გიორგი თევდორაშვილი - ნანახი შოკის მომგვრელია, ვინაიდან ყველანაირ სიბინძურეს ასახავს - კვირის პალიტრა

გიორგი თევდორაშვილი - ნანახი შოკის მომგვრელია, ვინაიდან ყველანაირ სიბინძურეს ასახავს

შინაგან საქმეთა მინისტრთან მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა უკვე დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსული პირები აცხადებენ, მოხდა სამეგრელოში აღმოჩენილი ჩანაწერების ჩვენება, ამის შემდეგ კი გაიმართა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წარიმართოს გამოძიება, რა რეაგირება უნდა მოყვეს აღნიშნულ ფაქტებს.

გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის, გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, ნანახი შოკის მომგვრელია, ვინაიდან ასახავს ყველანაირ სიბინძურეს, რაც ადამიანების მიწასთან გასწორებას, გაუპატიურებას და ძალადობას გულისხმობს.

გიორგი თევდორაშვილი ფიქრობს, რომ სწორი იყო აღნიშნული ჩანაწერების მედიისთვის და არასამთავრობოებისთვის ჩვენება, თუმცა მიიჩნეს, რომ უშუალოდ მედიასაშუალებებით აღნიშნული მასალა არ უნდა გავრცელდეს.

"რომელი მედია აიღებს ამ კადრების გავრცელებას თავის თავზე, არ ვიცი. ვფიქრობ, ამის ჩვენებით რაღაც ძალიან ცუდი დატრიალდება. რაც ჩვენ ვნახეთ, იყო ყველანაირი სიბინძურე, ადამიანების მიწასთან გასწორება, გაუპატიურება, ძალადობა", – აღნიშნა თევდორაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ნაჩვენებ ჩანაწერებში პიროვნების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.

დღვანდელ შეხვედრას მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები ესწრებოდნენ. რამდენიმე მათგანმა შეხვედრა დატოვა.