რამდენია "9 წელი"? - კვირის პალიტრა

რამდენია "9 წელი"?

ამ ჩვენმა პრეზიდენტმა, მეგონა, "ინგლისური და კომპიუტერი" მაინც იცის-მეთქი, მაგრამ სტუდენტებთან შეხვედრაზე აღიარა: რაღაცას ვეძებდი ლეპტოპში, ვიცოდვილე, ოფლში დავიღვარე, მაინც ვერ ვიპოვე... ჩემმა შვიდი წლის ნიკუშამ გამოიარა, მკითხა, რას ეძებო? ჯერ ერთ ღილაკს დააჭირა ხელი, მერე - მეორეს და მაშინვე მიპოვა, რაც მინდოდაო!!!

ჰოო... რა ვიცი, რა ვიცი... ხაზგასმით თქვა: ჯერ ერთ ღილაკსო, მერე - მეორესო ანუ სულ - ორს და იპოვაო და ეს კი ოფლში გაწურულა, ლამის დაულეწია ის საწყალი ლეპტოპი და ვერ უპოვია.

ისე, რა გინდათ, რას ერჩით? რვა თუ ცხრა წელი ქვეყანას მართავდა ასეთი კაცი (მე არაფერი დამიბრალებია, თვითონ რაც აღიარა, ის გავიმეორე) და კიდევ რომ ბარბაცით, მაგრამ მაინც ფეხზე დგას ეს ქვეყანა, არ გიკვირთ?

არადა, ვეტოს დადება და უშიშროების საბჭოს სხდომების მოწვევა "დაამხეცა" ამ ბოლო დროს და იქნებ "ლეპტოპიც ისწავლოს" მალე.

ნოდარ დუმბაძის ერთი პერსონაჟი ამბობს რომელიღაც რომანში, როდესაც დიდი ჩინოვნიკის მოხსნა-დაპატიმრების ამბავს შეიტყობს: მე მაგას კი არ დავიჭერდი, პრემიასაც მივცემდი, კაი ორდენსაც დავკიდებდი, აქეთ-იქით ლოყაზეც კარგად ვაკოცებდი და ისე გავისტუმრებდიო. თანამოსაუბრეთა გაოცების საპასუხოდ კი ასე ხსნის თავის ნათქვამს: მე რო ეხლა აზრზე არა ვარ კომპასის და ზღვის, "პარახოდის" კაპიტნად რომ დამნიშნონ და ამა და ამ პორტში მისვლა დამავალონ, ის გემი, მორყეული, გაუბედურებული და ძლივს გადარჩენილი, მაინც რომ მივიყვანო საჭირო ადგილზე, მადლობა ხო მეკუთვნისო?

გამახსენდა: "საპოჟნიკი"  იყო ის პერსონაჟი და ამ "საპოჟნიკმაც" (ისევ ვიმეორებ: თვითონ ამბობს, "საპოჟნიკი" ვარ, "კომპიუტერში" შვიდი წლის ბავშვი მჯობნისო) რომ სულ არ ჩაძირა, მადლობა უთხარით, რა!

ერთი კი მართლა სწორად თქვა იმ შეხვედრაზე: 9 წელი დიდი დროა, მოგბეზრდებოდით, აბა, რაო!

იმას თავი დავანებოთ, 9 წელიწადში მობეზრდა ხალხს თუ "ცოტა" ნაკლებში, მაგრამ "პრინციპი" სწორია და კარგი იქნება, ახლებიც თუ გაითვალისწინებენ ("ახლებში" ახალ ხელისუფლებას ვგულისხმობ, თორემ ის "ახლები", ეჰ...) და ამ "მობეზრებას" ისე ადრე არ გაიჩალიჩებენ, რომ უხერხული იყოს.

მაგალითად, ასეთი ამბებით: რამდენიმე თვის წინ ზარ-ზეიმით გვამცნეს, თურქეთის მხარესთან ქართული ძეგლების ერთობლივ რეაბილიტაციას მოეწერა ხელიო. მეზობელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა ბათუმში ეს ამბავი. ამის შემდეგ ასე უნდა მომხდარიყო: კულტურის სამინისტროს დღე და ღამე ემუშავა, რომ შეთანხმება რეალობად ქცეულიყო და შედეგიც მიგვეღო. რეალური შედეგი კი ასეთია: იშხანში ქართველ სპეციალისტს კი არა, ჟურნალისტსა და ტურისტსაც აღარ უშვებენ და თვითონ თურქები ახდენენ "რესტავრაციას" - ლამის "მეტლახი" გააკრეს (რაღა ლამის) ათასწლოვან კედელზე!

პიროვნულად არაფერი მაქვს კულტურის მინისტრის საწინააღმდეგო, მაგრამ ვინმემ ამიხსნას, ისევ ის საკრალური "9 წელი" უნდა გავიდეს, რომ "მოგვბეზრდეს"?

ანდა საგარეო საქმეთა სამინისტრო - ისევ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის "ირგვლივ ვიტრიალებ": მაგ დაუთ-ოღლომ, ერთი თვეც იქნება უკვე, რომ განაცხადა, ჩვენი ოცნება ის დიდი თურქეთია, სადღაციდან სადღაცამდე, იმიან-ამიანად და ბათუმამდე და ბათუმიანადო!

დალოცვილებო, ან პროტესტი, ან წარბის შეჭმუხვნა, ან დაწუწუნება მაინც! არა, არა, ძმაო - ბევრია "9 წელი"...

სამაგიეროდ კარგად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო - იარაღის, ნარკოტიკებისა და დანაშაულებათა მამტკიცებელი აუდიო-ვიდეომასალები აღმოაჩინა მიწაში დამარხული.

ძალიან საინტერესოა საპარლამენტო უმცირესობის ვერსია: ეგ სპეციალურად მოწყობილი საიდუმლო სამალავებია, შესაძლო პარტიზანული რაზმებისთვისო, ვიდეომასალები კი ღარიბაშვილმა "ჩაამატაო"! ამ "ახსნა-განმარტებისა" ზოგიერთ ნორმალურ ადამიანსაც სჯერა, მაგალითად - სოციალურ ქსელებში.

მტყუანის ასე და ისე, რომ რაც შსს-მ აჩვენა, ნაღდი და "ფაიზაღია", მაგრამ ყველაზე ცუდი და საგანგაშო იმ ნორმალური ადამიანების ნიჰილიზმია ხელისუფლების მიმართ, რომლებსაც მხოლოდ მის "ჯიბრზე" სჯერა "ნაცმოელთა" იმ უსური თავის მართლებისა, როგორსაც სხვა შემთხვევაში თვითონვე დასცინებდნენ.

ასე რომ, ფრთხილად და ჭკუით, თორემ "9 წლის" გასვლას ხანდახან ნაკლები სჭირდება.

P.S. "თავისუფლება ვანო მერაბიშვილს!" - ასეთი ბილბორდი გამოჩნდა თბილისში!

ევროპარლამენტარებმაც უსაყვედურეს უსუფაშვილს: როგორ შეიძლება მთავარი ოპოზიციონერის დაჭერაო?!

თვითონ ვანო კი, როგორც ყოველთვის, სხვებზე მეტად რეალისტია: ტელევიზორი მომიტანეთ და თავი დამანებეთო, შემოთვალა.

მაინც რა ოხერი რამეა ეს "საინფორმაციო შიმშილი" - ქართული ტელევიზიები რომ მოგენატრება კაცს...