”სემიჩკის" სროლას შეწირული 22 წლის სიცოცხლე - თბილისში 90 - იანი წლები ბრუნდება? - კვირის პალიტრა

”სემიჩკის" სროლას შეწირული 22 წლის სიცოცხლე - თბილისში 90 - იანი წლები ბრუნდება?

სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი. რის მიზეზებზეც არა ერთხელ გვიმსჯელია. აქედან გამომდინარე ამ თემაზე არ შევჩერდებით. თუმცა იმის თქმა აუცილებლად მიგვაჩნია, რომ სტატისტიკა მხოლოდ ციფრები არ არის - მისი შედეგი საკმაოდ მძიმედ და გამოუსწორებლად აისახება საზოგადოებაზე. რისი ერთ-ერთი მაგალითი რამდენიმე დღის წინ, 24 ივნისს ღამის ვაკეში, არაყიშვილის და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე მომხდარი დანაშაული გახდა.

თვითმხილველებისა და ამ უბნის მაცხოვრებლების თქმით, მსხვერპლის პიროვნული ღირსებისა და უდანაშაულობიდან გამომდინარე, აღნიშნული დანაშაული არა მხოლოდ მსხვერპლის ოჯახის, არამედ მთელი უბნის ტრაგედია გახდა. მოვლენები კი ასე წარიმართა:

ვაკეში, არაყიშვილსა და აბაშიძის ქუჩების მდებარე სუპერმარკეტ ”იოლის” მენეჯერი:

- ”იოლი” 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ზაფხულში გათენებამდე ბევრი კლიენტი გვყავს. ყველაფერი მშვიდ ვითარებაში ხდება, კლიენტები ზოგჯერ გვესაუბრებიან კიდეც. ამიტომაც სრულიად ბუნებრივად მივიღეთ, როცა დაახლოებით ღამის 3 საათზე მარკეტთან მანქანა გაჩერდა, ორი ბიჭი ჩამოვიდა და ჩვენთან შემოვიდა. კლიენტები ძალიან კარგ ხასიათზე იყვნენ, გაგვიღიმეს, მოგვესალმნენ, მაგრამ დიდხანს არ გაჩერებულან, არც ბევრი არაფერი უძებნიათ, როგორც ჩანს, ფულიც არ ჰქონდათ, ერთ-ერთმა ”ჩიფსები” აიღო, ჯიბიდან ხურდა ამოიღო, გადათვალა და გადაგვიხადა. ამის შემდეგ მაშინვე გავიდნენ. რახან მათ გარდა კლიენტი არ გვყავდა და სხვა არც ქუჩაში იყო ვინმე, ადვილად დავაფიქსირეთ, რომ ქუჩა გადაკვეთეს და ჩვენ წინ მდებარე ”კორპუსის” ბორდიურზე ჩამოსხდნენ. ”ჩიფსები” გახსნეს და ისევ ერთმანეთს დაუწყეს საუბარი. ვხედავდით, რომ მშვიდად საუბრობდნენ. ამის შემდეგ სხვა კლიენტი შემოგვივიდა და მას მოვემსახურეთ. უეცრად იარაღის გასროლის ხმა და კიდევ რაღაც ხმები გავიგონეთ. გარეთ რომ გამოვარდით ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი უკვე ასფალტზე ეგდო და ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მეორე შოკში იყო და უყვიროდა, გონს მოდიო. სხვა არაფერი ვიცით, სასწრაფო გამოვიძახეთ, ვიცით მხოლოდ, რომ მოკლული აქვე სადღაც ახლოს ცხოვრობდა და სასწრაფოში გზაშივე გარდაიცვალა. ჩვენც შოკში ვართ. როგორც მერე ხალხმა გვითხრა, ის ძალიან კარგი პიროვნება იყო და აქ გარშემო ყველა იცნობდა.”

... აღმოჩნდა რომ ლ. დ-ს უბანში მართლაც ყველა იცნობს. ქუჩაში შემხვედრმა ქალბატონებმა, რომლებმაც მისი საცხოვრებელი ადგილი მიმასწავლეს, გულისტკივილით აღნიშნეს რომ მოკლულზე ცუდი არაფერი გაუგიათ. იგივეს ამბობენ მისი მეზობლები რაზმაძის ქუჩაზე, სადაც დანაშაულის მსხვერპლი დაიბადა, გაიზარდა და სულ 22 წლამდე იცოცხლა.

