აკაკი ბობოხიძე – იმ კადრების გამო ჩვენც უნდა ვაგოთ პასუხი! - კვირის პალიტრა

აკაკი ბობოხიძე – იმ კადრების გამო ჩვენც უნდა ვაგოთ პასუხი!

სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენელი ვიდეო-ფირების თემას აქტუალობა კიდევ არ დაუკარგავს. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან აკაკი ბობოხიძესთან.

- ის, რაც იმ ვიდეოფირებზეა ნაჩვენები, ამაზრზენია. ყველამ, ვინც ამაზე იურიდიულად პასუხისმგებელი შეიძლება იყოს, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. ასევე, ცალსახად ვიტყვი, პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენც, იმ ადამიანებმა, რომლებიც პოლიტიკურად პასუხისმგებლები ვიყავით მიმდინარე მოვლენებზე.

- ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ არ იცოდა თუ ასეთი რამ მის უწყებაში ხდებოდა და ამაზე ბოდიში მოიხადა.

- ეს ის შემთხვევაა, როდესაც არცოდნა ცოდვაა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვისაც მცირედი ბრალი მაინც მიუძღვის ამ დანაშაულში. მათ შორის, თუნდაც მე, მიუხედავად იმისა, რომ მე მხოლოდ პარლამენტში ვიყავი... ამავე დროს, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ მომავლისათვის იმაზეც, რა ზომით განისაზღვროს პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მის სისტემაში მსგავსი ფაქტი გამოვლინდება. ძალიან მაწუხებს, რომ ლაპარაკი მიდის სისტემურ დანაშაულზე. ეს არაა სწორი, რადგან გამოდის, რომ მთლიანად საპოლიციო სისტემა იყო გარყვნილი, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციელთა 90% არ იყო ამ დანაშაულში ჩართული და არც იცოდა ამის შესახებ.

- თქვენი აზრით, რა მიზნით ხდებოდა ამ ვიდეო კადრების გადაღება და შემდგომში მისი შენახვა?

- ვერ გეტყვით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ავადმყოფი ადამიანების შემოქმედება. შემსრულებელიც, დამკვეთიც და გადამღებიც - ყველა ავადმყოფია. არანაირი სურვილი არ მაქვს ამ კადრების ნახვის, მეტიც, სრული ზიზღი მაქვს ამ ყველაფრის მიმართ და ძალიან მიკვირს ადამიანებისა, ვინც ეს დავალება გასცა, შეასრულა, გადაიღო და ამ ყველაფრის მერე ღამე მშვიდად ეძინათ.

- ბატონო აკაკი, პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩხატარაშვილს და ქარდავას არ იცნობდა, მაშინ, როცა ქარდავას მიწა აჩუქა 1 ლარად, ხოლო ჩხატარაშვილს ღირსების ორდენი გადასცა. პრეზიდენტმა განზრახ მოიტყუა, თუ მას უბრალოდ დაავიწყდა ეს პიროვნებები?

- ორდენის გადაცემის დროს 5-10 წუთით შეხვედრა ნაცნობობ-მეგობრობას არ ნიშნავს. თუმცა ის, რომ არ ვიცნობდით, ნამდვილად არ ამსუბუქებს სიტუაციას. ჩვენ მთლიან სისტემაზე ვიყავით პასუხისმგებლები და არა ნაცნობებზე, მაგრამ ცუდია სხვა რამე, როცა ხელისუფლება ცდილობს, პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობაზე ილაპარაკოს, ხოლო უშუალოდ შემსრულებლები (მაგ. ციხის სკანდალში მონაწილე პირები) ან გამოშვებულები არიან ან კიდევ შეუსაბამოდ მცირე სასჯელი აქვთ შეფარდებული. სამწუხაროდ, ეს არის სიგნალი პოლიციაში დარჩენილი ასეთი პირების მიმართ, რომ მათ შეუძლიათ, კვლავ გააგრძელონ თავიანთი უკეთურება, რადგან, როგორც ჩანს, შემსრულებელი პასუხს არ აგებს.

- უმცირესობა დღეს აპელირებს ციხის სკანდალის მონაწილე ლადო ბედუკაძის გათავისუფლებით, თუმცა გირგვლიანის მკვლელებიც იმაზე ადრე გაათავისუფლეს, ვიდრე ეკუთვნოდათ, ხოლო საპატიმროში რა პირობებში უწევდათ მათ ცხოვრება, ყველასთვის ცნობილია.

