"დანა დამისვა და მითხრა, შიდსიანის არისო" - როგორ ეძებდა ბუთლიაშვილი რემბრანდტს
თემის გაგრძელება - ასეთი სადისტი დღეს დაუსჯელია!
"ჩემს მეგობარს ორი თვის ბავშვის სურათი ეკიდა, ციხეში ყოფნის დროს შეეძინა შვილი. ბეშქენაძე სურათს ფეხებით შესდგა. ბიჭი ტიროდა, შვილი არ მინახავსო...
"ერთ საღამოს გამოიყვანა პატიმარი, ბუთლიაშვილს ხელში ეჭირა იმ კაცის სტრასბურგში გასაგზავნი საბუთები და ჰკითხა, ეს გინდოდა, რომ გაგეგზავნაო?.. მერე სისხლიანი ლანგარი მოუტანა ციხის თანამშრომელმა, ზედ სხეულის ორგანო იდო და უთხრა, შენს ორგანოებს ასე დავწვავ, ახლავე შენი ქონება გადმომიფორმეო..."
"ვუყურებდი, ბუთლიაშვილმა როგორ დააშარდა პატიმარს. კაცი ღრიალებდა, ბღაოდა, მცემეთ, დამასახიჩრეთ, ოღონდ თავზე ნუ დამაშარდავთო..."
ბათუმელი 36 წლის ლევან ცეცხლაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ის "კვირის პალიტრაში" გოგა ბუთლიაშვილზე დაბეჭდილ სტატიას გამოეხმაურა. ამბობს, რომ რეჟიმის მსხვერპლია და შემზარავ ფაქტებს იხსენებს.
ლევან ცეცხლაძე:
- თბილისში, მრგვალ ბაღთან, ანტიკვარების მაღაზია მქონდა, ასეთივე მაღაზია უზნაძის #2-ში, ასევე ბათუმსა და აზერბაიჯანში გავხსენი. ასლან აბაშიძის რეჟიმი თვეში 50.000 დოლარს მთხოვდა, ამიტომ იძულებული გავხდი 2001 წლის ბოლოს საქართველოდან წავსულიყავი. მას მერე პრაღაში ვცხოვრობდი. აბაშიძის დროს ბათუმში 200 დოლარად მქონდა ნაქირავები ბინა და მეპატრონეს დააწერინეს, თითქოს იმ ბინაში, ხალიჩის ქვეშ 10.000 დოლარს ინახავდა და ეს თანხა მივითვისე. რომელი ჭკუათამყოფელი დაუტოვებდა მდგმურს თანხას ბინაში? მოკლედ, გავიქეცი და ძებნა გამოცხადდა. 2007 წელს დავბრუნდი იმ იმედით, რომ სამართალს ვიპოვიდი და 10.000 ლარად საპროცესო შეთანხმება გამიფორმეს. ერთი წელი პატიმრობა და 4 წელი პირობითი სასჯელი მომისაჯეს. წელიწადი ბათუმის ციხეში გავატარე. 2008 წლის 19 მაისს გავთავისუფლდი, მაგრამ 4 წელი პირობითი დამრჩა. ისევ ბიზნესს მივყავი ხელი. ქვეყნიდან ხშირად მიწევდა გასვლა და როგორც პრობაციონერი, წელიწადში 3.400 ლარს ვიხდიდი, რათა ქვეყნის დატოვების უფლება მოეცათ. ბიზნესი კარგად წამივიდა. ლონდონში "კრისტის" აუქციონის წევრი ვარ და კავკასიის აუქციონის ჩატარებას ვაპირებდი.
- მეორედ ციხეში როგორ აღმოჩნდით?