.” ...როდესმე რომ გაგვეგო, რომ მოკლული რაიმე საზოგადოებისათვის ცუდ საქციელში იყო შემჩნეული, ალბათ ასე არ ვიდარდებდით. მაგრამ ასე არ ყოფილა. ის მესამე შვილი იყო ოჯახში. შინ კიდევ ორი და ჰყავდა. ბავშვებს მამა წლების წინ გარდაეცვალათ და მათ შესანახად დედა შრომობდა. სოფლიდან ბებია და ბაბუაც ეხმარებოდნენ. იმის მიუხედავად რომ ობლები იყვნენ, ბავშვებმა გზა გაიკვალეს. სამივე სტუდენტია. ლ.დ. სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა. აუცილებლად კარგი ექიმი დადგებოდა, რადგან ნიჭიერი იყო, მაგრამ ვიღაც ნაძირალა გადაეყარა ქუჩაში და ტყვია პირდაპირ გულში ესროლა. როგორც ჩვენ გავიგეთ, სულ ტყუილად, არაფრის გამო. ამისთვის რაიმე მიზეზი არ ჰქონია, ერთმანეთს არც კი იცნობდნენ თურმე.

- ესე იგი, მკვლელს მკვლელობისთვის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა?

- არაფერი. ახლა ზაფხულია, ცხელა, ჩვენი ბიჭები შუაღამემდე ოჯახში იყვნენ და საუბრობდნენ. ალბათ არ ეძინებოდათ, ახალგაზრდები არიან და გავლა მოუნდათ. ლ-ს ბიძისთვის უთხოვია, - აქვე ჩავდივარ სუპერმარკეტში და მანქანა მათხოვეოო. იმანაც უარი არ უთხრა. ან რატომ უნდა ეთქვა, ნასვამი არც ერთი არ ყოფილა. სუპერმარკეტიდან გამოსულები ბორდიურზე რომ ჩამოსხდნენ, მაშინ გამოიარა თურმე მკვლელმა. როგორც გავიგეთ, 20 წლის არის. არ ვიცით, ვინ არის, რატომ დადიოდა ქუჩაში რევოლვერით, ან რატომ არავინ ამოწმებს ამას. ახლა ამ უბედურებას ხომ აღარაფერი ეშველება! იმ ნაძირალას ქუჩაში ჩამოუვლია და ბიჭები რომ დაუნახავს, ამ უბედურისთვის უთქვამს, - ტელეფონი მომეცი, დარეკვა მინდაო. ამას უპასუხნია, - ანგარიშზე არაფერი მაქვსო და მეგობართან ერთად მანქანაში ჩამჯდარა. ის მისულა, ჯიბიდან მზესუმზირა ამოუღია და მანქანაში მჯდომისთვის სახეში შეუყრია, - წეხან ხო ლაპარაკობდი, ვის ატყუებ, შენი დედაცო! დედის შეგინებას ვინ ითმენს და ეს უბედურიც მანქანიდან გადმოსულა - მოგკლავ, შენი ასე და ისეო! იმას ჯიბიდან რევოლვერი ამოუღია და დაუმიზნებია. ეს რომ ლ-მ დაინახა, ჭკვიანი ბიჭი იყო, მიხვდა ალბათ, რაზე წამსვლელიც იყო ის ნაძირალა და - კარგი, არ ისროლო, ბოდიშს ვიხდიო. მაინც ესროლა, გულმკერდის არეში მოარტყა. ეს უბედური გაჰკიდებია, მაგრამ ათ ნაბიჯში ჩაკეცილა. გულში ნასროლით აბა, სადამდე ირბენდა? სასწრაფო დახმარების მანქანაშივე გარდაიცვალა.

... გულისტკივილით მიამბეს მოკლულის მეზობლებმა. ამასობაში სახლიდან მოკლულის დედის გოდების ხმა გამოვიდა. ვერ გავუძელი და იქაურობა დავტოვე. როგორც გავარკვიე, დაღუპულის მეგობარი აპათიურ მდგომარეობაშია და ოჯახის წევრების გარდა არავის იკარებს.

დამნაშავე სუპერმარკეტ ”იოლის” ვიდეოთვალმა დააფიქსირა. ის ცხელ კვალზე აიყვანეს.

იქნებ მართმსაჯულების ოპერატიულობა ნამდვილად არის იმის გარანტი, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ მოხდეს, თუმცა, რაც უკვე მოხდა ან ხდება, იმას ვერაფერი შეცვლის.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)