- ჩემთვის ბედუკაძის გათავისუფლება ცოტა უცნაურია. გაგებით მოვეკიდებოდი, მაგრამ ფაქტია, რომ ბედუკაძემ ყოველგვარი დაკვეთის გარეშე დადგა რამდენიმე სპექტაკლი უშუალოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. თუმცა, ჩემთვის ეს გათავისუფლება მეტ-ნაკლებად კიდევ გასაგებია, რადგან მისი მონაწილეობით აეხადა ფარდა ამ უმსგავსობას. აი, გლდანის ციხის მონაწილე პირებს რატომ მიეცათ მსუბუქი სასჯელი, ამაზე აქვს ვინმეს პასუხი? ეს არის პირდაპირი სიგნალი ხელისუფლების მხრიდან, რომ თუ ადრე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მერაბიშვილს, ახლა დაეკისრება ღარიბაშვილს. აუცილებლად კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ შემსრულებლებიც, რადგან მერე არავინ დაიწყოს, ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ სხვა გზა არ მქონდა, მაიძულებდნენო და სხვ.

- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შესაძლოა პოლიტიკიდან წავიდეს. თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა ეს განცხადება?

- ივანიშვილის მაგივრად ნამდვილად ვერ გავაკეთებ განმარტებას. თუმცა, ცოტა უცნაურად მეჩვენება, რომ ასე ხელაღებით აპირებს ოქტომბერში წასვლას, თუ სცენარი არ გათამაშდება, როდესაც სინამდვილეში არსადაც არ წავა, მაგრამ იტყვის, რომ წავედიო. ერთი სიტყვით, არ ვიცი, მისი განცხადება რას ემსახურება. ოქტომრამდე სულ რაღაც 4 თვე დარჩა და ყველაფერი გამოჩნდება. ყოველ შემთხვევაში მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილს აქვს ვალდებულება ამომრჩევლის წინაშე, ამიტომ კეთილი ინებოს და შეასრულოს ის დაპირებები, რაც ასე უხვად გასცა. ჯერჯერობით მან მხოლოდ ის პირობა შეასრულა (სხვათაშორის წარმატებით), რომ ჩვენს ხელისუფლებას დაამარცხებდა, ახლა დროა სხვა დაპირებების შესრულებაზეც იზრუნოს.

- ამერიკის კონგრესმა საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლება მაღალჩინოსნების დაპატიმრების გამო. აღმოჩენილი ვიდეო მასალა შეარბილებს თუ არა კონგრესის სამომავლო განცხადებების ტონს?

- არ შეარბილებს, რადგან, სამწუხაროდ, მსგავსი უმსგავსობა ხდება უმაღლესი დემოკრატიის ქვეყნებშიც, თუმცა იქ სახელმწიფოს რეაგირებაც შესაბამისია. ვიმეორებ, როცა უშუალო შემსრულებლები ფაქტობრივად დაუსჯელები არიან და აქცენტი მხოლოდ პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირებზეა გადატანილი, ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. კი ბატონო, ხალხს სჭირდება სამართლიანობა, ხალხისთვის ეს არის კარგი, მაგრამ ის ადამიანები, ვინც თითქოსდა სამართლიანობის აღდგენას ანხორციელებენ, სინამდვილეში დაკავებული არიან პირადი შურისძიების გრძნობის დაკმაყოფილებით, უბრალოდ, მათი შურისძიების განცდა და ხალხის განცდა ერთმანეთს დაემთხვა, თორემ მათ ხალხის ინტერესი სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ამ დამთხვევით ერთობ კმაყოფილები არიან და დიდი მონდომებით ცდილობენ, დამალონ თავიანთი რეალური სახე და მოქმედება. თუმცა ამას ძალიან კარგად ხედავს და ამჩნევს დასავლეთი. გარწმუნებთ, რომ კონგრესის პოზიცია არ შერბილდება, იქნება ასეთივე მკაფიო და ასეთივე მკვეთრი, ეს კი ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. თუმცა გასაკვირს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს სჯიან წარსული ცოდვების გამო. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავისაჯოთ, მაგრამ როცა შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე, ამას დასავლეთი საკადრის პასუხს გასცემს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)