,,რუსეთი ღრიალებს და ნატოს გული მისდის’’, საქართველოს კი გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს - კვირის პალიტრა

,,რუსეთი ღრიალებს და ნატოს გული მისდის’’, საქართველოს კი გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს

,,რუსეთი ღრიალებს და ნატოს გული მისდის’’ (Russia roars and NATO faints), წერდა 2008 წლის აგვისტოში ცნობილი ამერიკელი პუბლიცისტი, პულიცერის პრემიის ლაურეატი ჩარლზ კრაუტჰამერი. ,,წაიკითხეთ ნატოს განცხადება საქართველოში რუსეთის შემოსევაზე. პირველ ხუთ აბზაცში მინიშნებაც არ არის იმაზე, თუ ვინ ვის შემოესია. განცხადება ლამის კომიკურად თანაბარზომიერია. ,,ვწუხვართ ორივე მხარეს არსებული მსხვერპლის გამო’’, ნათქვამია განცხადებაში თითქოს საქმე ავტოსაგზაო კატასტროფას ეხებოდეს; ,,გამოვხატავთ სერიოზულ აღშფოთებას საქართველოში შექმნილი ვითარების გამო”. გესმით ხალხო? - ,,ვითარებაზე’’ საუბრობენ. მხოლოდ მეექვსე აბზაცში ნატო, ანუ ალიანსი, რომელიც 26 სახელმწიფოში მცხოვრებ 900 მილიონ ადამიანს აერთიანებს, რომელიც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ნახევარს აწარმოებს, იძრობს თავის ძლევამოსილ მახვილს და უშიშრად ახსენებს ,,რუსეთის სამხედრო მოქმედებას’’ - არც აგრესიას, არც შემოსევას, შეჭრასაც კი არ ახსენებს, არამედ მხოლოდ მოქმედებას, რომელიც შეუთავსებელია რუსეთის სამშვიდობო მისიასთან’’, წერს აღშფოთებული ამერიკელი პუბლიცისტი და იქვე დასცინის ნატოს იმის გამო, რომ ,,უძლეველმა’’ ალიანსმა არც კი განიხილა რუსეთის წინააღმდეგ მინიმალური სანქციების შემოღება (რუსეთის გარიცხავა დიდი რვიანიდან; რუსეთის არმიღება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში; 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტირება; საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადების გამოქვეყნება და ა.შ); რომ ნაცვლად ამისა გერმანელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ნატომ არც უნდა განიხილოს საქართველოში შექმნილი ,,ვითარება’’ და უნდა გადაულოცოს ეს პრობლემა ეუთოს (ევროპაში უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციას) - სრულიად უუნარო სტრუქტურას, რომელშიც რუსეთიც შედის და ვეტოს უფლებაც აქვს. კრაუტჰამერი იმასაც წერს, რომ რუსეთში უკვე ღიად ხითხითებენ იმაზე, რომ ნატოს რიგებში დაიწყო და ღრმავდება განხეთქილება.

 

ჩარლზ კრაუტჰამერის ეს წერილი და დასავლეთში გამოქვეყნებული სხვა მრავალი მსგავსი პუბლიკაცია მახსენდებოდა, როდესაც ამ დღეებში თბილისს ნატოს დელეგაცია სტუმრობდა გენერალური მდივნის რასმუსენის ხელმძღვანელობით. ,,თანაბარზომიერი’’ განცხადებების დეფიციტი ახლაც არ შეიმჩნეოდა. ,,როგორც ყოველთვის ბედნიერი ვარ თბილისში ყოფნითა და ბევრი მეგობრის მონახულებით. ასევე როგორც ყოველთვის, მოხიბლული ვარ, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია. თუმცა, იმავდროულად, ცოტა არ იყოს შეშფოთებული ვარ, მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებული უნდობლობის დონით, შესაძლო დანაშაულების ბოლოდროინდელი გახსნით და შერჩევითი სამართლის აღქმით. ვიმედოვნებ, რომ სამივე სფერო მალე მოგვარდება’’, დაწერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ.

