ქართული ბრენდი ათსაუკუნოვანი ისტორიით - კვირის პალიტრა

ქართული ბრენდი ათსაუკუნოვანი ისტორიით

გადაცემა "ბიზნესფაილი", ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, "პალიტრა TV"-სა და რადიო "პალიტრის" ეთერში 15:10 საათზე გადის.

"სამსახურის საშოვნელად უმაღლესი განათლება არ კმარა"

როგორ დაიწყო ბიზნესი მან, ვინც დღეს თავად ასწავლის სხვებს ბიზნესის კეთებას და ქართული ბრენდი, რომელიც ათსაუკუნოვან ისტორიას ითვლის - გადაცემა "ბიზნესფაილმა" გასულ კვირას საგანმანათლებლო ცენტრ QA Center-ისა და შპს "თურმანიძის" ბიზნესისტორია გააცნო მსმენელსა და მაყურებელს. მალამოს დამზადების საიდუმლო რეცეპტს საგვარეულო თაობიდან თაობას გადასცემს, მიწისძვრისგან განცდილმა შოკმა კი პატარა გოგონას შენების სურვილი აღუძრა.

სიმბოლურია, რომ სპარსულად "თურმან" "მკურნალს" ნიშნავს. ქართულ ისტორიულ წყაროებში ეს გვარი პირველად XI საუკუნეშია ნახსენები, ხოლო ბაღდათთან, სოფელ წითელხევში, დღემდეა შემორჩენილი პატარა ბაზილიკა, რომლის კედელზე ამოიკითხავთ წარწერას: "გიორგის თურმანიძეს, მეუღლესა გულფიქრიას შეუნდოს ღმერთმან, ამინ. ძე მათი თურმანი". იქვე, ჯვრის მკლავებზე გამოსახული გველისებური ზიგზაგები გვაფიქრებინებს, რომ ეს სიმბოლიკაც არ არის შემთხვევითი და თურმანიძეთა ტრადიციულ საქმიანობაზე მიანიშნებს...

თურმანიძეები საუკუნეთა განმავლობაში მეფის კარის მკურნალები იყვნენ და არც შემდგომ ეპოქაში ღალატობდნენ მოწოდებას. გაზეთი "დროება" წერდა: "სერბიაში, დაჭრილების სამკურნალოდ თურმანიძეების გაგზავნაა განზრახული". 1812 წელს, კახეთის აჯანყების დროს ფეხში დაჭრილი პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე სწორედ თურმანიძეთა მალამომ განკურნა, ხოლო იტალიის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ბელადი ჯუზეპე გარიბალდი - ფეხის ამპუტაციისგან იხსნა.

მარიამ თურმანიძე (შპს "თურმანიძის" ერთ-ერთი დამფუძნებელი): - ძნელია დაზუსტებით თქმა, რა იყო ათი საუკუნის წინ, მაგრამ წყაროებიდან და ენციკლოპედიიდან ვიცით, რომ ჩვენი გვარი XI საუკუნიდან მოდის. მათ სამკურნალო თვისებების მქონე მალამოს დამამზადებლებად იცნობდნენ. ხშირად გვეკითხებიან, როგორ გაუძლო ამ მალამომ საუკუნეებს? გაუძლო იმიტომ, რომ არ შეცვლილა მისი საიდუმლო რეცეპტურა და დამზადების წესი. როგორც საუკუნეების წინ აკეთებდნენ "თურმანიძის მალამოს" ჩვენი წინაპრები, იმავე რეცეპტს ვიყენებთ დღესაც. ზუსტად არავინ იცის, როგორ აღმოაჩინეს ამ უნიკალური თვისებების რეცეპტი ათი საუკუნის წინ. საქართველოში მაშინ ყველა სოფელში იყო მკურნალი, დოსტაქარი. ექიმბაში, ვინც ხალხს მცენარეებით კურნავდა და ათასგვარ მალამოსა თუ სამკურნალო საშუალებას ამზადებდა. როგორც ჩანს, თურმანიძეებსაც ხელეწიფებოდათ ამგვარი საქმიანობა, ხოლო მათი მალამო კარგ სამკურნალო თვისებებს ავლენდა. დაზუსტებით ერთი რამ ვიცით, რომ ამ მალამოს დამზადების წესი შთამომავლობით გადმოგვეცა ჩვენი წინაპრისგან, ქეთევან თურმანიძისგან, რომელსაც საიდუმლო თავისმა წინაპრებმა გაანდეს. საბჭოთა პერიოდში, მაშინდელი რეჟიმის გამო, იკრძალებოდა როგორც მალამოსთვის აუცილებელი პროდუქტის შეძენა, ასევე სახლის პირობებში მისი დამზადება-გაყიდვა, მაგრამ მისი უნიკალური თვისებების გამო მაინც ხალხის რიგები იდგა ბებიას სახლთან.

