ცოტა რამ ,,ძაღლიშვილისა"" და ,,სარეკლამო ბიჭუნას" ბუნებაზე ანუ რას იზამდნენ ნაცები "ოცნების" ადგილზე? - კვირის პალიტრა

ცოტა რამ ,,ძაღლიშვილისა"" და ,,სარეკლამო ბიჭუნას" ბუნებაზე ანუ რას იზამდნენ ნაცები "ოცნების" ადგილზე?

,,ამას წინათ საქართველოში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყოვლად სასტიკად ჩაახშო ოპოზიციის მანიფესტაცია. მაგრამ თქვენ აგრძელებთ მასთან თანამშრომლობას. რატომ? სააკაშვილი თქვენი ძაღლიშვილია, ეს არის და ეს"" ("Недавно в Грузии президент Саакашвили подавил самым брутальным образом манифестацию оппозиции. Но вы продолжаете иметь дело с ним? Почему? Ведь Саакашвили ваш сукин сын".), განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა ,,Батя"" ლუკაშენკომ 2011 წლის 28 თებერვალს ,,ვაშინგტონ პოსტისათვის"" მიცემულ ინტერვიუში. იმ ფრაგმენტში ლუკაშენკო საუბრობდა აშშ-ს ადმინისტრაციის ,,ორმაგ სტანდარტებზე"" და სააკაშვილი მხოლოდ მაგალითად მოიყვანა. საგულისხმოა, რომ ლუკაშენკომ ეს ფრაზა 2011 წლის 26 მაისამდე სამი თვით ადრე თქვა. 26 მაისის დარბევის დამსწრე ამერიკელმა დამკვირვებლებმა დაწერეს, რომ მიტინგის დაშლის ნაცვლად პოლიციელები ალყაში ამწყვდევდნენ მომიტინგეებს და ,,ცხვრის ფარასავით ჟლეტდნენ"". მსოფლიოს ყველა ავტორიტეტულმა უფლებებისდამცველმა ორგანიზაციამ დაგმო მაშინ სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე და მოითხოვა დამნაშავეთა დასჯა. სააკაშვილის რეჟიმმა ყურიც არ შეიბერტყა, დასავლეთმა კი გააგრძელა მასთან ურთიერთობა და გარკვეული დოზითა და ფორმით დღესაც, ციხეში სადისტური წამების ამსახველი კადრების ჩვენებიდან ცხრა თვის შემდეგაც, აგრძელებს. რატომ? იმიტომ, რომ ,,Батя"" მართალია და ,,იდიოტი ბავშვი"" აშშ-ს ადმინისტრაციის ძაღლიშვილია?

ბოლო წლების განმავლობაში ბევრი თანამემამულე შემხვდა, ვინც აბსოლუტურად დარწმუნებულია სააკაშვილის ,,ამერიკულ ძაღლიშვილობაში"". ასეთი ადამიანების რიცხვი აშკარად გაიზარდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ახალი ხელისუფლების მიმართ დასავლეთის კრიტიკულ განცხადებებს ბევრი აღიქვამს, როგორც იმის საბოლოო გამოაშკარავებას, რომ სააკაშვილი დასავლეთმა (პირველ რიგში აშშ-მ) შეარჩია და ხელისუფლებაში მოიყვანა და რომ მისი ბოსები ახლაც ვერ ელევიან თავის ,,ძაღლიშვილს"". (მკითხველს შევახსენებ, რომ ზოგიერთი წყაროს თანახმად, თავის დროზე აშშ-ს პრეზიდენტს ფრანკლინ რუზველტს ნიკარაგუას მაშინდელ დიქტატორ სომოსაზე უთქვამს: ,, სომოსა შეიძლება ძაღლიშვილი იყოს, მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილია"" და ეს გამონათქვამი მოარულ ფრაზად გადაიქცა).

ახლა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებული ე.წ. ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელმაც ,,გული მოუკლა"" ჩვენს ,,იდიოტ ბავშვს"" (მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ). აქტში ნათქვამია, რომ "ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს, ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით და შესაძლოა არსებითად უარყოფითი გავლენა გამოიწვიოს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, მათ შორის, უფრო ღია და მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე". აქვე შეფასებულია სააკაშვილის სადისტური რეჟიმის აწ უკვე ჩამოშლილი ხერხემლის დაკავებაც: "ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება იწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას, განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ფაქტის ნეგატიური ზემოქმედება პოლიტიკურ თავისუფლებაზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2013 წლის ოქტომბერშია დანიშნული".

დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება "არასაკმარის ზომებს იღებს ნაციონალური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აღსაკვეთად და დამნაშავეთა დასასჯელად", რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს სწრაფვას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნისკენ, სადაც ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის თავისუფლება, გარანტირებული უნდა იყოს.

