სომხებს რა ჰგონიათ, ქართველები დავყრუვდით? მთელი სტადიონის გასაგონად ”რასია!”-ს გაჰყვიროდნენ - კვირის პალიტრა

სომხებს რა ჰგონიათ, ქართველები დავყრუვდით? მთელი სტადიონის გასაგონად ”რასია!”-ს გაჰყვიროდნენ

აზერბაიჯანული საინფორმაციო პორტალი ”vesti.az" დინამოს გულშემატკივარ დაჩი სეფიაშვილის კომენტარს აქვეყნებს. სეფიაშვილი უშუალო მონაწილე იყო ორიოდე დღის წინ ”დინამოსა” და სომხური ”შირაქის” გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკებისა. აი რას აცხადებს სეფიაშვილი:

”ეს იყო აშკარა პროვოკაცია. რატომ უნდა ყვიროდე ქართველებსა და სომხებს შორის გამართულ მატჩზე ”რასია! რასია!” -ს? განა არ იცოდნენ, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ოკუპანტ ქვეყანასთან? ისედაც დაძაბულები ვიყავით და სომხების ყვირილმა, რომელსაც აშკარა პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, ქართველები ძალიან გაგვაბრაზა. საპასუხოდ ჩვენც ერთხმად დავიწყეთ ყვირილი ”აზერბაიჯანი!აზერბაიჯანი!”. ახლა სომეხი ჟურნალისტები წერენ, რომ მათი ფანები თითქოსდა თავიანთ საბრძოლო შეძახილს გაიძახოდნენ - ”ტა-სი-ბოვ!”.. ნუთუ ვინმე დაიჯერებს, რომ ასობით ქართველი გულშემატკივარი ერთდროულად დაყრუვდა და ვერ გაარჩია, რას გაჰყვიროდნენ სომხები? რაც არ უნდა იყოს, მატჩის დამთავრების მერე არც არაფერი მოხდებოდა, რომ არა სომხების დამცინავი და შეურაცხმყოფელი ჟესტები და ჩვენსკენ ნასროლი ლუდის ცარიელი ბოთლები. ეს კი ვეღარ მოვითმინეთ და მათკენ გავექანეთ. რამდენიმეს გვარიანად მოხვდა და მეტსაც მოხვდებოდა, პოლიცია რომ არ ჩარეულიყო, რომელმაც სომეხი ფანები გაგვარიდა. მათ კი, როდესაც მიხვდნენ, რომ პოლიცია არ დაგვანებებდა მათ მიბეგვას, იმწამსვე ”გამამაცდნენ” და მუქარების ყვირილს მოჰყვნენ - ”ჩამოხვალთ თქვენ სომხეთში და ნახავთ, რა დღე დაგადგებათ... სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ სომხებმა კიდევ ერთხელ მოირგეს პროვოკატორის როლი”  - აცხადებს ”დინამოს” ქომაგი.