ვინ არის აპატურაის ,,მეგობარი’’ თბილისში? წლების განმავლობაში ნაცისტები არავის აკარებდნენ ასეთი დონის სტუმრებს, გარდა მათ მიერ შექმნილი და მათდამი მონურად მორჩილი ,,ოპოზიციისა’’; უწყვეტ რეჟიმში უმტკიცებდნენ დასავლეთელ პარტნიორებს, რომ მხოლოდ თვითონ, ერთგულ ,,ოპოზიციასთან’’ ერთად, წარმოადგენენ ერთადერთ პროდასავლურ ძალას საქართველოში, სხვა ყველა კი კრემლის აგენტია. წინა წერილებში ვწერდი, რომ გარკვეული კონიუნქტურის გამო, დასავლეთის ლიდერები საჯარო გამოსვლებში თვალს ხუჭავდენენ იმაზე, თუ რა ხდებოდა საქართველოში სააკაშვილის და მისი ნაცისტების ავტორიტარული კლეპტოკრატიის პირობებში; თვალს ხუჭავდენენ იმაზეც კი, რაც იწერებოდა დასავლეთის ყველაზე ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში, რომ არაფერი ვთქვათ ნამდვილი ქართველი ოპოზიციონერების განცხადებებზე. აპატურაი შეშფოთებულია მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებული უნდობლობის დონით, მე კი შეშფოთებული ვარ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის მზარდი უნდობლობით ნატოსა და მთლიანად დასავლეთის მიმართ. საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს დასაბუთებული ეჭვი/რწმენა იმისა, რომ სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა თავის თანამზრახველებთან ერთად ჩაიდინეს მრავალი მძიმე დანაშაული; რომ ამ დანაშაულის ნაწილის დამტკიცების შემთხვევაში ამ ადამიანებს უვადო პატიმრობა არ უნდა ასცდეს. ადამიანები არ კარგავენ იმედს, რომ ურმით მოჭრიალე სამართალი ადრე თუ გვიან მივა დანიშნულების ადგილზე. რა რეაქცია ექნებათ ამ ადამიანებს აპატურაის განცხადებაზე მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებული უნდობლობის დონესთან დაკავშირებით? ერთხელ როგორ არ ახსენეს თავისი დამოკიდებულება იმ სადიზმის და ძალადობის მიმართ, რაც ახლა ვიდეომასალებით დასაბუთდა? - აი შეკითხვა, რომელიც მრავალ ადამიანს დაებადა ამ დღეებში.

გეოპოლიტურად რთულ და არასტაბილურ რეგიონში მცხოვრებმა მცირერიცხოვანმა ერმა უნდა დაძლიოს ემოციები და თვალი გაუსწოროს სინამდვილეს, რაოდენ ულმობელი უნდა იყოს ის. სწორად გაანალიზოს ეს სინამდვილე და შესაბამისად იმოქმედოს. როგორც იტყვიან, ერმა უნდა შეძლოს იმის შეცვლა სასიკეთოდ, რისი შეცვლა მას ძალუძს; ეყოს მოთმინება აიტანოს ის, რისი შეცვლა მას არ შეუძლია და ეყოს სიბრძნე, სწორედ გაარჩიოს ასეთი ვითარებები. ამაზეა დამოკიდებული ერისა და სახელმწიფოს ფიზიკური ყოფნა-არყოფნა. წლების განმავლობაში თვალებს ვხუჭავთ რეალობაზე, სასურველს სინამდვილედ ვასაღებთ, საბედისწერო შეცდომებს ვუშვებთ და მერე ისევ სხვებს ვაბრალებთ ყველაფერს. უფროს თაობას ახსოვს საერთაშორისო მიმომხილველის აბონ ციცუაშვილის ფრაზა: ,,რეიგანის უბედურება ის არის, რომ მას დაავიწყდა ძველი ქართული ანდაზა - ,,რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო’’. პრეზიდენტ რეიგანს სხვა რესურსიც ჰქონდა და თავისი პრობლემებიც წარმატებით გადაჭრა. ჩვენ ეს რესურსი არ გაგვაჩნია.

სწორედ უმოწყალო ,,რეალპოლიტიკის’’ პოზიციებიდან მინდა ვუპასუხო კრაუტჰამერის პუბლიკაციას.

მაშინ, 2008 წლის 7 - 8 აგვისტოს ღამით, ნატოს ხელმძღვანელობამ კარგად იცოდა, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა. ჩემს წიგნში ,,ავანტიურა 080808’’ და მრავალ პუბლიკაციაში, მათ შორის ბლოგზე განთავსებულ წერილებში, მე დეტალურად აღვწერე, როგორ მოქმედებდა კრემლის ჩეკისტური რეჟიმის მიერ მთლიანად მანიპულირებული სააკაშვილი თავის თანამზრახველებთან ერთად. შეგახსენებთ, რომ ,,სვეტიცხოვლის ყმათა დასახლების’’ (ასე ეწოდებოდა ძველად ცხინვალს ანუ ქრცხინვალს) არტილერიული დაბომბვა სააკაშვილმა ისე დაიწყო და ისე მიიტანა იერიში საქართველოს ამ ქალაქზე, რომ არაფერი არ განუცხადებია საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შესვლაზე. არც გაეროს უშიშროების საბჭოსთვის არ მიუმართავს ცხინვალში გამარჯვების აღლუმის მზადებით დაკავებულ სააკაშვილს - გაეროს უშიშროების საბჭოს მაშინათვე რუსეთის მთავრობამ მიმართა და საბჭოს ინერტულობის ფონზე განაცხადა, რომ აწი იძულებული იყო დაეწყო სამხედრო ოპერაცია ,,სააკაშვილის მშვიდობისათვის იძულების მიზნით’’. ეს გააკეთა იმ მთავრობამ, რომელსაც წლების განმავლობაში ,,ნერწყვი სდიოდა და ხელები ექავებოდა’’ იმაზე ფიქრით, რომ ადრე თუ გვიან ,,კლიენტს’’ გააკეთებინებდნენ იმას, რაც სწადდათ. 9 აგვისტოს სააკაშვილმა გამოსცა ბრძანებულება საქართველოში საომარი მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე, რომელშიც შავით თეთრზე ჩაიწერა, რომ რუსეთის შეიარაღებული ნაწილები შემოვიდნენ როკის გვირაბიდან 8 აგვისტოს დილით. წლების განმავლობაში ნატოს ლიდერები უწყვეტ რეჟიმში აფრთხილებდნენ სააკაშვილს, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყება მისთვის და მთლიანად საქართველოსთვის კატასტროფით დასრულდებოდა და პატიოსნად ეუბნებოდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში არ ჩაერეოდნენ და არანაირად არ დაუპირისპირდებოდნენ რუსეთს. ასეთ ფონზე სააკაშვილმა ისე დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომ არც კი გააფრთხილა ნატო და მხოლოდ პოსტფაქტუმ ჩააყენა საქმის კურსში. ამან გააოგნა დასავლეთის ლიდერები, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, ვინც თავიდანვე ამბობდა, რომ ის შეშლილია და ნებისმიერ სიგიჟეზეა წამსვლელი (კანცლერ მერკელთან პირველი ოფიციალური შეხვედრის დროს სააკაშვილმა ისეთი ცეცხლი დააყენა, ისე ისაუბრა, ისე გადაყლაპა ყველაფერი, რაც პატარა მაგიდაზე იდო, ისე გადაისხა სასმელები, რომ მისი გაცილების შემდეგ გაოგნებული მერკელი ერთხანს ხმის ამოუღებლად იდგა თვალებზე ხელმიფარებული, მერე გამოერკვა, მიუბრუნდა თანამშრომლებს და მოსთხოვა სასწრაფოდ გაეშიფრათ ყველაფერი, რასაც სააკაშვილს პასუხობდა, ვინაიდან იმ მომენტში თავის ნათქვამ ფრაზებს ვეღარ იხსენებდა და აწუხებდა, ხომ არ წამოსცდა რამე ზედმეტი. გამოცდილმა გერმანელმა დიპლომატებმა მითხრეს, რომ მსგავსი რამ არასოდეს უნახავთ. აქვე შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში ანგელა მერკელი, რომელსაც განსაკუთრებული გავლენა აქვს პუტინზე, ჩამოვიდა საქართველოში, გამართა პრეს-კონფერენცია სააკაშვილთან ერთად და ყველაფერი გააკეთა საქართველოს გადასარჩენად). აშშ-ს ადმინისტრაციას და ნატოს ხელმძღვანელობას კარგად ესმოდა, რომ ნებისმიერი სანქცია რუსეთის მიმართ, თუნდაც ისეთი რბილი, რასაც კრაუტჰამერი ახსენებს თავის წერილში, მხოლოდ გაახალისებდა რუსეთის მთავრობას და გამოიწვევდა მის დამატებით აგრესიას. ასეთ შემთხვევაში, დასავლეთის ჯინაზე, რუსეთის ჯარი მაშინათვე დაიკავებდა თბილისს. ამის შემდეგ კი ჯარის გაყვანა განუსაზღვრელი დროით გაიწელებოდა. რუსეთის მთავრობა ნებისმიერ საბაბს ეძებდა დასავლეთთან დაპირისპირების ესკალაციისათვის, დასავლეთი კი არ იყო ამისათვის მზად (შეგახსენებთ სარკოზის ცნობილ განცხადებას, რომ 12 აგვისტოს ბუშმა ურჩია მას აღარ ჩასულიყო თბილისში, ვინაიდან რუსეთის ტანკები თბილისს უახლოვდებოდნენ და უეჭველად აიღებდნენ მას).

