვეული გადაწყვეტილებები... ვერაფერი მაიძულებს, დავემორჩილო ჩემთვის არასაპატივცემულო პიროვნებებს, რადგან ჩემს გვერდით არიან მართლაც უდიდესი ავტორიტეტის მქონე ხელოვანები, რომელთა აზრს მე ყოველთვის ვითვალისწინებ.

- თქვენს წინააღმდეგ სხვა ბრალდებებიც ვრცელდება, კერძოდ "შოუებით" ზედმეტად გატაცებას გსაყვედურობენ...

- თქვენ გულისხმობთ კულტურის სამინისტროს შემოქმედებით დასკვნას, რომლის მიხედვით მე თურმე ვარ ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში მეთოდურად ანადგურებდა და აფერხებდა ქართული მუსიკის განვითარებას, სიმფონიური ორკეტრი დაშლის პირას მიიყვანა, კამერული ორკესტრი დაშალა, საგუნდო კაპელა გაანადგურა, არცერთი პროექტი არ განახორციელა, რომელიც ხელს შეუწყობდა კლასიკური ან ქართული მუსიკის განვითარებას... აცხადებენ, რომ თურმე გატაცებული ვიყავი გასართობი შოუ-პროგრამებით. დეტალურად არის ჩამოთვლილი ნებისმიერი ჩვენი ორკესტრის გაელვება პოლიციის შენობის გახსნისას, იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიალებსა თუ ტელევიზიების - "იმედისა" თუ "რუსთავი 2"-ის ღონისძიებებში. დიახ, ასეც იყო, ჩვენ ამ წლების მანძილზე ძალიან ბევრს ვშრომობდით და ვამაყობთ ყველა მუსიკალური პროექტით, რაც განგვიხორციელებია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევდა ხოლმე სახელმწიფო დაკვეთის შესრულება და ამავე დროს ეს იყო დამატებითი და აუცილებელი შემოსავალი მუსიკოსებისათვის... ჩვენ ვასრულებდით - სულხან ნასიძის, სულხან ცინცაძის, რევაზ ლაღიძის, გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძის, იოსებ ბარდანაშვილის მუსიკას... თუ ამ მუსიკის შესრულება დანაშაულად მიაჩნია ვინმეს, მაშინ ამ დასკვნისა შემდგენელი ხალხის პასუხიმგებლობის საკითხი უნდა დავაყენოთ... მე მიმაჩნია, რომ თუკი შეგნებული მიზეზები არ ჰქონდა გურამ ოდიშარიას ჩემს წინააღმდეგ (ეჭვი მეპარება, რომ ჰქონდა), მაშინ გურამ ოდიშარიაც გარემოების მსხვერპლია და მას უბრალოდ იყენებენ საკუთარი თანამშრომლები ჩემს საწინააღმდეგოდ აგორებულ კამპანიაში. მის აშკარა შეცდომად ვთვლი, რომ მან არ მოინდომა საქმის კურსში ღრმად ჩახედვა და ასე ზედაპირულად დაუჯერა ვიღაც-ვიღაცეებს. …

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)