აქტში ცალსახადაა აღნიშნული, რომ შეერთებული შტატების პოზიცია ძალიან მკაფიო უნდა იყოს მაშინ, როდესაც "მთავარ მოკავშირე სახელმწიფოში დემოკრატია რეგრესს განიცდის".

ბლოგში განთავსებულ წერილებში მრავალჯერ მოვიყვანე ცნობილ დასავლეთელ და პირველ რიგში ამერიკელ პოლიტოლოგთა და მოღვაწეთა სრულიად ადექვატური აზრები სააკაშვილისა და მისი რეჟიმის შესახებ. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი ,,იდიოტ ბავშვს"" შეადარა პრეზიდენტ რეიგანის ყოფილმა თანაშემწემ დაგ ბენდოუმ; აშშ-ს მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, 2009 წელს სააკაშვილთან და მის თანამზრახველებთან შეხვედრის შემდეგ, ინტერვიუში თქვა, რომ ,,ყველაზე უფრო ის ადარდებს, რომ ეს ყმაწვილები აზრზე არ არიან, როგორ უნდა ააშენონ დემოკრატია""; კოლინ პაუელმა ჩვენს ,,მაგარ მიშას"" ,,ჭკუანაღრძობი"" უწოდა; უოლტერ რასელ მიდმა დაასაბუთა, რომ სააკაშვილმა საქართველოს გაუკეთა ის, რასაც ჩვენს ქვეყანას ,,ყველაზე საშინელი მტერიც ვერ უზამდა""; ლინკოლნ მიტჩელმა მთელ მსოფლიოს აუწყა, რომ სწორედ სააკაშვილი აკეთებს საკუთარი ხელით ,,რუსულ საქმეს"" საქართველოში და ა.შ. ეს სტატიები აშშ-ს პრესტიჟულ გამოცემებში იბეჭდებოდა, ისევე, როგორც ავტორიტეტული ორგანიზაციების მრავალი ანგარიში საქართველოში არსებული სავალალო ვითარების შესახებ. მიუხედავად ყველაფერ ამისა, აშშ-ს კონგრესის წარმომადგელობით პალატას არასოდეს მიუღია სააკაშვილისთვის ,,გულსაკლავი"" აქტი. ნუთუ მართალია ,,Батя""?

მკვეთრად კონტრასტული, ,,შავ-თეთრი"" გამოსახულებების მოყვარულებს, აგრეთვე სააკაშვილის სადისტური რეჟიმისაგან გამწარებულ მრავალ ადამიანს სხვა აზრს ვერც გააგონებ. არადა ვითარება გაცილებით უფრო რთულია და საინტერესო.

სააკაშვილ-ჟვანიას გუნდის წევრების ნაწილს ახლოს ვიცნობ პირადად. მრავალი წლის განმავლობაში ახლოდან ვაკვირდებოდი მათ მოქმედებას. მათი დეგრადაცია, გახრწნა, კრიმინალებად და სადისტებად გადაქცევაც ჩემს თვალწინ მოხდა. 2011 წლის ოქტომბერში ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ხშირად ვფიქრობ იმაზე, როგორ იმოქმედებდნენ ივანიშვილისა და მისი კოალიციის ადგილზე სააკაშვილი და მისი ნაცისტები (ცხადია 2003-2006 წლების ,,ფორმას"" რომ ინარჩუნებდნენ). მართლაც, ყველამ წარმოიდგინოს, როგორ გამოიყენებდნენ ნაცისტები პრეზიდენტის 2008 წლის 11 აგვისტოს გორში სამარცხვინო სირბილის კადრებს; როგორ დაიფარებოდა მთელი თბილისი სტრიპტიზ ბარში წამოწოლილი უგულავას ამსახველი ბანერებით და წარწერებით - ,,თბილისელებო, აი რისთვის იხდით გაზრდილ ტარიფებს""; როგორ გამოიყენებდნენ მახათას მთაზე პრეზიდენტის მიერ მოწყობილ ფანტასტიკურ შოუს და სხვა მრავალი. ცხადია, ყოველ ასეთ მოქმედებას ნაცისტები ოპერატიულად გაუზიარებდნენ თბილისში მყოფ დასავლეთელ დიპლომატებს, ასევე ჩამოსულ დელეგაციებს. გააცნობდნენ შესაბამის ვიდეომასალას და დოკუმენტაციას და საზეიმოდ დაიფიცებდნენ, რომ კორუფციასთან ბრძოლაში, დემოკრატიის და თავისუფლების დამკვიდრების საქმეში უკან არ დაიხევდნენ. ერთი სიტყვით შექმნიდნენ იმის განწობას, რომ ,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ"" მთელ პროგრესულ დასავლეთთან ერთად.

