დავით თევზაძე: მე პატივს არ ვცემ ადამიანს, რომელმაც ჯარს ცუდი პირობების გამო აარიდა თავი - კვირის პალიტრა

დავით თევზაძე: მე პატივს არ ვცემ ადამიანს, რომელმაც ჯარს ცუდი პირობების გამო აარიდა თავი

ამონარიდი ჟურნალ "გზადან":

ერთ დროს სიტყვაძუნწობით გამორჩეული მინისტრი ერთობ საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. თუმცა, ჩემთვის სიურპრიზი მხოლოდ ეს არ ყოფილა - ერთსაათიანი საუბრის შემდეგ სულ სხვა დავით თევზაძე დავინახე...

- ბატონო დავით, თქვენზე მითხრეს, რაც თანამდებობიდან წავიდა, ლაპარაკი დაიწყოო...

- სანამ თანამდებობაზე დამნიშნავდნენ, მანამდეც ვლაპარაკობდი.

- თანამდებობაზე ყოფნის დროს ხელს რა გიშლიდათ?

- როდესაც თავდაცვის მინისტრი ხარ, სხვა ვალდებულება გაქვს ქვეყანასა და საკუთარ სინდისთან.

- ფილოსოფოსის თვალით დანახული ქართველი მებრძოლი როგორია?

- თუ მეომრებს გულისხმობთ, ცუდები არ ვართ. ომში დამარცხება ზოგჯერ იღბლის ბრალია, მეტწილად კი - არასწორი სტრატეგიის... ამაში რიგით ჯარისკაცს ყველაზე ნაკლებად მიუძღვის ბრალი...

- როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც "შლოპანცებიანი" ჯარისკაცების მეთაური გიწოდეს?

- მაშინ მართლა ძალიან რთული პერიოდი იყო... ყველაფრის მიუხედავად, გაცილებით ადვილი იყო არმიაში მუშაობა. თითქმის ყველანი თანამებრძოლები ვიყავით და ერთმანეთის კარგად გვესმოდა. ბიჭები მაშინ უფრო მოტივირებულები ჩანდნენ, მათთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა ეცვათ, ან ხელში რა იარაღი ეჭირათ. ვერავინ დაგვწამებს, რომ რომელიმე საქმე გავაფუჭეთ, ყველაფერს კარგად გავართვით თავი, კოდორის მოვლენებიდან დაწყებული, საზღვაო აკვატორიის კონტროლითა და პანკისის მოვლენებით დამთავრებული...

- ის ფაქტი რით იყო განპირობებული, რომ წვევამდელები ფულს იხდიდნენ, გამწვევ-გამანაწილებელ კომისიას სავალდებულო სამსახურისთვის გამოუსადეგრად რომ ჩაეთვალა?

- იცით, რა? მე პატივს არ ვცემ ადამიანს, რომელმაც ჯარს ცუდი პირობების გამო აარიდა თავი. იმაზე ცუდი პირობები როგორ იყო, ვიდრე ჩვენ აფხაზეთის ომში გვქონდა? რამდენიმე კვირის განმავლობაში საჭმელიც კი არ გვქონია, მაგრამ მაინც ვიბრძოდით, პოზიციების გაძლიერებაზე ვფიქრობდით, სახლებში გაქცევაზე არც კი გვიფიქრია. თუ შენს ქვეყანაზე გული შეგტკივა, თუ კარგად გაქვს გაცნობიერებული, რისთვის გაჩნდი ამ ქვეყანაზე, რა არის შენი მოვალეობა და ფუნქცია, მაშინ იმაზე ფიქრს არ დაიწყებ, რას ჩაგაცმევენ ან გაჭმევენ ჯარში ყოფნის დროს. მართლა ცუდი პირობები იყო, ამიტომაც არ მქონდა კარგი ურთიერთობა სახელმწიფო უწყებებთან, განსაკუთრებით - ფინანსთა სამინისტროსთან. როდესაც ქვეყნის ბიუჯეტს ადგენდნენ, ძაღლების გამოსაკვებად უფრო მეტ თანხას იმეტებდნენ, ვიდრე - ჯარისკაცისთვის. რა მექნა? როგორ დამეპურებინა ან საიდან მომეტანა ჯარისკაცისთვის ჩასაცმელი და კარგი იარაღი? დღეს ხომ გვყავს კარგად ჩაცმულ-აღჭურვილი არმია, რით არიან ისინი იმაზე უკეთესები, ვინც ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს მსახურობდა? მიუხედავად იმისა, რომ ახლა გაცილებით კარგად ჩაცმულ-დაპურებული არმიაა, სამხედროებს ძველებური მოტივაცია აღარ აქვთ და ამას ბევრი ამბობს. როდესაც შენს სამშობლოში ომია, შენ კი ამ დროს დუბაიში სავაჭრო ურთიერთობებს მართავ, ამას რა ჰქვია? აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, 43 წლის ვიყავი. არც დავფიქრებულვარ, ისე წავედი...

