სიბრძნე დემაგოგისა: და თქვა მიშამ არაკი - კვირის პალიტრა

სიბრძნე დემაგოგისა: და თქვა მიშამ არაკი

ვინც მე დამიჯერა ყველა შავი დედალივით აშენდა

(კ.ფ. "შერეკილები")

წინამძღვარში გაკეთებული წარწერა ცოტა არ იყოს გაუგებარია, თუმცა დღეს რაზეც უნდა ვისაუბრო იმდენად გაუგებარია, რომ იმასთან შედარებით ეს ორჯერ-ორად მოგვეჩვენება. ოპოზიციის სწორუპოვარმა ლიდერმა და საქართველოს დროებით არჩეულმა პრეზიდენტმა, როგორც სჩვევია, წარბშეუხრელად განაცხადა, რომ ის რჩევებს მისცემს "ამ ხელისუფლებას, თუ როგორ ააყვავოს ეკონომიკა(რაც იცის იცის, ვერ დაუკარგავ.), მათ კი კეთილი ინებონ და მოუსმინონ მაინც (თუ არ დაუჯერებენ)"...

ამ რჩევებში უპირველესი ადგილი ლაზიკას უჭირავს. ჩემს ბავშვობაში, როცა რაიმეს ვსწავლობდით, თქმა იცოდნენ ხოლმე – ისე უნდა ისწავლო, როცა გაგაღვიძებენ მაშინაც კი ზეპირად უნდა თქვაო, ასეა პრეზიდენტიც, რასაც არ უნდა ლაპარაკობდეს, ბოლოს მაინც ლაზიკის თემით ასრულებს (ოდესმე თუ პრეზიდენტი რესტორანს გახსნის მენიუში აუცილებლად იქნება: ლაზიკა ბადექონში, ლაზიკა ნიორწყალში, ხინკალი ლაზიკურად და საფირმო კერძი ვაზის ფოთლის ლაზიკა). თუმცა, ვერ დავფარავ, როგორც ჩანს, სააკაშვილს იმდენად სჯერა ლაზიკის უაღრესი სტრატეგიული მნიშვნელობის, რომ ნალოლიავებ სახელსაც ელევა: აგე ტელევიზიით, დუნიის გასაგონად გამოაცხადა, ოღონდ ააშენოს ივანიშვილმა და აგრემც უქნია, ნიუ ჭორვილა დაურქმევიაო. დამბურძგლა პირდაპირ, უანგარო პატრიოტიზმს ამ სწორუპოვარი აქტის მომსწრე რომ გავხდი.

ცოტაოდენი ისტორიული რაკურსი: 90-იან წლებში, როცა საქართველოში დამოუკიდებლობის გარიჟრაჟი იდგა, გულუბრყვილოდ გვჯეროდა, რომ საქართველოს მხოლოდ "ბორჯომი" აცხოვრებდა, ხოლო უკანასკნელი წლებია, ნაციონალური მოძრაობის წევრებს უნდათ დაგვაჯერონ, რომ საქართველოს მხოლოდ ლაზიკა აცხოვრებს, თუმცა იმას აღარ ფიქრობენ, რომ ცოტა გავიზარდეთ და ისეთივე გულუბრყვილოებიც აღარ ვართ. მახსოვს, როცა პრეზიდენტმა ლაზიკის აშენება დაანონსა, ერთ-ერთ ბოროტ, შურიან, რუსეთის აგენტ ან უბრალოდ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდა კითხვა, თუ ვის უნდა აეშენებინა ეს ქალაქი, რაზეც პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა მხნედ უპასუხეს, თურქეთში მცხოვრებმა ლაზმა ბიზნესმენებმაო, თუმცა მიუხედავად დიდი ძალისხმევისა ასეთი ბიზნესმენი, რომელიც ამ ქალაქში ფულის ჩადებას დააპირებდა, თურქეთში კი არა, ბუნებაში არ აღმოჩნდა ("ნასას" სათაო ოფიში გაჩნდა ხუმრობა – ჩვენ უფრო მალე ვიპოვოთ წყალს მარსზე, ვიდრე ლაზიკაში ვინმე ფულს ჩადებსო), მიუხედავად ამისა ნაც.პროპაგანდა ყოველდღე გვაჩვენებდა საძირკვლებს, რომელიც ლაზიკაში ისხმეოდა. ლაზიკის პორტი,ეს უნდა ყოფილიყო ის არტერია, რითაც საქართველოს მომარაგება მოხდებოდა, მერე ფეხს-ფეხზე გადავიდებდით და სოფელიც აშენდებოდა. რატომღაც ჩვენზე გულდამწვარ ოპოზიციაში ( ნაციონალურ მოძრაობაზე, რომ ოპოზიციას ვამბობ, სიხარულისგან ჯერ კიდევ მაჟრიალებს, აი მოსაგონარს როცა ვიტყვი, მერე ალბათ სულ ვიბრაციით ვივლი)არავის მოაფიქრდა, რომ ის ასეულობით მილიონი, რომელიც ლაზიკის აშენებას დასჭირდებოდა, საქართველოს სხვა ქალაქებს რომ მოხმარებოდა, ბევრად უფრო პროდუქტიული იქნებოდა, თუმცა მაშინ ხომ არცერთ ქალაქს კი არა, მოქალაქესაც კი არ უჭირდა და ქვეყნის ერთადერთი პრობლემა ლაზიკის დროული აშენება იყო.

საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე პრეზიდენტმა ლაზიკის მერიის შენობა გახსნა. Eესაა მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც არარსებულ ქალაქს აქვს მერიის შენობა, მეტიც, სექტემბრის შუა რიცხვებში პრეზიდენტი ჯერ არ აშენებული ქალაქს ესტუმრა და როგორც პრეზიდენტის ფაცებოოკ-ის ოფიციალური გვერდი იტყობინებოდა ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ქალაქი სადაც ერთი საცხოვრებელიც არაა, მაგრამ უკვე ყავს ადგილობრივი მცხოვრები ანომალიის ისეთი ფორმა, რომელსაც მეცნიერება ჯერ-ჯერობით არ ცნობს, ხოლო ფანტასტიკის ჟანრს იმდენად ცილდება, რამდენადაც სააკაშვილი და მისი კურსი ცილდებოდნენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს.

ამავე, რჩევის დროს მიხეილმა თქვა, არასოდეს იმდენი კრიტიკა არ მსენია ხელისუფლების მიმართ რაც ახლა მესმისო, გულწრფელად მაინტერესებს რა ხარისხის ბამბა გქონდათ ყურში დაცობილი, რომ არაფერი არ გესმოდათ, რასაც თქვენ და თქვენი გუნდი სჩადიოდით. მადლობა ღმერთს, ოქტომბრამდე 4 თვეღა დარჩა და მერე სააკაშვილის რჩევებს ისეთივე ფასი ექნება როგორც დღეს ლეიბორისტების ლიდერის, რაღა დავმალო და, უფრო ჭკვიანურ რჩევებს აქვთ (ბატონ შალვას ბოდიშს ვუხდი ამ შედარებისათვსი).

ზრდილობის ამბავია, როცა ვინმე გაკრიტიკებს, თუ არ გაითვალისწინებ, უნდა მოუსმინო მაინც, მაგრამ ერთი ძველი გამოთქმას მოვიშველიებ – ისეთმა ფურმა მაინც ჩამწიხლოს ჩემზე მეტს იწველებოდესო!!!

ჩეხეთს გენიალური პრეზიდენტი ყავდა ვაცლავ ჰაველის სახით, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩეხეთი ევროპული ყაიდის სახელმწიფოდ ექცია, ჰოდა, ამ პიროვნებას ასეთი რამე აქვს ნათქვამი (სხვათაშორის სააკაშვილის კუმირია, ძალიან იტაცებდა ხოლმე ჩვენს მიხოს მისი გამონათქვამების ხსენება): განვითარებულ ქვეყნებში წინა ხელისუფლება მიდის სახლში, ხოლო განვითარებად ქვეყნებში ციხეშიო. ჯერ-ჯერობით პირწმინდად სრულდება მისი ნათქვამი.

პ.ს. იმედია ზაფხულის სიცხე არ შეგაწუხებთ და კიდევ ბევრ რჩევას მოგვაწვდით ბატონო პრეზიდენტო.