წარმოიდგინეთ რას იზამდნენ ნაცები საიდუმლო და დანაშაულებრივი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღმოჩენის შემდეგ? (ვგულისხმობ დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან გაწეულ წარმოუდგენელ ხარჯებს დაწყებულს ფავორიტი ქალბატონებისათვის სამკაულების შეძენით და სააკაშვილის ვაჟიშვილების განათლების დაფინანსებით, დამთავრებულს სააკაშვილისათვის ,,ბოტოქსის"" დაფინანსებით). ჩემი კითხვა რიტორიკულია. პასუხი ყველამ ვიცით. ასეთი დოკუმენტაციის აღმოჩენის შემდეგ დოკუმენტებზე ხელმომწერ მოხელეებს მაშინათვე დააპატიმრებდნენ. ყველა დაპატიმრება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მომდევნო დღეებში ისევ ტელევიზიით აჩვენებდნენ დაპატიმრებულთა აღიარება-აღსარებებს. ისინი წვრილად მოგვითხრობდნენ, როგორ დაავალა მათ სააკაშვილმა ამის გაკეთება; როგორ არ უნდოდათ მათ ასეთი დანაშაულის ჩადენა, მაგრამ ესმოდათ, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ციხეში ამოყოფდნენ თავს მძიმე აბსურდული ბრალდებებით; რომ წამება არ ასცდებოდათ; რომ ოჯახის წევრებსაც საშინლად მოექცეოდნენ და ა.შ. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, ხელისუფლებაში მოსულ ნაცისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში ვეებერთელა არამიზნობრივი ხარჯები და ასობით ათასი ლარის ნაღდი ფულის გატანა რომ აღმოეჩინათ? რა მოხდებოდა, და უშიშროების საბჭოს მდივანს, ანუ ბოკერიას, ღია ეთერში დაადებდნენ ბორკილებს, ჩამოათრევდნენ კანცელარიის შენობის მე-7 სართულიდან და ჩააგდებნენ პოლიციის მანქანაში. გაიხსენეთ, როგორ არ აცლიდნენ სიარულს, მიათრევდნენ და აგდებდნენ მანქანებში კორუფციაში ეჭვმიტანილ მოხელეებს ვარდების რევოლუციის შემდეგ. დაკავების ასეთი ფორმა კი მხოლოდ ტელეეკრანზე საჭირო გამოსახულების შესაქმნელად იყო შერჩეული, რომ ხალხს დაენახა, როგორ დაუნდობლად, შეუპოვრად და ენერგიულად ებრძოდნენ ნაცისტები კორუფციას. (ერთი ,,უმნიშვნელო დეტალიც"" - მაშინ დაპატიმრებულებთა უმრავლესობას საერთოდ არ წარუდგინეს ბრალდება, ისე გადაახდევინეს ფული და გამოუშვეს). ,,ბოკერიას"" ასეთი საჩვენებელი დაპატიმრების შემდეგ სააკაშვილი თვითონ შეხვდებოდა ელჩებს (პირველ რიგში აშშ-ს ელჩს), აშშ-ს სახელმწიფო მდივანსაც დაურეკავდა პირადად; ყველას ეტყოდა და საჯაროდაც გამოაცხადებდა, რომ ელიტარულმა კორუფციამ თვით ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში შეაღწია, რაც განსაკუთრებით სახიფათოა ქვეყნისათვის; რომ იკვეთება მოქმედი პრეზიდენტის ბრალეულობა, ვინაიდან პრეზიდენტის ბრძანების გარეშე ბოკერია ამას ვერ იზამდა და ისევ მოითხოვდა მთელი დასავლეთის თანადგომას უკომრომისო ბრძოლაში. ამის შემდეგ კი ბოკერიას სატელევიზიო აღსარებას ვნახავდით. არც მამამისის ბიზნეს დაივიწყებდნენ, არც ცოლის შემოსავლებს. თბილისში კი აშშ-ს და საზოგადოდ დასავლეთის წამყვანი მას-მედიის წარმომადგენლები მოიყრიდნენ თავს. სააკაშვილი და მის მიერ შერჩეული ნაცისტები უწყვეტ რეჟიმში მისცემდნენ ინტერვიუებს. დასავლეთის რეაქციაც სრულიად ადექვატური იქნებოდა - კორუმპირებულ, გაზულუქებულ, წურბელა ჩინოვნიკებს არავინ დაიცავდა, ნაცისტების შეუპოვარ ბრძოლას კი ყველა დაუჭერდა მხარს.

ნაცვლად ამ სურათისა გვაქვს ის, რაც გვაქვს. უშიშროების საბჭოს აპარატის ვეებერთელა არამიზნობრივი ხარჯების აღმოჩენის შემდეგ ბოკერია ,,კონტრშეტევაზე"" გადავიდა. ,,შენ მაინც ხომ იცი, ასეთ ბოკერიას რას უზამდნენ და მერე როგორ გააპიარებდნენ ყველაფერს ნაცები. ამ დალოცვილ კოალიციას რა სჭირს? როგორ მოძებნა ერთმანეთი ამდენმა არიფმა?"", მკითხა ერთმა ყოფილმა კოლეგამ. მე კი პასუხად გავახსენე, სად და როგორ ამთავრებენ ამჟამად პოლიტიკურ სამარეში ჩასული ,,შებერტყილი"" ნაცები წარმატებულ პიარზე აგებულ თავის კარიერას.

ცალკე წერილის დაწერა შეიძლება იმაზე, როგორ გამოიყენებდნენ ნაცები იარაღით, ასაფეთქებელი ნივთიერებით, სადისტური წამების და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალებით, დასაპატიმრებელი ოპოზიციონერების სიებით ავსებულ სამალავებს: იმ დღესვე სამეგრელოში ჩატარდებოდა მთავრობის საგანგებო გასვლითი სხდომა; მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანიები აჩვენებდნენ დასავლეთელი დიპლომატებით გარშემორტყმულ სააკაშვილს სამალავიდან ამოღებული იარაღისა და მასალების ფონზე; წარმოიდგინეთ სააკაშვილის ფრაზები იმაზე, თუ როგორ გადაარჩინა მან საქართველო სისხლიან დიქტატურას და ტირანიას; დასავლეთის წამყვანი გაზეთების პირველ ფურცლებზე დაიბეჭდებოდა შესაბამისი ფოტოები (წარმოიდგინეთ ,,ქუდი""- სათაურები ამ ფოტოების თავზე!). ამერიკელ კონგრესმენებსაც და ევროპელ მოღვაწეებსაც მოუწევდა საკუთარი პოზიციის მკვეთრად დაფიქსირება და ა.შ. ახლა კი ნაცები გამოვიდნენ ფანტასტიკური ბრალდებებით: რომ ეს სამალავები ახალმა მთავრობამ არასასურველი ვითარების ,,გადაფარვის"" მიზნით აღმოაჩინა(!); რომ ამით სახელმწიფო საიდუმლოება გასცა(!); და ა.შ. ,,იდიოტმა ბავშვმა"" ისიც თქვა, რომ სადიზმს და ძალადობას შევარდნაძის რეჟიმის დროინდელი მოხელეები ახორციელებდნენ, რომლებმაც ვარდების რევოლუციის შემდეგაც მოახერხეს სისტემაში დარჩენა, ახლა კი ,,ოცნებას"" ემსახურებიან (!). ,,ექს-ხერხემალმა"" კი ვირის აბანოდან მიმართა ერს და განაცხადა, რომ სადიზმი და ძალადობა ,,წარმოადგენს ცალკული პიროვნებების თვითშემოქმედებას და მას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი"". მერაბიშვილის ამ განცხადებას რომ გავეცანი, მაშინათვე გამახსენდა, როგორ ეკითხებოდა ის კმაყოფილი და მაძღარი ადამიანის ინტონაციებით თავის მარჯვენა ხელს შოთა უტიაშვილს (შეთავსებით ეკა კვესიტაძის მეუღლეს) - ,,რა ქენით შოთა, იხმარეთ ყველა ბოლოდან ეს "" (მერაბიშვილი ,,შპიონ"" ფოტოკორესპონდენტებს გულისხმობდა. მისი საუბრის ჩანაწერი ახლაც დევს იუთუბზე და არავის ეპარება ეჭვი მის აუტენტურობაში). საქმე ის არის, რომ შსს-ს სისტემაში ცალკეული პიროვნებების თვითშემოქმედება მერაბიშვილის დროს სრულიად აღმოიფხრა. ყველა მუშაკის მოქმედება (წვრილმანების ჩათვლით) უმკაცრესად კონტროლდებოდა, ოღონდ არა კანონის უზენაესობის, არამედ მერაბიშვილის ნების აღსრულების მიზნით. ,,ქართუ ბანკის"" მანქანის გაძარცვის და რამდენიმე მილიონი დოლარის ექსპროპრიაციის შემდეგ, მერაბიშვილმა ბრძანება გასცა, რომ რეგიონებში ,,ქართუს"" მანქანების გამოჩენისთანავე პოლიციას გაეჩერებინა ისინი და ამოეღო მთელი თანხა. ,,ფული, რაც იქნება, დაიტოვეთ და ბიჭებს დაურიგეთ პრემიად, ოღონდ მაცნობეთ, რამდენის ამოღება შეძელით თითოეული მანქანიდან"" - ასეთი იყო მერაბიშვილის ბრძანება და პოლიციის მაღალჩინოსანმა, რომელმაც მაშინ მიამბო ყველაფერი, დასძინა, რომ ,,ხერხემალს"" იმხელა ავტორიტეტი აქვს სისტემაში, რომ თანამშრომლები თეთრების სიზუსტით მოახსენებდნენ ამოღებული თანხების ოდენობას.

