გია ცინაძე ("მყუდრო"): "საქართველო უკან-უკან მიდის… წინა მთავრობის დროს რაც ხდებოდა, კარგი იყო"
22-23 ივნისს მცხეთაში ჩატარებულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე "ოაზისი", დაუზუსტებელი ინფორმაციით, პოლიციამ 60-მდე ადამიანი წაიყვანა ნარკოლოგიურ დაწესებულებაში. როგორც მოძრაობა "2 ივნისი" თავის "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს, გმობს ძალადობას და ხელმოწერებს აგროვებს. ერთ-ერთი ხელმომწერი მსახიობი გია ცინაძეა (რომელსაც ქართველი მაყურებელი უფრო "მყუდროს" მეტსახელით იცნობს). "კვირის პალიტრა" მას ფესტივალის და ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შესახებ ესაუბრა.
გია ცინაძე:
- ფესტივალ "ოაზისზე", სამწუხაროდ, არ ვიყავი. როგორც შემდეგ გავიგე, თურმე, ძალიან მაგარი ღონისძიება გამიცდენია. პროტესტს შევუერთდი, რადგან ადამიანები ფესტივალზე გასართობად მიდიან, ევროპიდან თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხი განტვირთვას ცდილობს. რაც იქ მოხდა, ისევ საქართველოზე და ისევ შსს-ზე მოქმედებს ცუდად. ყველას კარგი საქმის კეთება გვინდა, არავინ არაა ჩასაფრებული, რომ პოლიციაზე ცუდი თქვას. პოლიციას თუ უნდა, რომ იმიჯი არ შეელახოს, ყველასთვის არსებობს რაღაც ზომები და ეს ზომები დაცული უნდა იყოს.
- გართობაში, საერთოდ, ბევრი რამე შეგვიძლია, ვიგულისხმოთ. ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფესტივალზე ბევრი ნარკოტიკს მოიხმარდა, პოლიცია კი ამაზე ახდენდა რეაგირებას...
- იქ ასეთი რაღაცები მართლა არ ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ იქ ამ ქვეყნის საუკეთესო საზოგადოება იყო შეკრებილი. ყაჩაღებს და კანონდამრღვევებს სხვა ადგილზე უნდა ეძებდნენ. მათ კი, თურმე, მოქალაქეები მიჰყავდათ და ა*****ნებდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნარკოტიკების მიღებაზე ამოწმებდნენ. მიჰყავდათ და იმით ინტერესდებოდნენ, ადამიანმა შარშან ან ერთი თვის წინ თუ მიიღო ნარკოტიკი. ეს, მე მგონი, სულ სხვა რამ არის.
- თუ იქ არ იყავით, რატომ გგონიათ, რომ ძალიან კარგი საზოგადოება იყო შეკრებილი?
- ამას იქიდან ვასკვნი, რომ ფესტივალი გემოვნებიანი ადამიანების გაკეთებულია და სცენაზე კარგი არტისტები გამოდიან. თბილისში ყველამ ყველაფერი ვიცით, რომელ კონცერტზე რა სეგმენტი დადის. იქ ყველა ადამიანი კარგი და სიკეთის მკეთებელი იყო, ამის მჯერა. რა თქმა უნდა, ისე არ მოიქცეოდნენ, ასაყვანები რომ გამხდარიყვნენ. ასეთი შემთხვევები რესტორნებში ხდება, სადაც ტრულაილას უკრავენ და ხალხი ერთმანეთს სკამებს ესვრის.
- ე.ი. თქვენ ამტკიცებთ, რომ ფესტივალზე პოლიციელებს მოქალაქეები მიზეზგარეშე, გართობისა და აბუჩად აგდების მიზნით მიჰყავდათ ნარკოლოგიურ დაწესებულებაში?
- ერთობოდნენ და ალბათ, პოლიციელს ვიღაც თუ არ მოეწონებოდა, დავუშვათ, ვინმე გაუპარსავი თვალში არ მოუვიდოდა, იმას აიყვანდა. მე რაც ვიცი, იმას გეუბნებით. დარწმუნებული ვარ, რომ იქ ცუდი არაფერი ხდებოდა.