- რემბრანდტის ძვირად ღირებულ სურათს საზღვარგარეთ საცავში ვინახავდი, ნახატის ფოტო დავდე ინტერნეტში, მქონდა აივაზოვსკის "ზღვა" და შიშკინის სურათიც. იმ პერიოდში 140.000 დოლარად ერთი სურათი გავყიდე და მოგება, 20% ბიუჯეტში შევიტანე. როდესაც დაინახეს, დიდ თანხებთან მქონდა საქმე, სისხლიანმა რეჟიმმა ჩემს მაღაზიაში საგადასახადო და პროკურატურა შემოუშვა, მაგრამ დარღვევა ვერ იპოვეს, ამიტომ სხვა გზას მიმართეს. 2010 წლის 23 ივნისს, დილით, ავლაბარში, მეგობრის ანტიკვარულ მაღაზიაში წავედი, იქიდან ორი სურათი უნდა წამომეღო. ღვინის აღმართზე მანქანა გადამიდგა, იარაღი დამიმიზნეს და მითხრეს, დაკავებული ხარო. ორდერი მაჩვენეთ-მეთქი. ორდერი კი არა, შენი დედაც, დაჯექი მანქანაში, თორემ უარესს გიზამთო. ოქმი არც შეუდგენიათ, ისე წამიყვანეს პოლიციაში. ვითხოვდი ადვოკატს, მაგრამ არ მომიყვანეს. დიაბეტი მაქვს, ნერვიულობისგან პირი მიშრებოდა და წყალი მოვითხოვე, მაგრამ მითხრეს, ჯერ არ შეიძლებაო. ჩანთაში ვიღაც ახალგაზრდამ ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული რაღაც ჩადო და მითხრა, ამით დაგასაჩუქრეთო. ერთ საათში მამაკაცმა წყალი მომაწოდა და ორი ყლუპი რომ მოვსვი, მწარე გემო ვიგრძენი. არაკაცებო, რას მასმევთ, ვერ ხედავთ, შაქარი რომ მაქვს-მეთქი და წყალი პოლიციელს ფეხებთან დავუსხი. ისე მცემეს, გავითიშე. რომ გამოვფხიზლდი, სკამზე ვიყავი ხელბორკილით მიბმული. მერე სხვა ოთახში გამიყვანეს, ერთმა მეორეს უთხრა, მაცივარში ბოთლით წყალი დევს და ის გამოუტანეო. დავლიე, ისევ ცუდი გემო ვიგრძენი. ბოთლი რომ ავწიე, ქვევით ნალექი ჰქონდა. მალე ამაკანკალა. სიგარეტი მომაწოდეს... მერე სხვა ოთახში გამიყვანეს და მითხრეს, ახლა შენი პირადი ნივთების ჩხრეკას დაესწარიო. ჩანთაში ბრილიანტის კოლიე, 500 დოლარი და 40 ლარი მქონდა. ბოლოს ამოიღეს მათი ჩადებული ნარკოტიკი. ნარკოლოგიურში რომ მიმიყვანეს, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ აღმოვჩნდი. არადა, არასოდეს გავკარებივარ. ბრალი შენახვა-შეძენა-მოხმარებისთვის წამიყენეს.
- რას ითხოვდნენ?
- სანამ წყალს დამალევინებდნენ, მითხრეს, რემბრანდტის სურათი მოგვეცი და 200.000 ლარით დაგასაჩუქრებთ, ახალ ჯიპსაც გაჩუქებს მინისტრიო. ლაპარაკი იყო ადეიშვილ-მერაბიშვილზე. არა მაქვს-მეთქი, როგორ არა გაქვს, ინტერნეტში გედო სურათიო... მერე კაპეზეში პროკურორი მეუბნებოდა, თუ მისცემ, ხვალვე გაგიშვებთო. ადვოკატმა ზაზა ნაჭყებიამ მომატყუა, 10.000 ლარი გამომართვა, გარიგებას გაგიფორმებო, მაგრამ ეს თანხა მიითვისა. მერე ნაწილი დავაბრუნებინე და მის წინააღმდეგ სარჩელი 8 თვეა შეტანილი მაქვს პროკურატურაში.
- გლდანის მე-8 დაწესებულებაში როგორ გეპყრობოდნენ?
