თუ ივანიშვილმა დანაპირები არ შეასრულა, ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვა, ვიდრე 2012 წელს - კვირის პალიტრა

თუ ივანიშვილმა დანაპირები არ შეასრულა, ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვა, ვიდრე 2012 წელს

ამონარიდი ჟურნალ "გზადან":

"საზოგადოება სამართლის აღსრულებას ელოდება..." - ამბობს გია კორკოტაშვილი. გადაცემა "კორკოტას დილას" წამყვანი, რადიო "საქართველოს ხმაზე" ახალი გადაცემის გაკეთებას აპირებს. როგორც თავად ამბობს, გადაცემას "გაჭირვებულ საქართველოს" დაარქმევს და იმ ადამიანებს მოიწვევს, რომლებიც სააკაშვილის გუნდის მმართველობის დროს უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ...

- რას გულისხმობთ?

- მადლიერი ვართ ბიძინა ივანიშვილის, რადგან მან სააკაშვილის გუნდის სახით ქვეყანას კიბო მოაშორა, მაგრამ... მხოლოდ კიბოს ამოკვეთა არ არის საკმარისი, ერს მკურნალობა სჭირდება...

- კონკრეტულად რით ხართ უკმაყოფილო?

- თუ ძველებურად დაუსაქმებლები და ღატაკნი ვიქნებით, რა მნიშვნელობა აქვს, ვის ხელში დაგვემართება ნევროზი, ვის ხელში დაიწყებენ ახალგაზრდები 50-თეთრიანი არყის სმას ან "კრაკადილის" კეთებას?! დღეს ქართველი კაცი საშველია. მთელი ერი დანევროზებულია. მკურნალობის ერთადერთი საშუალება - დასაქმებაა, სხვა არაფერი გვიშველის. კი გვეუბნებიან, მოითმინეთო, მაგრამ როდემდე?! კი, ბატონო, კიდევ მოვითმენთ, დავამტკიცებთ, რომ ქართველები ღირსეულნი ვართ მოთმინებაში, სიყვარულში, თავგანწირვაში, მაგრამ ამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: როცა ხალხს სული კბილით უჭირავს, ძნელია, კოაბიტაციაზე ელაპარაკო. აღარ გვინდა ხელისუფლებაში იმ ადამიანების ხილვა, ვინც მიწასთან გაგვასწორა... ბოდიში მაინც მოიხადონ!.. მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთში გერმანელების მომხრეებს თმას ხოტრავდნენ... ჩვენ არც თმის გადახოტვრას ვითხოვთ და არც ფეხების მომტვრევას, სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ... ჯერ კიდევ ვუყურებთ, ვაკვირდებით პროკურატურას, ქალბატონ თეა წულუკიანს, ირაკლი ღარიბაშვილს. ვნახოთ, მერე რა იქნება, მათ ქმედებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული...

- თუ თქვენი ნდობა არ გამართლდა, რას იზამთ? ისევ ქუჩაში გამოხვალთ?

- გამოვალთ. დამიჯერეთ, თუ ივანიშვილმა დანაპირები არ შეასრულა, ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვა, ვიდრე 2012 წელს, მის მხარდასაჭერ აქციებზე გამოვიდა...

- რა იყო იმის მიზეზი, რომ ივანიშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციებში ისე არ აქტიურობდით, როგორც "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე?

- როგორ არ ვაქტიურობდი?! ძალიანაც ვიაქტიურე, მაგრამ... იცი, შეიძლება, ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მწვრთნელს არ მოსწონდე... რა ვქნა, ვინმესთვის თავის მოწონების მიზნით, ტანის რხევას ვერ დავიწყებდი, სხვა ყველაფერი გავაკეთე. იმედია, "მწვრთნელი" ადრე თუ გვიან, დაინახავს, ვინ რისი მაქნისია და საბოლოოდ, საქართველოს "ნაკრებიც" ჩამოყალიბდება.

- იქნებ "მწვრთნელს" "საკნების აქციის" დროს ტელევიზიით გავრცელებული კადრების გამო არ მოეწონეთ, სადაც ჩანდა, რომ მოქალაქეს საფულე გამოართვით, იქიდან ფული ამოიღეთ და ჯიბეში ჩაიდეთ?..

- არაფერიც. ძალიან კარგმა ადამიანმა, ნანა ლეჟავამ თავის გადაცემაში ყველაფერი გაშიფრა: იმ ტელევიზიამ მონტაჟი გააკეთა: საფულიდან ფული კი არა, ვეტერანის მოწმობა ამოვიღე. შევინახე, რადგან მაინტერესებდა, ვეტერანის საბუთის მფლობელი სინამდვილეში რას წარმოადგენდა: ალბათ გახსოვთ, რომ მაშინ ხელისუფლება ძალიან ბევრ პროვოკატორს გვიგზავნიდა. "სახალხო რაზმი" სწორედ ამ პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად შევქმენით.

- ამბობთ, რომ თუ ახალი ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს, ქუჩაში ისევ გამოხვალთ, სულ ცოტა ხნის წინ ლგბტ საზოგადოების მიერ მოწყობილი ღონისძიების საწინააღმდეგოდ დაგეგმილ აქციაზეც ძალიან ბევრნი გამოხვედით, რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის 300 მეტრით გადმოწევა კი, რამდენიმე ათეული ადამიანის გარდა, არავინ გააპროტესტა. რას უნდა ნიშნავდეს ეს?

- საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და სხვა მსგავსი საკითხები ხელისუფლების დასარეგულირებელია. თუ მთავრობა იტყვის, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, გამოვალთ კიდეც. რაც შეეხება ლგბტ საზოგადოების საწინააღმდეგო აქციას... ეს საეკლესიო პირებმა ითავეს. ხალხს ლიდერი, თავმოყრა სჭირდება. დღეს ძალიან რთული სიტუაციაა: ხალხი პანიკაშია, ვეღარ იგებს, პროტესტის გამოხატვით ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი. პირადად მეც ხშირად მიფიქრია, - რაღაც ნაბიჯი რომ გადავდგა, ვაითუ, ისევ მიშას წაადგეს სასიკეთოდ-მეთქი?!

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.