რა შეძლო ახალმა ხელისუფლებამ ,,სამალავების"" საქმესთან დაკავშირებით? დარწმუნებული ვარ, ნაცისტების ნარჩენები კოალიციის მოქმედება ,,არიფების"" მორიგ საცოდაობად აფასებენ. ნაცლად დიდი ,,ივენტისა"" (როგორც იტყოდნენ ნაცები), მას-მედია მსჯელობს იმაზე, თუ რატომ არ მივიდა აშშ-ს ელჩი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე; არასამთავრობოები და ახალი ხელისუფლების წევრებიც (!) ბჭობენ იმაზე, შეიძლებოდა თუ არა ჟურნალისტებისთვის და მათთვის ძალადობის კადრების ჩვენება; შესაძლებელია თუ არა, (მიუხედავად სახეების დაფარულობისა) პიროვნებების ამოცნობა; დაირღვა თუ არა კანონი, მათთვის და დიპკორპუსისათვის ამ კადრების ჩვენებით და ა.შ. (წარმოიდგინეთ, რას და როგორ იყვირებდნენ ნაცების მიერ ორკესტრირებული არასამთავროები ასეთ შემთხვევაში და რამდენი მათგანი დაიკავებდა მაღალ თანამდებობებს ამ ყვირილის შემდეგ).

ერთი სიტყვით, ჯერჯერობით, კოალიციამ მორიგი ,,მთა"" ისევ ,,თაგვად"" წარმოაჩინა, ,,არიფების საცოდაობა"" გრძელდება და სამართალი ისევ ურმით მიჭრიალებს. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ახალი მთავრობა სწრაფად გამოიძიებს ამ შემზარავ დანაშაულს და აშშ-ს კონგრესი ვერ მოასწრებს დოკუმენტის მიღებას, რომელშიც ამ სამალავების აღმოჩენას პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილ პროვოკაციად შეაფასებს და სააკაშვილს ისევ ,,გულს მოუკლავს"" და ბოლოს ინფარქტამდე მიიყვანს მას.