ელენე აბზიანიძე (შპს "თურმანიძის" ერთ-ერთი დამფუძნებელი): - სხვათა შორის, გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩვენთან ისრაელიდან ჩამოვიდნენ და შემოგვთავაზეს, მათთვის მიგვეყიდა როგორც "თურმანიძეების" ბრენდი, ასევე მალამოს დამზადების რეცეპტი. საკმაოდ დიდ თანხას გვთავაზობდნენ, მაგრამ არ დავთანხმდით და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით. მოგვიანებით საკუთარი ძალებითა და ფინანსური რესურსით შევქმენით წარმოება და შპს "თურმანიძე" დავაფუძნეთ. ვამზადებთ ხუთი სახეობის მალამოს და ჩვენი პროდუქცია უკვე 15 წელია, საქართველოს სააფთიაქო ქსელში იყიდება. მართალია, დღეს მალამო ხელით აღარ მზადდება, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ, მაგრამ მთავარი პირობა არ დარღვეულა - მას თურმანიძეები საგვარეულო რეცეპტით ამზადებენ. ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა თავად პროდუქტმა შეუწყო ხელი გვარის პოპულარიზაციას და უკვე მრავალი საუკუნეა, ეს გვარი ქართულ ცნობიერებაში ასოცირებულია განუმეორებელ მალამოსა და სასწაულებრივ განკურნებასთან.

შპს "თურმანიძე"

ტელ: 238-17-02, (32) 237-20-65

infoturmanidze@yahoo.com;

makaturmanidze@hotmail.com

* * *

"მე ავაშენებ სახლს"!

ქეთევან კუჭაშვილი (QA Center--ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი): - როცა ჩემს განვლილ საქმიანობას ვაკვირდები, მას საფუძველი ჩემს ბავშვობაში აქვს. 1996 წელს საჩხერეში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. მაშინ 6 წლის ვიყავი, სახლის აივანზე ვიდექი და ვხედავდი, როგორ ინგრეოდა გარშემო მდგარი სახლები. მანამდე ხატვის ნიჭი არ მქონდა, მაგრამ ნანახმა ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მას შემდეგ სახლების ხატვა დავიწყე. სკოლაში ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ვითვლებოდი, ბეჯითი და მოწესრიგებული ვიყავი, მაგრამ ჩემს ყველა რვეულში სახლი მქონდა დახატული. გაკვეთილებს შორისაც სახლებს ვხატავდი. ერთხელ მასწავლებელმა მისაყვედურა ამის გამო, მე კი ვუპასუხე: ვაშენებ-მეთქი.

შემდეგ მათემატიკური ნიჭიც აღმომაჩნდა, ძილშიც ამოცანებს ვხსნიდი. ჩემი ბავშვობის დროინდელი სურვილი და შესაძლებლობები გავაერთიანე და საგანმანათლებლო სახლი შევქმენი. ამ მიზნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი. განათლებით ეკონომისტ-მარკეტოლოგი ვარ. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა გადავწყვიტე, მათემატიკაში მოსწავლეები მომემზადებინა. მამიდაჩემის მეგობარმა მომიყვანა შვილი მოსამზადებლად და ჩემი პირველი ანაზღაურება 25 ლარი იყო. ბევრს ვმუშაობდი, რომ ჩემი პირველი მოსწავლეებისგან შედეგი დამენახა, მათთან ერთად ვღელავდი, როცა საკონტროლო წერა ჰქონდათ. შემდეგ ბანკში დავიწყე მუშაობა. ერთხელაც, სტუდენტებისთვის საბანკო საქმეში ტრენინგების გამართვა შემომთავაზეს. სამუშაო გამოცდილებამ და სტუდენტებთან ურთიერთობამ დამანახვა, რომ უმაღლესი განათლება არ არის საკმარისი, რომ დამსაქმებლისთვის საინტერესო კადრი გახდე და სამსახური იშოვო.

დავიწყე ფიქრი საგანმანათლებლო ცენტრის შექმნაზე, სადაც უმაღლესი თეორიული განათლების შემდეგ, მსმენელებს პრაქტიკულად შევასწავლიდით საბანკო საქმეს, მენეჯმენტს, მარკეტინგს, ეფექტიან გაყიდვებს და სხვ. უმაღლესი განათლების გარდა, აუცილებელია პრაქტიკული უნარები, გამოცდილება, ცოდნა, რათა დასაქმების გარანტირებული საგზური მოიპოვო. სამოტივაციო წერილის დაწერასაც კი შესაბამისი ცოდნა სჭირდება. იდეა კარგი იყო, მაგრამ საგანმანათლებლო ცენტრისთვის არც შენობა მქონდა და არც საჭირო ინვენტარი, ამიტომ თავიდან იძულებული შევიქენი, სხვა საგანმანათლებლო ცენტრთან ქვეიჯარა გამეფორმებინა. ჩემი ყოფილი მოსწავლეებისა და ახლობელ-მეგობრებისგან მსმენელთა პირველი, 18-კაციანი ჯგუფი ჩამოყალიბდა. ბიზნესი რომ დავიწყე, იმავდროულად ბანკშიც ვმუშაობდი, რადგან ჩემი ბიზნესის ერთადერთი კაპიტალი და საბრუნავი საშუალება სწორედ ხელფასი იყო. შრომამ შედეგი გამოიღო. ახლა ჩვენი მსმენელების რაოდენობა 70-ს აჭარბებს. მათი უმეტესობა, ჩვენი სასწავლო კურსის შემდეგ, სამსახურს ადვილად პოულობს. გვაქვს ჩვენი შენობა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიდის და სექტემბრიდან მსმენელთა ნაკადს იქ მივიღებთ. ასე რომ, ჩემი სახლი მაინც ავაშენე...

საგანმანათლებლო ცენტრი QA Center-ი

მის.: მარჯანიშვილის ქ. 21

ტელ.: 555678545

QAcenter@mail.ru

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში.

გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.