ირაკლი წერეთელი: "ივანიშვილმა რვა თვის განმავლობაში არც ერთი დაპირებული სიტყვა არ შეასრულა, მუდმივად გვატყუებს" - კვირის პალიტრა

ირაკლი წერეთელი: "ივანიშვილმა რვა თვის განმავლობაში არც ერთი დაპირებული სიტყვა არ შეასრულა, მუდმივად გვატყუებს"

ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგიდან":

"შიმშილობა უკვე დავიწყე. კატეგორიულად მოვითხოვ სამედიცინო ზედამხედველობას ჩემი შიმშილობის კეთილსინდისიერების დამადასტურებლად. თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა ყველას მივმართო, გამაგრდით ქართველებო! არაფრის შეგეშინდეთ. ცხოვრება შიშად არ ღირს, მთავარზე მთავარი ღმერთი და ჭეშმარიტებაა, ღმერთმა გააძლიეროს ყველა ღირსეული ქართველი ჭეშმარიტებისათვის ბრძოლაში!. თავისუფლება ერთ-ერთი უდიადესი ღვთიური სიკეთე და ჭეშმარიტებაა. დიდება უფალს", - ასე მიმართავს შიმშილობის მესამე დღეს პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი ქართველ ერს.

- ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიმპათიით იყავით განწყობილი...

- მიხეილ სააკაშვილს მხარში კი დავუდექი, როდესაც ქვეყნის სათავეში მოდიოდა, მაგრამ მერე დაიწყო მკვლელობები, გაუჩნდა აგდებული ტონი საზოგადოების მიმართ და ეს ვერ ვაპატიე. მიშას ასაგდები და დასამცირებელი ვინ არის, ირაკლი წერეთელს ცალ ტვინში უდევს მისი წონა ცოდნა და ნაკითხობა... მიშაზე ამბობდნენ, პოლიტიკა კარგად იცისო, არადა, ამ ცხრა წლის განმავლობაში ხალხის უმეტესობას თავის შეაძულა და რა გამოდის, მთელი ერი ცდება მასთან? ის ეროვნულობისა და სახელმწიფოებრიობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს... კარგი პოლიტიკოსი იყო ჰიტლერიც, რომელმაც მთელი გერმანია, ეს მართლაც განსხვავებული ტიპის ხალხი, ერთი დროშის ქვეშ გააერთიანა. მის დროს რომ იყო გერმანიის ეკონომიკური მშენებლობის პოლიტიკა აწყობილი, იმ ინერციით მიდის დღემდე, მაგრამ ჰიტლერი ფაშისტი იყო, ამიტომ არ ვეთანხმები, როდესაც მიშაზე ამბობენ, ძლიერი პოლიტიკოსიაო. თუ რამე იცი და შეგიძლია, ქართულ საქმეს უნდა მოახმარო.

იმავეს ვიტყოდი ივანიშვილზე, არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა იქნება, მაგრამ ამ რვა თვის განმავლობაში არც ერთი დაპირებული სიტყვა არ შეასრულა, მუდმივად გვატყუებს. რევანშსა და შურისძიებაზეა გადასული, იმ გამწარებული ხალხის გულისტკივილს არის აყოლილი. ისიც იმიტომ, რომ დეოკუპაციისა და სხვა სახელმწიფო საკითხებში ვერაფერს აკეთებს და ხალხის ყურადღების გადატანას ცდილობს. ქართველებსაც ურჩევნიათ, ყველა ძალა, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვა, წინა ხელისუფლების დედის ტირებაზე იყოს ორიენტირებული. ისე კი, როცა მიშა და ბიძინა ჩახუტებულები იყვნენ, სააკაშვილს ვლანძღავდი, მაგრამ ახლა მართლა გულწრფელად რომ შერიგდნენ, მივესალმები. ოღონდ ეს ჩვენი თვალის ასახვევად კი არ უნდა გააკეთონ, გარეწარი კაცები ქალს რომ სიყვარულს უხსნიან და თვალს უხვევენ, რათა ლოგინში შეიტყუონ და თავიანთ ვნებას რომ მოიკლავენ, მიატოვონ. ისე კი, ხალხის მიმართ კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ვერც ერთ მხარეს ვერ ვატყობ... მიშას მხარდამჭერები ბოლო დროს ისე გათავხედდნენ, რომ მთელ საქართველოს "ქოცებად" მოიხსენიებენ. ამ ძიძგილაობაში კი საქართველო ორივე მხარეს დაავიწყდა. ჩემი შიმშილობა ყველაფერს ახდის ფარდას, თუ მართლა უნდათ იმ პრობლემების მოგვარება, მე რომ ჩამოვთვალე, კეთილი ინებონ და მოაგვარონ.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომერში