თემურ შაშიაშვილი: "ბაგრატის ტაძრის დაკარგვაში დიდი წვლილი მიმიძღვის" - კვირის პალიტრა

თემურ შაშიაშვილი: "ბაგრატის ტაძრის დაკარგვაში დიდი წვლილი მიმიძღვის"

ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგიდან":

- 2002 წელს იუნესკოსთან ერთად გამოვაცხადეთ კონკურსი ბაგრატის ტაძრის რესტავრაციისთვის. ეს ყველაფერი ყველაზე კარგად იცის პეტრე მეტრეველმა, რომელიც დღემდე პრეზიდენტის მრჩეველია და. სამწუხაროდ, დღემდე დუმს. ის იუნესკოს წარმომადგენელი იყო იმ პერიოდში. იუნესკოს გენერალურ დირექტორთან ჩვენც ვმეგობრობდით. გასაგებია, პეტრე მეტრეველი რატომ დუმს. პრეზიდენტის თანაშემწეა და ხმას ვერ იღებს. მან გადასარევად იცის, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი, პროექტი ჩვენი ფულით გაკეთდა. 2003 წლის 21 სექტემბერს კონკურსის შედეგები გამოცხადდა. იუნესკოში ორივე წარდგენილი პროექტი დაიწუნეს. პროექტი მსოფლიო პატრიარქმაც დაიწუნა. იუნესკოში მითხრეს, რას შვრებით, ხალხო, თქვენს ძეგლებს თქვენვე ებრძვითო? ასე არასოდეს შევრცხვენილვარ, როგორც მაშინ. მერე კი ამ დაწუნებული პროექტით აღადგინეს ბაგრატი. პროექტი, რომლითაც აღადგინეს ბაგრატი, ჩვენი გაკეთებულია.

- დაწუნებული პროექტით რატომ დაიწყეს რესტავრაცია?

- თვითნებობით გააკეთეს. პროექტის ავტორი ვანო გრემელაშვილი გარდაცვლილია. ბრწყინვალე პიროვნება იყო.

- ლიფტის გაკეთების იდეაც მისი იყო?

- ვანო გრემელაშვილი და ლიფტი? წარმოუდგენელია. ეს იდეა მოგვიანებით გაჩნდა და იყო კაპრიზი. აქ ხომ არ შეიძლება ვინმე ვინმეს შეეკამათოს. ბაგრატის მოძღვარი ვინც იყო, ჟვანია, ტაძარს მოაცილეს. გული მწყდება მეუფე კალისტრატეზე, რომელიც ხმამაღლა ამბობდა, ვინც ბაგრატს ააშენებს, მეორე დავით აღმაშენებელიაო. დავით აღმაშენებელს ეძახდა ედუარდ შევადნაძეს. რამდენჯერმე მეც მიწოდა, მაგრამ ვუთხარი, მე თავი დამანებეთ მსგავსი სახელების შერქმევისგან-მეთქი. მოკლედ, იუნესკომ 2003 წელს პროექტი რომ დაიწუნა, ლიფტი არ იყო. მაშინ ვინ გაბედავდა ასეთი რამის თქმას. ყველაფერი ვანო გრემელაშვილის პროექტით გაკეთდა, გარდა ლიფტისა და ზემოთ ასასვლელის. გრემელაშვილი იყო ვახტანგ ცინცაძის მოწაფე. ის ცუდს არაფერს მოიმოქმედებდა.

- როგორც ვხვდები, ბაგრატის ტაძარი ქართველებმა გავაფუჭეთ და ამაში წვლილი თქვენც მიგიძღვით.

- გეთანხმებით. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მეც მიმიძღვის, იმიტომ, რომ ვერც პროექტი, ვერც ტაძარი ვერ დავიცავი.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომერში.