”ჩემი ქმარი კანონიერი ქურდის სტატუსს შეეწირა” - რას ყვება ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე - კვირის პალიტრა

”ჩემი ქმარი კანონიერი ქურდის სტატუსს შეეწირა” - რას ყვება ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე

ამონარიდი ჟურნალ ”გზადან”:

ციხიდან გათავისუფლებული ტარიელ ფოცხვერია სამართალდამცავებმა 2 კვირაში ისევ უკან შეაბრუნეს. ”გამოძიებამ დაადგინა, რომ ის არის ე.წ. ”კანონიერი ქურდი” და ქურდულ სამყაროს აღიარებს. იგი ქურდული სამყაროს სასარგებლოდ აწყობდა ქურდულ გარჩევებს, იღებდა ე.წ. ქურდულ გადაწყვეტილებებს, მითითებებს აძლევდა ქურდული სამყაროს სხვა წევრებს და მათი გავლენის ქვეშ მყოფ პირებს. დადგენილია, რომ ბრალდებული ამ სახით მონაწილეობდა ქურდული სამყაროს მართვასა და ორგანიზებაში. კავშირი ჰქონდა ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ საზღვარგარეთ მცხოვრებ სხვა პირებთან”, - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

მის დაკავებას ადვოკატი და ფოცხვერიას ოჯახი აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ტარიელ ფოცხვერია მხოლოდ იმიტომ დაისაჯა, რომ ვერ შეასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მოთხოვნა და საქართველო დროზე არ დატოვა.

ადვოკატი, თინიკო ნაკაშიძე:

- ტარიელ ფოცხვერია 3 ივნისს გათავისუფლდა ციხიდან და ბრალი ე.წ. ”კანონიერი ქურდობისთვის” 16 ივნისს წაუყენეს. თითქოს მე-18 დაწესებულებაში შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი და ახდენდა სატელეფონო საუბრებს სხვა დაწესებულებების პატიმრებთან, რაც აბსურდია. ადამიანი ვერ ლაპარაკობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხმა დაკარგული აქვს და სატელეფონო საუბარს როგორ შეძლებდა?! მეშვიდე დაწესებულებაში გაუსაძლის პირობებში იხდიდა სასჯელს, სწორედ იქ შეერყა ჯანმრთელობა და დღეს სიმსივნის მეოთხე სტადია აქვს. სასწრაფოდ გაუკეთდა ოპერაცია, ამოუღეს ხორხი, საყლაპავი მილი ხმის იოგებთან ერთად და მილით იკვებებოდა. ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. იქ ჭრილობას სათანადოდ ვერ მოუარეს, დაუჩირქდა და ლპობაში წავიდა.

- ბოლო დროს ციხიდან გათავისუფლებულ ე.წ. ”კანონიერ ქურდებს” შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქვეყნის დატოვებას სთხოვენ და ყველა მათგანმა დატოვა აქაურობა. ეს მასაც მოსთხოვეს?

- გათავისუფლების დღეს მასთან ერთად იყო ადვოკატი გოჩა გაგოშიძე, რომელიც ადასტურებს, რომ ციხეში სამმა პიროვნებამ გაიხმო იგი. შინაგან საქმეთა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი დავით გელაძე და კიდევ ორი თანამშრომელი ესაუბრა მას და მოსთხოვეს ქვეყნიდან გასვლა. გელაძემ თავისი ტელეფონის ნომერიც კი დაუწერა. სხვათა შორის, ეს ის გელაძეა, რომელიც ცოტა ხნის წინ ადამიანის დაჭრის გამო პასუხისგებაში მიეცა და 15000-ლარიანი გირაოთი გამოუშვა სასამართლომ. მაღალჩინოსნებმა უთხრეს, - სამი დღე გეძლევა, რათა ოჯახის წევრებს შეხვდე და მერე დატოვო საქართველოო. ტარიელმა აუხსნა, რომ გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და მკურნალობა სჭირდებოდა. ნახეს თავიანთი თვალით, რომ ავად იყო და საქართველოში ყოფნის უფლება ერთი თვე გაუხანგრძლივეს, თუმცა ერთ საათში მას ერთმა პიროვნებამ აცნობა, რომ ხელმძღვანელობამ ვადა 2 კვირამდე შეუმცირა. უცხოეთში წასვლასაც აპირებდა, მაგრამ გაუსაძლისი ტკივილების გამო მდგომარეობის შემსუბუქებამდე დარჩენა გადაწყვიტა. თურქეთში მიდიოდა სამკურნალოდ, მაგრამ არ აცალეს და შეთითხნილი ბრალი წაუყენეს. აბსურდია, რასაც ედავებიან. მისი გათავისუფლების ცნობა რომ წარვუდგინე ქუთაისის მეორე განყოფილების უფროს ფრუიძეს, მითხრა, მას აქ გაჩერების უფლება არ აქვს და რომ მიბრძანონ მისი დაკავება, უნდა შევასრულოო. ვერ გავიგე, რატომ უნდა დააკავო ადამიანი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე? ექიმთან რომ მიდიოდა, პოლიცია დაჰყვებოდა. გათავისუფლების წუთიდან სულ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იყო. საცხოვრებელ კორპუსთან 24 საათი იდგა 5 ეკიპაჟი. დანარჩენები დაჰყვებოდნენ ყველგან, სადაც მიდიოდა. მოსამართლემ თავად ნახა, რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ პატიმრობა მაინც შეუფარდა. ფოცხვერია მხოლოდ იმას შეეწირა, რომ დროულად არ დატოვა ქვეყანა. არ შეიძლება, ადამიანი, კანონიერი ქურდი იქნება თუ არა, აიძულო, ქვეყანა დატოვოს და არ დაბრუნდეს. მაშინ საქართველოს მოქალაქეობაც ჩამოართვან, სადმე თავშესაფარს მაინც მოითხოვენ.