აი ასეთ პირობებში ნატომ და პირველ რიგში ევროგაერთიანებამ არ შეაქცია ზურგი საქართველოს. ნატომ გააუქმა ნატო-რუსეთის საბჭოს ადრე დაგეგმილი სხდომა და 2008 წლის 15-16 სექტემბერს, სააკაშვილის სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ერთი თვის თავზე პირველად თბილისში ჩაატარა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა. ეს ფაქტი ნატოს მხრიდან ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის მძლავრი დემონსტრაცია იყო. (ახლანდელი სხდომა რიგით მესამეა და ის ივანიშვილის მთავრობის თხოვნით გაიმართა. სხდომის გამართვით ნატომ ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ახალი მთავრობისადმი თავისი მხარდაჭერა გამოხატა).

აქვე შეგახსენებთ, რომ ნატოს გენმდივნად არჩევის დღიდან რასმუსენი ყველა გამოსვლაში ხაზს უსვამს იმას, რომ ნატოსა და პირადად მისი უმთავრესი ამოცანაა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, რუსეთთან მჭიდრო პარტნიორობა, თანამშრომლობა და ა.შ. ბოლო თვეების განმავლობაში რასმუსენმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ მიაღწია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაში პროგრესს და ამით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის ხსენების გარეშე რასმუსენი რეგულარულად უარყოფს სააკაშვილის ტყუილებს და დემაგოგიას. ახლაც არ აჰყვა სააკაშვილის პროვოკაციებს და როცა ,,იდიოტმა ბავშვმა’’ თქვა, რომ ,,საქართველო ათოსანი ქვეყნიდან ერთოსან ქვეყნამდე ჩამოვიდა’’; რომ ,,დემოკრატიის პირობებში არანორმალურია, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეში ზის’’ (რა ქნას, უბედურს ჰგონია, რომ დემოკრატიის პირობებში ნორმალურია მამაკაცების ,,დასკოჩვა’’ და შემდეგ მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელება); რომ ახალი ხელისუფლების მიზანია ,,ნაცმოძრაობის’’ გაქრობა და ა.შ., რასმუსენმა პასუხად საქართველოს პროგრესზე ილაპარაკა და დიპლომატიური ფორმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიის გაქრობა ამომრჩევლების გადასაწყვეტია. თბილისში ყოფნისას რასმუსენმა პატიოსნად შეგვახსენა, რომ ავღანეთში ჯარების გაგზავნა არანაირ გავლენას არ ახდენს საქართველოს ნატოში შესვლაზე. წლების წინათ მითქვამს, რომ სააკაშვილმა საყოველთაო მობილიზაცია რომ გამოაცხადოს და იმაზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნოს ავღანეთში, ვიდრე საქართველომ მეორე მსოფლიო ომში გაგზავნა, საქართველოს ნატოში მაინც არ მიიღებენ, სააკაშვილს კი ყოველთვის შეახსენებენ, რომ მთავარია შამოშორდეს ძალაუფლებას არჩევნების გზით. აქვე შეგახსენებთ, რომ ნატოს წევრ ჩეხეთს ასიოდე ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში, საქართველოს კი ათასხუთასზე მეტი, რაც აბსოლუტური რეკორდია ათას სულ მოსახლეზე გადათვლით. ავღანეთიდან დაბრუნებული სამხედროებისგან მომისმენია, რომ რეალურ ბრძოლებში ძირითადად ამერიკელები, ბრიტანელები და ქართველები მონაწილეობენ. ამას უცხოელი ექსპერტებიც ადასტურებენ. აქ აღარ ჩამოვთლი ყველა იმ ფაქტორს, რომლის გამო სააკაშვილი ამას აკეთებდა, თუმცა კარდად იცოდა, რომ ეს არ აახლოებდა საქართველოს ნატოსთან. სტუდენტებთან შეხვედრაზე რასმუსენმა თქვა, რომ მას ძალიან ხშირად არ ესმის, კრემლში რა გადაწყვეტილებებს იღებენ და რატომ. ცხადია ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა მივიღოთ. რასმუსენმა შესანიშნავად იცის, რომ კრემლის ჩეკისტურმ რეჟიმმა ,,სუვერენული დემოკრატიის’’ ნიღბის ქვეშ ნამდვილი ავტორიტარული-თვითმყრობელური სისტემა შექმნა. მან იცის, რომ მსოფლიოს წამყვანი პოლიტოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ ეს რეჟიმი ყველაზე კორუმპირებულია რუსეთის ისტორიაში და ახლა მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავს. ამიტომაც არის, რომ ხშირად ისეთ გადაწყვეტილებებს ღებულობს, რომელიც აშკარად საზიანოა რუსეთის მოსახელეობისა და სახელმწიფოსათვის. რასმუსენმა კარგად იცის ეს ყველაფერი და მისი ფრთხილი ფრაზა მიანიშნებს იმაზე, რომ მისთვის ხშირად მიუღებელია კრემლის გადაწყვეტილებები. დაბოლოს რასმუსენს აუცილებელი რეფრენიც არ დაავიწყდა და ისევ შეგვახსენა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს....