***

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ გამოიყენეს 2008 წლის ომში პროფესიონალი სამხედროების ცოდნა და გამოცდილება?

- პროფესიონალი არასდროს ჩაიდენს სისულელეს. 2008 წლის საომარი კამპანია მთლიანად ავანტიურა იყო... საქმე მთლიანად უცოდინარ ადამიანებზე იყო მიბარებული. ისინი კი შეცდომებს შეცდომებზე უშვებდნენ.

- "თავდაცვის" ახალ ინიციატივაზე სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებასა და მთლიანად პროფესიულ არმიაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თქვენი პოზიცია როგორია?

- ეს ამბავი ერში მებრძოლ სულს დააკნინებს. იდეაში, დაქირავებული ჯარის პატრონს სულ არ აინტერესებს, რა ეროვნების წარმომადგენელი იმსახურებს მასთან. ის საუკეთესოს ეძებს, საუკეთესო კი შესაძლოა, სხვა ქვეყნიდან მოვიდეს. ასეთ დროს პატრიოტიზმის განცდა ქრება, ერი ზარმაცდება... სხვა ქვეყნიდან მოსული მებრძოლი კი კაცმა არ იცის, როდის გახდება აღმაშენებლის მეომარივით თავგანწირული ქართველი. ყივჩაღებს მთელი საუკუნე და მეტი დასჭირდათ, რომ გაქართველებულიყვნენ. ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს იმ მებრძოლებზე, რომლებსაც ქართველობა "შეითვისებდა".

- როგორ ფიქრობთ, უნდა შემცირდეს თუ არა, ავღანეთში ქართული კონტინგენტი?

- რა თქმა უნდა. მეტიც, დღევანდელ ვითარებაში, გამოყვანაზეცაა ლაპარაკი.

- არ ნანობთ, საკუთარ პროფესიას სამხედრო სამსახური რომ არჩიეთ?

- არ ვიცი, შეიძლება შევცდი, მაგრამ სხვაგვარად მოქცევა არ შემეძლო. ეჰ, რა ვიცი, ფიქრობდნენ, რომ ცუდი ფილოსოფოსი არ გამოვიდოდი...

***

- რამდენი შვილი გყავთ?

- ექვსი, სამი ბიჭი და სამი გოგო. უფროსი ვაჟი, დავითი, 35 წლის გახლავთ, ნიკა - 18-ის, ალექსანდრე - 15-ის. გოგონები, ნათია - 41-ის, ქეთი - 36-ის და ოლიკო - 27-ის.

- მათ როგორი დამოკიდებულება აქვთ სამხედრო სამსახურის მიმართ?

- როგორ გითხრათ, აფხაზეთის ომის დროს ჩემი უფროსი ბიჭი კადეტების სასწავლებელში იყო, ყველაფერი მიატოვა და ფრონტზე ჩამოვიდა.

- კი მაგრამ, რამდენი წლის იყო?

- 14 წლის.

- ომში დარჩენის უფლება მიეცით?

- აბა, რა მექნა? ჩემი შვილის მსგავსად ბევრი მოიქცა. მათგან ერთი ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ და "გავროშები" დავარქვით.

- იმის გამო, რომ თქვენი 14 წლის ვაჟი ფრონტზე იყო, შიშის გრძნობა გქონდათ თუ სიამაყის?

- შიში ერთხელ ვიგრძენი. მაშინ, როდესაც ზურგში დესანტი გადმოგვისხეს, მე კი ფრონტზე ორი შვილი მყავდა.

- მეორე რამდენი წლის იყო?

- მეორე გოგონა იყო, - ნათია. მაშინ სტუდენტი იყო.

- გოგონამ ომში წასვლა როგორ გაბედა?

- დილით შინ უთქვამს, საღამომდე არ მოვალო და საღამოს ფრონტზე გამომეცხადა.

- როგორი მებრძოლია თქვენი ქალიშვილი?

- ურიგო არ იყო. თუმცა, მეორე ქალიშვილი, - ქეთი, გაცილებით სერიოზული მებრძოლია.

- ახლა სად არის?

- სახლში, უმუშევარია. ისე, მართლა კარგი პროფესიონალია. სპეცმომზადების ისეთი ძლიერი კურსები გაიარა, რომ მეც კი გაოცებული დავრჩი, თურქებმა მოამზადეს... მერე ერაყში წავიდა. იქიდან დაბრუნებულს უთხრეს, რომ არმიაში აღარ მსახურობდა.

- თქვენი ვაჟიშვილიც უმუშევარია?

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.