ირინა ასათიანი, ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე:

- 2009 წელს ჩემი მეუღლე ციხეში ძალიან ცუდად გახდა და ოთხი თვე არც გაგვაგებინეს. კვება რომ ვერ შეძლო და წყალსაც რომ ვერ იღებდა, ამის შემდეგ შევიტყვეთ. მეშვიდე დაწესებულებაში წელიწადში ერთხელ გვქონდა ოჯახის წევრებს მისი ნახვის უფლება. მკურნალობა შედეგიანი არ აღმოჩნდა, ავთვისებიანი სიმსივნის მესამე-მეოთხე სტადია დაუდგინდა. სხივურ თერაპიას უტარებდნენ, მაგრამ საოპერაციო გახდა. ამის შემდეგ სამი ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ისევ საავადმყოფოში დავაწვინეთ, რადგან ძალიან მძიმედ იყო. გამოსვლის დღიდან, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პიროვნებები გვერდიდან არ მოგვშორებიან. ღამითაც კი რჩებოდა 5-6 კაცი მუდმივად საავადმყოფოში. ბოლოს ბრალი წაუყენეს.

- რა რეაქცია ჰქონდა თქვენს მეუღლეს?

- გაოცებული დარჩა და თქვა, მუქარა აასრულესო. ტარიელს ქვეყნის დატოვება კატეგორიულად მოსთხოვეს, მაგრამ ფიზიკურად არ შეეძლო, ისე ცუდად იყო. მესამე ოპერაციიდან 2 კვირა იყო გასული, ციხიდან რომ გათავისუფლდა. ახალ ადგილას გაჩნდა სიმსივნე, ამას დაემატა ნევრალგია და გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ასე ვერსად წავიყვანდი. ადამიანი საჭმელს ვერ ჭამდა, "დაბლენდერებული" ფაფის გადაყლაპვასაც ვერ ახერხებდა. მე-18 დაწესებულებაში თვეში ერთხელ მქონდა მისი ნახვის საშუალება. მესამე ოპერაციის შემდეგ ძალიან დაუძლურებული იყო. სიმსივნის რა სტადია ჰქონდა, 5 თვის წინ გაიგო და მორალურადაც მოტყდა. სულ ამბობს, - რაც ხდება, უფლის ნებააო. შვიდი წელიწადი გარეთ არ ყოფილა, უნდოდა შვილებთან, ოჯახთან ყოფნა, მაგრამ რომ ეცლიათ, მე და ჩემი მეუღლე მაინც დავტოვებდით საქართველოს, რადგან ასე ითხოვდნენ. ის ჩემ გარეშე ვერსად წავა, პატარა ბავშვივით მოსავლელია. ელემენტარულად, მისი ბანაობაც კი სარისკოა. ჭრილობა ღია აქვს, თვითონაც შეისწავლა თავისი დაავადება და მითხრა, - ჩაის კოვზის მეოთხედი წყალიც რომ ჩამივიდეს ნაოპერაციებ ადგილას, დავიხრჩობი და მოვკვდებიო. ამას ემატება სხვა დაავადებები. მას ციროზიც აქვს. ორი კვირის წინ რატომ გამოუშვეს, თუ ძებნილი იყო? სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩემმა ოჯახმა იმხელა რეპრესია გაიარა, სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია. ორი ბიჭი მყავს და სულ შიშის ქვეშ ვიყავით. მარტო ჩვენ კი არა, ჩვენს ახლობლებსაც შეექმნათ პრობლემები. ჩემი ძმა ოპოზიციაში იყო და ისიც დააკავეს, მაგრამ მერე გამოუშვეს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი მეუღლე ე.წ. ”კანონიერი ქურდის” სტატუსს ემსხვერპლა?

- ნამდვილად, მაგრამ ცნება ”კანონიერი ქურდი” მიშა სააკაშვილმა მოიგონა. არ ვიცი, ის რატომ დევნის ავტორიტეტულ ადამიანებს.

- თქვენი მეუღლე თავს ”კანონიერ ქურდად” მიიჩნევს?

- ჩემი მეუღლე თავს მართალ ადამიანად მიიჩნევს. ის არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი შვილი იყო დედისთვის, კარგი მეუღლე და კარგი მამა.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.