"შეუძლებელია, დედაქალაქში ასეთი მასშტაბის აფერა ჩატარებულიყო და უგულავას არ სცოდნოდა"
"არასწორია, რომ უგულავას სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილება არ შეუჩერა"
ადამიანის წამების ამსახველი ფირის გასაჯაროების შემდგომ დაწყებულმა სკანდალმა ერთგვარად მიჩქმალა ის ფაქტი, რომ თბილისის მერი ისევ დაიბარეს სასამართლოში. უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ტელეკომპანია "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" ეპიზოდზე, სხვისი ქონების არამართლზომიერად მითვისებისა და შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციის გამო ედავება. როგორ წარიმართება სასამართლო პროცესი, დაუმძიმდება თუ არა უგულავას ბრალი, ჯერჯერობით, უცნობია.
თბილისის მერიის საქმიანობაში კორუფციული სქემები თინა ხიდაშელმა წლების წინ გაშიფრა. ამიტომ მას უგულავას საქმეზე განმარტებები ვთხოვეთ:
- რაც გამოძიებისთვის დღეს გახდა ცნობილი, ჩემთვის უცხო არ არის. მაგრამ შთამბეჭდავი აღმოჩნდა ამ დანაშაულის მასშტაბი. მაშინ არ მიფიქრია, რომ ამდენ მილიონზე (5 მლნ ლარზე მეტი) იყო ლაპარაკი. ჩვენ ვიცოდით, რომ "თბილსერვისჯგუფი" იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე საწარმოთაგანი, სადაც "ნაცმოძრაობის" აქტივისტებს საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე ასაქმებდნენ.
უცნაურია, რომ გიგი უგულავა ჯოზეფ ქეის "ივანიშვილის ჯოკერს" უწოდებს. ვის ჯოკერობაზე ლაპარაკობენ, როდესაც სხვადასხვა დანაშაულში, ტელეკომპანიის ქურდობასა და სხვა ბევრი ბიზნესის მითვისებაში, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" "ბიზნესპარტნიორი" სწორედ ჯოზეფ ქეი იყო. ახლა გახდა საერთაშორისო მასშტაბის თაღლითი? ძალიან სასაცილოა ამის მოსმენა იმ ადამიანისაგან, რომელმაც ჯერ დაარბია "იმედი", ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტებს, შემდეგ ეს ტელეკომპანია თავის საკუთრებად აქცია.
- თქვენი ინფორმაციით, "იმედის" ეპიზოდში უგულავა რა სახით მონაწილეობდა?
- მე ვიცი ორი რამ: "იმედის" ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ შეკვეთებს და მიმართულებებს, რაზე როგორ უნდა ემუშავათ, უგულავასგან იღებდნენ. ეს ყველაფერი მის კაბინეტში იგეგმებოდა. Mმეორე ეპიზოდია ფინანსური სქემა, რომელზეც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" წერდა. როდესაც ეს ორგანიზაცია რიყის ტენდერის საკითხს განიხილავდა, მე ამ თემაზე საკრებულოში ვმუშაობდი.
ძალიან საეჭვო იყო, როდესაც თბილისის ცენტრში გაიყიდა ტერიტორია, რომელიც მერე უკან დაბრუნდა, მერე ისევ გაიყიდა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ 10 მილიონი სადღაც გაქრა(!).
ამან, რა თქმა უნდა, კითხვები გააჩინა. ჩვენ ხელი არ მიგვიწვდებოდა იმ პირების ვინაობაზე, იმ კომპანიებზე, რომლებიც ამ ყველაფრის უკან იდგნენ, მაგრამ გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ ეპიზოდში ჯოზეფ ქეიც ფიგურირებს. შეუძლებელია, დედაქალაქში ამხელა მიწა გაყიდულიყო, ასეთი მასშტაბის აფერა ჩატარებულიყო და ეს თბილისის მერს არ სცოდნოდა.
- მაგრამ რით უკავშირდება ერთმანეთს რიყის აფერა და ტელეკომპანია "იმედი"?