სურათი არ იქნება სრული, თუ არ ვილაპარაკებთ იმ ტალღაზე, რომელსაც მოაჯდა ,,იდიოტი ბავში"" თავის თანამზრახველებთან ერთად და რომელზედაც იქროლა ცხრა წლის განმავლობაში. წლების წინათ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დასახა მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელების გეგმა. პოსტსაბჭოურ სივრცეში დაწყებული ,,ფერადი რევოლუციები"" ამ გეგმის წარმატებული განხორციელების თვალსაჩინო მტკიცებულება იყო. ცნობილი მეცნიერი თომას დე ვაალი სამართლიანად აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა თავიდანვე მოახერხა ბუშის დოქტრინის ,,სარეკლამო ბიჭუნა"" გამხდარიყო. ბუშის და ჩეინის მსგავსად ისიც დიდად არ ელოლიავებოდა ,,ძველ ევროპას"". ბუშმა ამოიცნო სააკაშვილში ,,მონათესავე სული"", მან გააგზავნა ჯარები ერაყში, აღაფრთოვანა ამერიკული აუდიტორია თავისი ამერიკული ინგლისურით, დაუღალავად აცხადებდა, რომ აშშ (და მისი პრეზიდენტი) არის მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის ფლაგმანი და ა.შ. გადიოდა დრო. ფერადი რევოლუციები ჭკნებოდა ისე სწრაფად და აშკარად, რომ ამ ჭკნობას ვერც პიარ-კოსმეტიკა და ვერც პიარ-ბოტოქსი ვერ დაფარავდა. საერთო ჭკნობის ფონზე რჩებოდა ერთი სარეკლამო ნიმუში - საქართველო და ერთი ,,სარეკლამო ბიჭუნა"" - სააკაშვილი. მართლაც ვერავინ უარყოფდა საქართველოში მასობრივი კორუფციის აღმოფხვრას; კრიმინალების თარეშის და განუკითხაობის დასრულებას; სახელმწიფო ინსტიტუტების აღმშენებლობას და მათ გამართულ მოქმედებას; გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობას და ა.შ. (პირადად მე ყოველთვის აღვნიშნავდი და ახლაც აღვნიშნავ სააკაშვილ-ჟვანიას გუნდის ისტორიულად მნიშვნელოვან მიღწევებს 2003 წლის ნოემბრიდან -2007 წლის ნოემბრამდე. ის რად ღირს, რომ 2010-შიც თბილისში ჩამოსული ბალტიისპირელი პოლიტოლოგები მარწმუნებდნენ, რომ ჩვენ მათზე უკეთესი საპატრულო პოლიცია გვყავს. შეგახსენებთ, რომ ეს ქვეყნები წლებია, რაც ნატოს და ევროგაერთიანების წევრები არიან). სწორედ ,,სუცცესს სტორყ""-ის (,,წარმატების ისტორიის"") შენარჩუნებისათვის იყო საჭირო სააკაშვილი და ,,ვარდებიანი"" საქართველო. ამიტომ მოხდა, რომ (ლინკოლნ მიტჩელის და ალექს ქულის სიტყვებით რომ ვთქვათ) აშშ-ს ადმინისტრაციის დამოკიდებულება ქართველი ხალხისადმი გადაგვარდა ლოზუნგში ,,საქართველო ეს მიშაა"". აშშ-ს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსათვის დახმარება სააკაშვილისა და მისი მთავრობისათვის დახმარების გაწევით ამოიწურებოდა. მოდუნდა ყურადღება საქაართველოს არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მას-მედიის მიმართ. თუმცა, სააკაშვილის პიროვნებით განხიბლვა თეთრ სახლში ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. ,,შიდა წრეში"" კარგად ახსოვთ ბუშის არაერთი კრიტიკული გამონათქვამი სააკაშვილის მიმართ. გამოქვეყნებულია ბუშის და ანგელა მერკელის საუბრის ფრაგმენტი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ შედგა. მაგრამ აშშ-ს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა საჯაროდ არასოდეს გაეკრიტიკებინა სააკაშვილი, ამ გადაწყვეტილებას ის ზუსტად ასრულებდა და ქართველ ხალხს ეს ძვირად დაუჯდა. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. 2008 წლის ივლისის დასაწყისში თბილისში ჩამოსული კონდოლიზა რაისი ხმის აწევით უხსნიდა სააკაშვილს, რომ თუ საბრძოლო მოქმედებებს წამოიწყებდა, აშშ მას მიატოვებდა და ის ერთი-ერთზე დარჩებოდა რუსეთის სამხედრო მანქანასთან. ,,ამას თუ იზავ, დაიღუპები და საქართველოსაც დაღუპავ, ქართველების ორი თაობა კი ნატოს ვეღარ ნახავს, როგორც საკუთარ ყურებს"", უყვიროდა რაისი სააკაშვილს, მაგრამ პრეს-კონფერენციაზე სულ სხვა რამ თქვა. არადა ერთი ფრაზა რომ ეთქვა საჯაროდ, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია კატეგორიულად აფრთხილებდა სააკაშვილს საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით, ,,იდიოტი ბავშვი"" ვეღარ გაბედავდა სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურას და საქართველო 2008 წლის კატასტროფას გადაურჩებოდა . . . .

აშშ-ს დამოკიდებულება ,,სარეკლამო ბიჭუნას"" მიმართ მკვეთრად შეიცვალა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. 2009 წლის იანვრის დასაწყისში, ობამას ინაუგურაციამდე ორიოდე კვირით ადრე, ბუშის ადმინისტრაციამ მოაწერა ხელი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ქარტიაზე. ქარტიის ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ შესანიშნავად იცოდა, რა შედეგი მოუტანა სააკაშვილის ავტორიტარულმა მმართველობამ საქართველოს. ,,ჩვენ ვიცით, რომ ქართველ ხალხს უნდა ცვლილებები და მიგვაჩნია, რომ ხალხი იმსახურებს ცვლილებებს"", მეუბნებოდნენ 2008 წლის შემოდგომაზე და 2009 წლის გაზაფხულზე ამერიკელი დიპლომატები და ექსპერტები. სულ ცოტა ხანში კი ისინი და ევროპელებიც გააოგნა რუსთაველზე მოწყობილმა ,,პერმანენტულმა აქციამ"", საკნების აგებამ და იმ მარაზმმა, რომელიც თან სდევდა ამ ,,არაჩვეულებრივ პოლიტიკურ გამოფენას"". ,,ყოველდღე ვიკრიბებით ,,მარიოტში"", ველაპარაკებით ოპოზიციის ლიდერებს. ესენი ,,გამოქვაბულის კაცები და ქალები ყოფილან"" (,,ცავე მენ ანდ ცავე წომენ"")! ვაი საქართველოს, ამათ თუ გაიმარჯვეს ახლა"", მეუბნებოდნენ ნაცნობი დასავლეთელი დიპლომატები. მე მთლიანად ვეთანხმებოდი მათ და ვამშვიდებდი იმით, რომ ჩვენი ხალხის უმრავლესობა იზიარებდა ამ აზრს და ყველა მეუბნებოდა, რომ ,,ამათ ხელისუფლებაში მოყვანას, ისევ ნაცების ატანა ჯობია"". (მკითხველს ვთხოვ გაიხსენოს ,,საკნების აქციის"" ორგანიზატორი პოლიტიკური ლიდერები და ის, თუ სად არის ახლა მათი დიდი ნაწილი).

ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულება სააკაშვილისადმი თავიდანვე იყო რეალისტური და სკეპტიკური. ,,ბუშის იდეალიზმი ობამას პრაგმატიზმიც შეიცვალა და ეს დაღუპავს ამერიკას"", თქვა ,,იდიოტმა ბავშვმა"" ერთერთ ინტერვიუში და ამით გააოგნა მთელი დასავლეთი. ობამამ სააკაშვილი მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის უპირობოდ დათანმხდა რუსეთის მიღებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კი ობამამ განაცხადა, რომ მთავარია საქართველოში ხელისუფლების გადაცემა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით. ჰილარი ქლინტონს დაევალა აშშ-საქართველოს ქარტიის აღსრულება. მაშინდელ პრემიერ გილაურთან შეხვედრების დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი აღნიშნავდა, რომ თუ სააკაშვილი და მისი ნაცები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისევ ,,გაიმარჯვებდნენ"", აშშ-ს ადმინისტრაცია აღიქვამდა ამას, როგორც ძალაუფლების უზურპაციას და დიქტატურაზე ღიად გადასვლას (გაიხსენეთ როგორი ბედნიერი სახით ტოვებდა გილაური თავის ,,პროჭულ"" სამსახურს. მკითხველს ბოდიშს ვუხდი და შევახსენებ, რომ გილაურმა თვითონ დაახასიათა თავისი სამსახური და საქციელი ამ სიტყვით და ეს ქართულ პრესაში გამოქვეყნდა).

საქართველოში ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით აშშ-ს ადმინისტრაციის საქართველოსთან ურთიერთობის სფეროში მთავარ ამოცანად იქცა. გავიხსენოთ, როგორ შეხვდა ქართული ოპოზიციის ლიდერი ვანო ბასიშვილი (ასე ეძახდნენ აშშ-ს ელჩს ჯონ ბასს თბილისში, რაც მას ძალიან ახალისებდა) ივანიშვილს მაშინ, როდესაც დიდი ქართველი ქველმოქმედის მიმართ სააკაშვილ-მერაბიშვილის რეჟიმის რეპრესიებმა და ცილისწამებამ კულმინაციას მიაღწია; როგორ ჩამოვიდა თბილისში სააკაშვილის ,,დიდი მეგობარი"" ჯონ მაკკეინი და საჯაროდ განაცხადა, რომ ივანიშვილის უკან კრემლი და კრემლის ფული არ დგას და სხვა მრავალი. ვანო ბასიშვილისგან ესტაფეტა ღირსეულად ჩაიბარა საქართველოს ძველმა მეგობარმა რიჩარდ ნორლანდმა. აშშ-ს საელჩოს მუშაკებთან ერთად მან წინასაარჩევნო პერიოდში დღე და ღამე გაასწორა ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. ,,ჭეშმარიტების მომენტი"" კი 2012 წლის 2 ოქტომბერს დადგა. ღამით დაწყებული ,,ხაშურიზაციის პროცესი"" მთელ ქვეყანას უნდა მოდებულიყო. ყველას ვაფრთხილებდი, რომ კრახგანცდილ სადისტურ სისტემას უკანდასახევი არ აქვს; რომ ახლა ნაცისტები სამალავებიდან ამოიღებენ და აამოქმედებენ ყველაფერს, რაც კი შეუძლიათ. აი ამ დროს სააკაშვილთან შევიდნენ აშშ-ს სენატორები ჯინ შაჰინი და ჯეიმს რიში აშშ-ს ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან ერთად. მათ ,,ახარეს"" იდიოტ ბავშვს, რომ მათთვის ცნობილი იყო არჩევნების ზუსტი შედეგი - რომ ,,ოცბებამ"" დამაჯერებლად გაიმარჯვა; რომ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს ძალადობა და აღიაროს დამარცხება - წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი და აშშ-ს ადმინისტრაცია განაცხადებდნენ, რომ საქართველოში არ შედგა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ამის შემდეგ აშშ ,,შესაბამისად"" მოექცეოდა სააკაშვილს და მის ჯგუფს. ,,ერთი სიტყვით დიპლომატიური ცოცხებით და ხელკეტებით შეიარაღებულები შევიდნენ ამერიკელები მიშასთან და კაბინეტიდან ისმოდა მისი განწირული კივილი - ,,ბიძიებო ნუ მცემთ, მტკივა!"", მითხრა ამ შეხვედრის დეტალების მცოდნე კაცმა. ამავდროულად ამერიკელებმა აღუქვეს სააკაშვილს, რომ დამარცხების აღიარების შემთხვევაში გამოირიცხებოდა მისი და მისი თანაგუნდელების პოლიტიკური დევნა; რომ ივანიშვილი ამის სრულ გარანტიას იძლევა, რომ თვითონაც ამის გარანტები არიან; რომ სააკაშვილი და მისი გუნდი დარჩებიან პოლიტიკურ ასპარეზზე და პერსპექტივასაც შეინარჩუნებენ და ა.შ. (სააკაშვილი ამაოდ ავითარებდა იმ აზრს, რომ ივანიშვილის სახით საქართველოში კრემლმა გაიმარჯვა და ახლა მას ტიმოშენკოს ბედი არ ასცდებოდა). აღსანიშნავია, რომ სააკაშვილისთვის არავის მიუცია ხელშეუხლებლობის გარანტია იმ შემთხვევაში, თუ მას და/ან მის თანაგუნდელებს სისხლის სამართლის დანაშაული დაუმტკიცდებოდათ. ასეთ რამეზე, ცხადია, საუბარიც არ ყოფილა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ აღიარა სააკაშვილმა საკუთარი დამარცხება. მან შესანიშნავად იცოდა, რა ბედი ეწეოდა მას (სხვა ყველა და ყველაფერი ფეხზე ჰკიდია) ქვეყნის შიგნით და გარეთ სხვა შემთხვევაში. ამერიკელმა სენატორები და ელჩი კი მაშინათვე ივანიშვილთან მივიდნენ და მას მიულოცეს გამარჯვება.