იანვრის ბოლოს ბლოგზე გამოვაქვეყნე წერილი ,,იდიოტი ბავშვის’’ მემკვიდრეობა, ანუ დგას თუ არა საქართველოს გაწევრიანება ნატოში კითხვის ქვეშ?’’. წერილის მთავარი თეზისი ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ნატომ მიიღო სრული და საბოლოო გადაწყვეტილება აღარასდროს (never – ever) მიიღოს საქართველო ალიანსში. ამ წერილში აღვნიშნავ, რომ ნატომ შეატყობინა ეს გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობას და მისცა მას ამის სრული გარანტია; რომ ამის შემდეგ თემა ნატო-საქართველო წმინდა წყლის პიარ-რეჟიმში გადავიდა; რომ ნატოს წარმომადგენლები საჯაროდ არასოდეს არ აღიარებენ ამას, ვინაიდან ეს ალიანსის დაშლის გამოცხადების ტოლფასი იქნება; რომ რუსეთის მთავრობა ყოველთვის გამოიყენებს ამ თემას შიდა პიარისათვის, ვინაიდან რუსეთში არსებული სავალალო ვითარების ფონზე მთავრობას სხვა არაფერი დარჩა, გარდა მტრის ხატის შექმნისა და შემდეგ ამ მტერთან ბრძოლის იმიტაციისა და ა.შ. გასულ თვეებში არაერთ დასავლეთელ დიპლომატს და ექსპერტს შევხვდი. ყველამ დამიდასტურა ეს ყველაფერი და ახალი დეტალებიც მომაწოდა. ამ ფონზე საგულისხმოა ,,რეზონანსის’’ 2 მაისის პუბლიკაცია ,,ნატოს ღია კარი შესასვლელი ვიზის გარეშე’’. ავტორები აღნიშნავენ, რომ ,,რეზონანსის’’ რედაქტორს, ბრიუსელში მისი ყოფნის დროს, ალიანსის მაღალი თანამდებობის პირმა კონფიდენციალურად უთხრა, რომ ამჟამინდელი სტატუს კვოს პირობებში საქართველოს გაწევრიანება ალიანსში ,,წარმოუდგენელია’’. ჩემთვის ეს პირველი შემთხვევაა, როცა ალიანსის წარმომადგენელმა, თუნდაც კონფიდენციალურად, გაუმხილა ასეთი რამ ჟურნალისტს.

აქვე განვმარტავ, რომ ტერმინით ,,აღარასდროს’’ (never-ever) ე.წ. განჭვრეტადი მომავალი განისაზღვრება. პოლიტიკოსებს და მეცნიერებს კარგად ესმით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და ამის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია. სადღეისოდ რუსეთი არის თერმობირთვული იარაღის და კონტინენტშორისი რაკეტების სრული არსენალის მქონე სახელმწიფო. ის ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც 25 წუთის განმავლობაში შეუძლია გააქროს აშშ მსოფლიოს რუკიდან (აშშ-ს ექსპერტთა შეფასებით); რუსეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და აქვს ვეტოს უფლება; რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ღიად გამოცხადებულია, რომ ის იტოვებს უფლებას განახორციელოს პრევენციული ატომური დარტყმა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილზე, თუ მიიჩნევს, რომ ამას მოითხოვს მისი ეროვნული უშიშროების ინტერესები (!!!). (რუსეთის მცოდნე დასავლეთელი მოღვაწეები აცნობიერებენ იმასაც, რომ ,,რამე რომ იყოს’’ რუსეთის მთავრობა ამის გამკეთებელიც არის). შესაბამისად, ჩვენს შემთხვევაში საუბარი იმაზეა, რომ სანამ რუსეთი ისეთია, როგორიც დღეს არის; სანამ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დამოუკიდებლად აღიარებული სახელმწიფოები არსებობს; სანამ იქ რუსეთის სამხედრო ბაზები და რაკეტებია განთავსებული; სანამ რუსეთის მთავრობა აცხდებს (სულერთია რა მოტივაციით), რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს გაწევრიანება ნატოში და ა.შ., მანამ საქართველოს ნატოში მიღება მხოლოდ კონტრპროდუქტიული ავანტიურა იქნება.