- კონკრეტულად შსს-სგან რას მოითხოვთ?
- ვიღაცისადმი კონკრეტული მოთხოვნების წაყენებაში საქმე არ არის. ქვეყანაში იმ ადგილას, სადაც სიმშვიდეა, ხალხი ერთობა და არავინ არ ჩხუბობს, სიტუაციის ზედმეტად დაძაბვა არ ღირს. ამაზეა ლაპარაკი, თორემ მეც კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და ყველა კანონდამრღვევი უნდა დაისაჯოს.
- თუ შსს-ს თანამშრომლები ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას, არ თვლით, რომ შსს-ს თქვენ უფრო კეთილგონიერად უნდა დაუპირისპირდეთ? თავისთავად, ეს ცოტა ხისტი და არაკორექტული მიმართვაა შსს-ს მიმართ.
- 21-ე საუკუნეა, ყველგან ყველაფერი შეიძლება. ეს არის აქცია, რომელსაც ახალგაზრდა ადამიანები აწყობენ. "არ მე*****აო", რომელიმე პარტიას ან ისეთ დაწესებულებას რომ ეთქვა, სადაც ადამიანები ჰალსტუხებით დადიან, სხვა თემა იქნებოდა. მაგრამ ეს ახალგაზრდებს ეხება.
- სხვა თემაზე გადავიდეთ. თქვენ აქტიურად და ხშირად აფიქსირებთ თქვენს მოქალაქეობრივ პოზიციას და არც იმას მალავთ, რომ წინა ხელისუფლების მიმართ დიდი სიმპათიებით ხართ გამსჭვალული. ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე რა აზრის ხართ?
- ჩემი აზრით, საქართველო უკან-უკან მიდის. თუ ასე გაგრძელდება, პირდაპირ გეტყვით, რომ დავიღუპებით. ის, რაც წინა მთავრობის დროს ხდებოდა, კარგი იყო. აქ საუბარი არის საგარეო კურსზე, იმაზე, თუ ზოგადად, როგორ უნდა ადაპტირდეს ქვეყანა დანარჩენ მსოფლიოში. რაღაც შეცდომები რომ იყო დაშვებული, ამის გამო პასუხი დამნაშავეეებს უნდა მოეთხოვოთ და ისინი უნდა დაისაჯონ. ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ და გვინდა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს, დასასჯელი დაისაჯოს, ბედნიერ ადამიანებს კი ბედნიერებაში ხელი არავინ შეუშალოს.
- ბოლო დროს აღმოჩენილ კადრებთან დაკავშირებით რას იტყვით?
- რა თქმა უნდა, კადრები, რაც არსებობს, ნამდვილია და ამის მჯერა. ის, რომ ყველას კადრების ნახვა უნდა, ავადმყოფობაა. მათი ძალიან მიკვირს. მე ნახვის სურვილი არ გამჩენია. კადრების გამო, რასაკვირველია, ყველა აღშფოთებულია. ეს ჩვეულებრივი რეაქციაა და ყველა ამბობს, რომ დასასჯელი უნდა დაისაჯოს. ამას არავინ უარჰყოფს.
- ამ კადრების მერეც ემხრობით "ნაციონალურ მოძრაობას"?
- მე მხარს ვუჭერ მათ საგარეო კურსს და იმას, თუ რა კარგი რამ უნდათ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. გამოდის, რომ ახლა "ნაციონალურ მოძრაობას" ვუჭერ მხარს. თუ იქნება რაიმე სხვა მოძრაობა, რომელთაც იგივე კურსი ექნებათ აღებული, შემდეგ მათ მივემხრობი. ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" კი არ მეზიზღება (იცინის), ზოგადად, მათი საქმე არ მომწონს. მე ჩემს მოქალაქეობრივ აზრს გეუბნებით. ვისაც ჯანსაღი აზრი გააჩნია, იმისკენ ვარ.
ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)