რა ხდება ახლა? აშშ-ს ადმინისტრაცია იცავს არა საკუთარ ძაღლიშვილს (,,სარეკლამო ბიჭუნასა"" და საკუთარ ძაღლიშვილს შორის დიდი სხვაობაა), არამედ საკუთარ სახეს. აშშ-ს და დასავლეთის მთავრობისათვის მტკივნეულია იმის აღიარება, რომ წლების განმავლობაში ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდნენ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო. მათ ბევრად ურჩევნიათ, რომ საქართველოს ,,წარმატების ისტორია"" მშვიდად გაგრძელდეს ძალაუფლების ცივილიზებულად გადაცემისა და მშვიდობიანი, კონსტრუქციული ,,კოაბიტაციის"" ლოზუნგების ქვეშ. ,,ამერიკელებს კი არა, ჩვენც გვერჩივნა, რომ არავითარი დაჭერები არ ყოფილიყო და კოაბიტაციის რეჟიმს ემოქმედა"", მითხრა ამას წინათ ცნობილმა ევროპელმა დიპლომატმა. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სამართალის აღსრულებას არაფერი უნდა დაუდგეს წინ. დასავლეთის ასეთ განწყობის ფონზე მმართველი კოალიცია შეცდომას-შეცდომაზე უშვებს და ეს ქმნის საერთო სურათს. საქართველოს დასავლეთ პარტნიორებს კი ხშირად ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ახალი მთავრობის ზოგიერთმა წევრმა საერთოდ არ იცის, რა უნდა აკეთოს, როდის რა თქვას და ა.შ.

ჩემი წერილი საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობის ზოგიერთ ასპექტს ეხება. ვითარების სწორედ აღქმისათვის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ტრადიციულად ჭარბად ფასდება დასავლეთის ინტერესი საქართველოს მიმართ. მრავალი წლის განმავლობაში ამერიკელი და სხვა დასავლეთელი პარტნიორები გულახდილად გვიხსნიდნენ, რომ საქართველო არ შედის მათი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში; რომ არსებობს მრავალი პრობლემა, რომელიც მათთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს ყოფნა-არყოფნა; რომ ბევრი პრიორიტეტული პრობლემის მოგვარება შეუძლებელია დასავლეთის რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის გარეშე; რომ საქართველოს გამო არასოდეს არ დაუპირისპირდებიან და ურთიერთობას არ გაიფუჭებენ რუსეთთან და ა.შ. მიუხედავად ამისა ჩვენი ე.წ. პოლიტიკური ელიტის და საზოგადოების ნაწილში მაინც სუფევს აზრი, რომ ვაშინგტონში, ბრიუსელში და მოსკოვში დღედაღამ ფიქრობენ საქართველოზე. ეს მცდარი აზრია და საჭიროა მისგან განვთავისუფლდეთ. უნდა გვესმოდეს, რომ კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებული ავტორიზაციის აქტი პრაქტიკულად არაფერს შეცვლის ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენი ცხოვრების შეცვლა-გაუმჯობესება მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული.

პეტრე მამრაძე, 21 ივნისი, 2013