ზემოთქმულის ფონზე სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ჩვენი პოლიტიკოსების მიერ ე.წ. მაპის (MAP) თემის ნაფტალინიდან ამოღება და მისი გამოყენება უსუსური პიარისათვის. მაპი ,,გაწევრიანების სამოქმედო გეგმას’’ ნიშნავს. მაპს აძლევენ ქვეყანას, რომელიც ნატოს აზრით სწორ გზას დაადგა და წახალისება ეკუთვნის. ამავდროულად მაპი არ იძლევა არავითარ გარანტიას, რომ მისი მიღებით დაჩქარდება ნატოში ქვეყნის გაწევრიანება; იმის გარანტიასაც არ იძლევა მაპი, რომ ქვეყანას ოდესმე მიიღებენ ნატოში. 2008 წლის ბუქარესტში საქართველოს არ მისცეს მაპი, სამაგიეროდ ნატომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს და უკრაინას აუცილებლად, გარანტირებულად მიიღებენ ნატოში. (სააკაშვილი მართალი იყო, როცა ბუქარესტის შემდეგ აცხადებდა ამ გადაწყვეტილებას, როგორც მაპის მიღებაზე უფრო რადიკალურს). ამ ფონზე ისევ დაიწყო საუბარი, რომ შეიძლება მალე მივიღოთ მაპი; ექსპერტები ბჭობენ იმაზე, რამდენად რეალურია მაპის მიღება ნატოს ამა თუ იმ მომავალ სამიტზე და ა.შ. ეს ჩვენი პროვინციული საცოდაობაა.

რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა ნინო წივწივაძის საინტერესო ინტერვიუ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილესთან, ამჟამად კი ცნობილ ექსპერტთან ჩარლზ კუპჩანთან. მოვიყვან რამდენიმე ფრაგმენტს:

,,არჩევნების შემდეგ დარჩენილია გაბრაზება და უნდობლობა პარტიებს შორის. არსებობს შეგრძნება, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობისას მთავრობა ყოველთვის არ იცავდა კანონის უზენაესობას, საშუალებას არ აძლევდა ოპოზიციურ პარტიებს ემუშავათ, როგორც ნამდვილ ოპოზიციას, ხელს უშლიდა სასამართლო ხელისუფლებასა და მედიას. საქართველო გეოპოლიტიკურად განსაკუთრებულ ვითარებაშია. მისი ნატო-ში გაწევრიანება უნგრეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე რთულია საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის გამო, აგრეთვე იმიტომ, რომ მისი ორი რეგიონი, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ. ეს გარემოებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების მთელ პროცესს ართულებს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ არსებობს რეალურად ორი გზა. ერთი, ეს არის კოჰაბიტაცია, გამართული მთავრობა, კანონის უზენაესობა და მეორე - მუშაობა რუსეთთან დასაახლოებლად, იმ იდეაზე უარის თქმა, რასაც ვფიქრობ, სააკაშვილი ძალიან აქტიურად იყენებდა - ყველაფერი თეთრი ან შავია; რომ საქართველო დასავლეთის ნაწილია ან რუსეთის სატელიტი. ვფიქრობ, საქართველომ უნდა გამონახოს გზა, იყოს ერთიც და მეორეც - დაუახლოვდეს დასავლეთს და ამავე დროს, გააუმჯობესოს გეოპოლოტიკური და კომერციული კავშირები რუსეთთან. შეერთებული შტატები ნატო- გაფართოებას უფრო აქტიურად უჭერდა მხარს, ვიდრე მისი მოკავშირეები. შეგვიძლია, უფრო შორსაც წავიდეთ და ვთქვათნატო- გასაფართოებლად ბილ კლინტონის აქტიურობა რომ არა, ნატო- ახალი წევრები არ ეყოლებოდა. ნატო- გაფართოება უფრო ამერიკული პროექტი იყო, ვიდრე გერმანული, ფრანგული ან ბრიტანული. ჩემი აზრით, მეორე მიზეზია ჯერ კიდევ არსებული გარკვეული რუსოფობია, ცივი ომის ერთგვარი გადმონაშთი, განსაკუთრებით შეერთებული შტატების კონგრესში, კაპიტოლიუმის მთაზე. საბჭოთა კავშირზე, რუსეთზე, როგორც პოტენციურ მტერზე საუბრები ჯერ კიდევ მიმზიდველია. ამიტომაც, საქართველო დაინახეს, როგორც ქვეყანა, რომელიც მზად არის, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. ვფიქრობ, სააკაშვილის შემთხვევაში, ეს ძალიან შორს წავიდა. ვაშინგტონი სააკაშვილს ისე მტკიცედ ამოუდგა მხარში, რომ სააკაშვილის მთავრობას შეემატა გამბედაობა, გაეკეთებინა ის, რაც მას არ უნდა გაეკეთებინა - მაგალითად, მოსკოვის