- ჩვენ ეს ორი ამბავი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ვიცოდით, მაგრამ
ვინაიდან ჯოზეფ ქეის სახელი გამოჩნდა რიყის გარიგებაში, გამოძიებას გაუჩნდა ეჭვი, რომელიც მერე დასაბუთდა. 10 მილიონი არის ის თანხა, რომელიც ფიგურირებდა რიყის გარიგებაში, მოგვიანებით კი ჯოზეფ ქეიმ "იმედში" 10 მილიონი გადაიხადა.
სამართლებრივად მნიშვნელობა არა აქვს, ეს რომელი 10 მილიონია, რადგან ეს ორივე ცალ-ცალკე დანაშაულია, მაგრამ ესეც ძალიან საინტერესოა, როგორც სქემა.
- უგულავას ჯერჯერობით არ ედავებიან ლას-ვეგასში ბიუჯეტის ხარჯზე ვიზიტებისა და პლასტიკური ოპერაციების გამო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრალი ამ მიმართულებითაც დაუმძიმდება?
- არ ვიცით, კიდევ რა გაირკვევა ამ პერიოდში და რა გამოჩნდება. ის, რომ უგულავა დღეს გარეთ არის, პრობლემა არ არის, რადგან მას ძალადობრივ დანაშაულზე არ ედავება პროკურატურა, მაგრამ არასწორია, რომ სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილება არ შეუჩერა. უგულავას, როგორც მოქმედ მერს, აქვს საიმისო ბერკეტი, რომ გავლენა მოახდინოს მოწმეებზე, რომლებიც მისი ხელქვეითები არიან.
- ბოლო პერიოდის აქტუალურ თემასაც შევეხოთ. უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ადამიანის წამების ამსახველი ფირების აღმოჩენის შემდეგ პრეზიდენტი და შს ყოფილი მინისტრი აცხადებენ, ამის შესახებ არაფერი ვიცოდითო? უმცირესობის წევრი და თბილისის ყოფილი პროკურორი ღვინიაშვილიც ამბობს, რომ არაფერი იცოდა იმ დანაშაულებზე, რომელსაც პრეზიდენტის თქმით, მთავარი პროკურორის მოადგილე ჩხატარაშვილი სჩადიოდა.
- სოზარ სუბარის სახალხო დამცველობის დროინდელი ნებისმიერი ანგარიში გადმოიღონ და ყველაში ნახავენ დასაბუთებულ ინფორმაციას იმაზე, რომ წამება და არასათანადო მოპყრობა ჩვეულებრივი ამბავი იყო. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში არსებობდა აკრძალული და დაშვებული სიტყვები.
"წამება" აკრძალული სიტყვა იყო და ამაზე არავის უნდა ელაპარაკა. თუ გაბედავდი და იტყოდი, რომ ვიღაც აწამეს, მასხრად აგიგდებდნენ.
ამიტომაც მიუღებელია ეს განცხადებები, რომ წინა ხელისუფლებამ არაფერი იცოდა. მათი მოვალეობა და ვალდებულება იყო, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და მედია ამაზე ლაპარაკობდნენ, რეაგირება მოეხდინათ, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობას" ეს არ აინტერესებდა. სწორედ ამის გამო ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს.
- "ნაციონალური მოძრაობის" ერთ ნაწილს არ მოსწონს ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა. ყოფილი ქალაქის პროკურორი ღვინიაშვილი ამბობს, მე ვაპატიმრებდი იმ პოლიციელებს, ვინც ხალხს აწამებდნენო.
- დამისახელოს ღვინიაშვილმა, რომელი ხალხის მწამებელი დაისაჯა პროკურატურაში მისი მუშაობის დროს. 2004-2005 წლებში შეიძლება ვიღაც დააკავეს, რადგან მაშინ მარტივი პასუხი ჰქონდათ, ეს ძველი სისტემიდან გადმოყოლილი ხალხიაო, მაგრამ გაგვახსენონ, ბოლო წლებში თუ დააკავეს ის პოლიციელები, ვინც ხალხზე ძალადობდნენ. წამების მუხლით ის პოლიციელებიც კი არ გაუსამართლებიათ, რომელთაც სანდრო გირგვლიანი მოკლეს.