უკანონო იარაღი მტირალას მთაზეც ჩაიმარხა?!
ადლიის სამხედრო ქვედანაყოფის სამხედროები 2009-10 წლებში მტირალას მთაზე სპეციალური იარაღის საცავების შექმნას ადასტურებენ(!)
სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, შს სამინისტროს მიერ სამეგრელოში აღმოჩენილი სპეციალური საცავები, სადაც უკანონო იარაღი ინახებოდა, არ არის ერთადერთი საქართველოს ტერიტორიაზე. კერძოდ, 2009 წლის შემოდგომიდან 2010 წლის ზაფხულამდე "ადლიის მსუბუქი საზღვაო-სამხედრო ქვედანაყოფის" სამხედროებმა მტირალას მთაზე იარაღის კუსტარული საცავები გააკეთეს - თხრილებში დამალეს დაახლოებით ორასი კასრი (200-ლიტრიანი), რომლებშიც კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი, ტყვია-წამალი და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი იყო ჩაწყობილი.
ამ საცავების მოწყობას წინ "ადლიის მსუბუქი საზღვაო-სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირების თანამდებობიდან გათავისუფლება უძღოდა. ადლიაში სპეციალურად წარგზავნილი ბაჩანა ახალაიას ნდობით აღჭურვილი პირი, სერჟანტი უპრეცედენტოდ სწრაფად დაწინაურდა, რამდენიმე დღეში ლეიტენანტი გახდა და ბატალიონის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, სამ თვეში კი ბატალიონის მეთაურობა ჩაიბარა(?!). მას შემდეგ, რაც მტირალას მთაზე იარაღის გადამალვა დასრულდა, ადლიის მსუბუქი საზღვაო-სამხედრო ქვედანაყოფის დაშლის საკითხი დაისვა(?!). ბაზაში მყოფი სამხედროები სხვადასხვა ბრიგადაში გადაანაწილეს, ნაწილი კი დაითხოვეს. სამალავის არსებობას ასევე ადასტურებს ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი.
კობა ნარჩემაშვილი (შს ყოფილი მინისტრი): "მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღემდე არის წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ გადამალული იარაღი. გამოვყოფდი აჭარას, სადაც ფარული საცავები მოაწყვეს. არ არის გამორიცხული, წინასაარჩევნოდ სწორედ ამ ტერიტორიიდან წამოვიდა იარაღის ნაწილი, რომელიც ახლა შს სამინისტრომ სამეგრელოში აღმოაჩინა. 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში უკონტროლო სიტუაცია იყო. ხელისუფლება თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და უსაფრთხოების დაცვაზე კი არა, პოლიტიკური რეჟიმის შესანარჩუნებლად მუშაობდა. თავდაცვის სამინისტროდან ბევრი პირი იყო ჩართული სხვადასხვა დანაშაულში. ისინი ხელმძღვანელობდნენ უკანონო ფორმირებების შექმნას და ასეთი ჯგუფების წევრებს საიდუმლოდ ნერგავდნენ ბრიგადებში. ეს მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.
სწორედ იმ ჯგუფებისთვის სჭირდებოდათ გადამალული იარაღი, რომლებიც ყველა რაიონში სჩადიოდნენ დანაშაულს. ათეულობით მოქალაქეა დაკარგული და მოკლული. მაქვს ინფორმაცია, რომ მათი დიდი ნაწილი ანაკლიაში, ზღვის ფსკერზეა, მათი ოჯახის წევრებს კი ჩანაწერებს ასმენინებდნენ, თითქოს ცოცხლები იყვნენ და სხვადასხვა ქვეყნიდან რეკავდნენ. მე მომხრე ვარ, რომ სამალავიდან ამოღებული იარაღის ამსახველი ვიდეომასალა წესების დაცვით გავიდეს საინფორმაციო საშუალებებით, რათა წინა ხელისუფლების საქმეები ცნობილი გახდეს მასებისთვის! "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენის საკითხი აღარ უნდა განიხილებოდეს!"
თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, "გენერალთა კლუბის" ანალიტიკური ცენტრის უფროსი თამაზ იმნაიშვილი:
- ეჭვი მაქვს, რომ იარაღის გადამალვა წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. გავიხსენოთ ერთი ფაქტი: 2010 წელს ამერიკაში დააპატიმრეს იარაღის კონტრაბანდაში მხილებული პირი, რომელმაც მალევე დაიწყო გამოძიებასთან თანამშრომლობა. მაშინ პრესაში დაიწერა, რომ იარაღის კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, კერძოდ, თავდაცვის ყოფილ მინისტრებთან აქტიურად თანამშრომლობდა და ქართულ მხარეს იარაღსა და ტყვია-წამალს აწვდიდა. მაშინ გაირკვა, რომ იარაღის დიდი ნაწილი უვარგისი იყო. შესაძლოა, ქართული მხარე ყიდულობდა ხარისხიან და ასევე უხარისხო იარაღსაც. უვარგისი თავდაცვის ბალანსზე დარჩა, ვარგისი კი შემდგომ გამოსაყენებლად გადაიმალა...
- როგორ ფიქრობთ, თუკი ამისთვის იყო გათვლილი ეს იარაღი, რატომ ვერ მოახერხეს "ნაციონალებმა" ვითარების არევა?
- შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" საფრთხეს ხედავდა 2012 წლის ზაფხულში, მაგრამ არჩევნების ასეთ მწარე წაგებას არ ელოდნენ, ეს მეხივით დაატყდათ თავს. ნაპოვნი იარაღი, ცხადია, იმაზე მიუთითებს, რომ ცუდი საქმეებისთვის იყო შენახული. "ნაციონალებს" ვითარების ასარევად დრო აღარ დარჩათ, ჩადენილი დანაშაულების კვალის დაფარვაც ვერ მოასწრეს.
- საცავების აღმოჩენის შემდეგ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თითქოს თავის მართლება დაიწყო, ეს იარაღი პარტიზანული ბრძოლებისთვის გვქონდა გადამალულიო. აქვს ამ არგუმენტს არსებობის უფლება?
- თუ ქვეყანას პარტიზანული ომების წარმოების სტრატეგია შემუშავებული აქვს, მაშინ ეს მიღებულია, მაგრამ საქართველოში არც შევარდნაძის პერიოდში, არც სააკაშვილის მმართველობისას და არც დღეს უსაფრთხოების სტრატეგიაში არაფერია ნათქვამი პარტიზანულ ბრძოლებზე. ქვეყნის პარტიზანულ საომარ მდგომარეობაში გადაყვანა ასე მარტივად არ ხდება, - მთავარსარდალი ან თავდაცვის მინისტრი ვერ იტყვის, რომ პარტიზანული ომისთვის იარაღი უნდა გადავმალოთო, ეს უნდა შემუშავდეს უშიშროების საბჭოში და შემდეგ დაამტკიცოს პრეზიდენტმა.
ასევე, უნდა შემუშავდეს ეროვნული თავდაცვის დოქტრინა, რისი რატიფიცირებაც პარლამენტმა უნდა მოახდინოს. ჩვენ არ ვიცნობთ პარტიზანული ბრძოლების სტრატეგიას, არ გვაქვს ასეთი დოქტრინა. ასეთი დოკუმენტი არ არსებობს! ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, ეს იარაღი დივერსიული საქმიანობისთვის იყო, თუ რომელიმე ძალოვანი უწყების ბალანსზე ირიცხებოდა, ბაზიდან მისი გატანა ყველა შემთხვევაში უკანონოა!
გარდა ამისა, მსგავსი ფორმით იარაღის გატანა და დამალვა არღვევს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ კონვენციას". ამ კანონის მიხედვით, ევროპის 43 ქვეყანა ვალდებულია შეიარაღების შესახებ ინფორმაცია გაცვალოს. საქართველოში კი თურმე წლების განმავლობაში ყოფილა დამატებითი იარაღი, რომელიც გასაიდუმლოებული ჰქონდათ. ეს უკვე საერთაშორისო სკანდალია და ყველა ის პირი, რომელიც იარაღის გადამალვაშია მხილებული, მკაცრად უნდა დაისაჯოს.
გიორგი თავდგირიძე, ექსპერტი სამხედრო საკითხებში:
- იარაღი, რომელიც კასრებში ინახებოდა, ბევრ კითხვას აჩენს. გამიჩნდა კითხვები პროექტზეც, რომელიც 2012 წელს წამოიწყო წინა ხელისუფლებამ. მაშინ ლაპარაკობდნენ ტერიტორიული რეზერვის შექმნაზე, რაც "ურაპატრიოტულ" მოტივებს ეფუძნებოდა. ამ პროგრამის ფარგლებში მოხუცებს, ახალგაზრდებს - ყველას იწვევდნენ რეზერვში და იარაღის სროლას ასწავლიდნენ. ასეთი პროექტი კარგია, როცა სოფლის დაცვას ასწავლი სავარაუდო ხანძრებისა ან სხვა სტიქიის დროს, მაგრამ არა იმისთვის, რომ მებრძოლებად აქციო. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სწორედ ამ ხალხის ხელში შეიძლებოდა მოხვედრილიყო გადამალული იარაღი.
- თავად სამხედრო ბაზებიდან იარაღის გატანა კანონიერი ქმედებაა?
- არც ერთ მეთაურს არა აქვს უფლება, იარაღი გაიტანოს სამხედრო ბაზიდან. თვით თავდაცვის მინისტრსაც არა აქვს უფლება ასეთი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა.
ალასანიამ მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. მას არაერთი დანაშაულის ფაქტი ედო წინ, რატომ არ შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც დეტალურად შეისწავლიდა თავდაცვის სამინისტროში არსებულ მდგომარეობას? დღეს ბევრს ვლაპარაკობთ კოაბიტაციაზე, მაგრამ დაუშვებელია სახელმწიფოს უსაფრთხოების ხარჯზე პოლიტიკური კოაბიტაცია.
P.S. ჩვენ ვესაუბრეთ ადლიის მსუბუქი საზღვაო-სამხედრო ქვედანაყოფის" სამხედროებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მტირალას მთაზე სპეციალური იარაღის საცავების შექმნაში. მათ დაგვიდასტურეს, რომ მტირალას მთაზე 2009-2010 წლებში მართლაც გადაიმალა დიდი რაოდენობით იარაღი. ამ ფაქტების გადამოწმება, ვფიქრობთ, სამართალდამცავებისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
უტა ბიწაძე
როცა სხვას ატყუებს კაცი, იმაზე არ ფიქრობს, რომ იმედგაცრუებულთა შურისძიებას და სისასტიკეს
ზღვარი არ გააჩნია
ჟან ლაბრუიერი