პროვოცირება. ვფიქრობ, დღეს შეერთებულმა შტატებმა ისწავლა გაკვეთილი და მომავალში უფრო ფრთხილი იქნება, რათა არ წააქეზოს ქვეყნები, წავიდნენ მეტისმეტად შორს და ჩამოაყალიბონ გამაღიზიანებელი ურთიერთობები რუსეთთან. ვფიქრობ, ამ ეტაპზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პრაქტიკული და თეორიული შანსები სხვადასხვაა. ნატო არ არის იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს გაწევრიანება აქტუალური საკითხების ნუსხაშია. მე ვიტყოდი, რომ საქართველოს საკითხი გადადებული საკითხების ნუსხაშია, რადგან საქართველოს თემა ნატო-სა და რუსეთს შორის დაძაბულობას იწვევს და, აგრეთვე, აზრთა სხვადასხვაობაა საკუთრივ ნატო-ში იმის შესახებ, როდის ან საერთოდ აქტუალური უნდა გახდეს თუ არა საქართველოს გაწევრიანების თემა. ამიტომ არ ვიტყოდი, რომ საქართველოს გაწევრიანება უახლოესი მომავლის საქმეა, მაგრამ არც იმას ვიტყოდი, რომ ეს არასოდეს მოხდება. ვურჩევდი ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს სვლა ამ მიმართულებით, იმუშაონ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან უფრო მეტი ინტეგრაციისათვის. შესაძლოა, თქვენ ევროკავშირისა და ნატო- წევრები გახდეთ, შესაძლოა, არ გახდეთ, მაგრამ ამ მიმართულებით სვლა თქვენს ქვეყანას გაცილებით უკეთეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩააყენებს’’.

გამოცდილი და ბრძენი მოღვაწის ინტერვიუში ყოველი ფრაზა საინტერესოა და მნიშვნელოვანი. წერილის ბოლოს აქცენტს კუპჩანის ბოლო სიტყვებზე გავაკეთებ. მეც, ოც წელიწადზე მეტია ვამტკიცებ იმას, რომ ევროკავშირისა და ნატოსკენ სვლა, შესაბამისი სტანდარტების მიღწევა (ცხადია ჩვენი საუკეთესო ეროვნული ტრადიციებისა და ზნეობის შენარჩუნებით; აგრეთვე ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობისაგან განსხვავებით მკვიდრი მოსახლეობის მატებისა და არა სწრაფი შემცირების პირობებში), თავისთავად კარგია ჩვენთვის. ის კი არა, შეიძლება კონკრეტულ ვითარებაში ფორმალური გაწევრიანება ნაკლებად სასარგებლო აღმოჩნდეს, ვიდრე მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა.

ამბობენ, რომ ადამიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ. მაგრამ იმასაც იტყვიან, რომ მხოლოდ სულელები სწავლობენ მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე, ჭკვიანები კი სხვის შეცდომებსაც ითვალისწინებენ.

პეტრე მამრაძე, 29 ივნისი, 2013 წელი