- სამორიგეო ნაწილში ლადო ბედუკაძე დამხვდა, ავუხსენი, რომ დიაბეტიანი ვიყავი და პირდაპირ 90-ე საკანში ამიყვანა, კარანტინში არ ვყოფილვარ. ციხის უფროსი თამაზ მელაძე იყო. პროკურორი შემოვიდა და 10-დღიანი ვადა მომცა სურათების გადასაცემად. დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ციხიდან ღამის 4 საათზე გამიყვანეს და ვაკეში, ჩემს დალუქულ მაღაზიაში მიმიყვანეს. აივაზოვსკისა და შიშკინის ორი ძვირად ღირებული სურათი წაიღეს. კედელში სამალავი მქონდა, სადაც 280.000 ევრო მედო და ისიც წაიღეს. ალბათ, რემბრანდტსაც მივცემდი, თბილისში რომ მქონოდა. 10 დღეში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, - დირექტორად ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად "კილერა," სოციალური სამსახურის უფროსად კი გოგა ბუთლიაშვილი. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი წამება... ბუთლიაშვილი მოითხოვდა, იმ სურათის ადგილსამყოფელი მეთქვა. ციხის ტერიტორიაზე, იქ, სადაც სამრეცხაოა, ორ ადგილას ორმო ჰქონდათ და იქ აგდებდნენ პატიმრებს. ბუთლიაშვილმა მითხრა, ახლა აქ ჩაგაგდებო. ცოტა ხანში თვალებახვეული პატიმარი მოიყვანეს და ორმოში ჩააგდეს. ვუყურებდი, ბუთლიაშვილმა როგორ დააშარდა, თან აგინებდა. კაცი ღრიალებდა. მეც ვუთხარი, ამას ნუ აკეთებ, ბოთლით წყალი მაინც დაასხი, მას მაინც ეგონება, რომ დააფსი-მეთქი, მაშინ გამარტყა სახეში, კარგად უყურეო. კაცი ბღაოდა, მცემეთ, დამასახიჩრეთ, ოღონდ თავზე ნუ დამაშარდავთო. ესენი კი იცინოდნენ... მერე მორგში მაჩვენეს, როგორ აჭრიდნენ მიცვალებულს სხეულის ნაწილებს. ერთ-ერთი პატიმრის ცხედარი გაფატრული იყო, თირკმელი ამოუღეს და მითხრეს, რასაც გეტყვით, იმას თუ არ გააკეთებ, შენი სხეულის ნაწილებს ძაღლებს ან ტურებს მივუგდებთო. ამაში ციხის ექიმებიც მონაწილეობდნენ, ჯერჯერობით მათ გვარებს არ დავასახელებ, ყველას ვიცნობ სახეზე. ერთი ქალი და მამაკაცი ექიმი დამხვდა მაშინ მორგში. ქალს ვუთხარი, შვილი არა გყავს-მეთქი? ამის გამო ისე ჩამცხეს, იქვე ჩავიკეცე. საზღვარგარეთ მაქვს ის ნახატი, წავიდეთ და მოგცემთ, ოღონდ თავი დამანებთ-მეთქი. 2 საათი იქ მაყურყუტეს. გოგა ბუთლიაშვილთან ერთად განთქმული მწამებელი იყო ლევან ბეშქენაძე, მეტსახელად "ბეშქენა". მას ჰქონდა დავალებული ყოველდღე ჩემი ცემა-წამება. ბუთლიაშვილი მეუბნებოდა, ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერია, იცოდე, ეს ქვეყანა ჩვენია და მინიმუმ 20 წელი ვიქნებით, მერე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონიო.
ერთ დღეს მუხაძის კაბინეტში რიგითმა ოფიცერმა ამიყვანა. მითხრეს, 10 წუთი გაქვს დრო და გვითხარი, სურათი სად დამალეო. 10 წუთის შემდეგ ორი ჯალათი შემოვიდა და მიმაბეს. ბუთლიაშვილს ხელში ეჭირა საკანცელარიო მჭრელი დანა და მითხრა, ახლა კარგად შემომხედე, ეს დანა შიდსიანი პატიმრისაა, რადგან არ გატყდი, შენს თავს დააბრალეო და დანა დამისვა გულმკერდის მარჯვენა მხარეს. ცუდად გავხდი, მერე ნაკერები დამადეს. მას შემდეგ სამჯერ გავიკეთე ანალიზი, საბედნიეროდ, ჯანმრთელი ვარ.
საქალაქო სასამართლომ 11 წელი მომისაჯა, ამას დაემატა პირობითი 4 წელი და 15-წლიანი პატიმრობა შემიფარდეს. ამნისტია არ შემეხო, რადგან მეორედ ნასამართლევად ვითვლებოდი.
ახლა რასაც ვიტყვი, გაგიკვირდებათ: ოლეგ ფაცაცია განთქმული იყო პატიმრების წამებით, ის გასამართლებულია, მაგრამ ერთხელ სწორედ მან გადამარჩინა. ის რეჟიმის უფროსი იყო. იმ დღეს კარანტინში გოგა ბუთლიაშვილმა და ლევან ბეშქენაძემ ჩამიყვანეს, დამაბრალეს, რადიო ხმამაღლა გქონდა ჩართულიო. ბუთლიაშვილი მთვრალი იყო და ფეხი ამომარტყა საკვერცხეებში, ამ დროს ოლეგ ფაცაცია მოვიდა და მას ვუთხარი, ძალიან გთხოვ, დამეხმარე, არ ვარ დამნაშავე, არანაირი წესი არ დამირღვევია. დაუძახე მეორე ოფიცერს და თუ დაგიდასტურებს, რომ რადიო მქონდა ჩართული, მაშინ რაც გინდა, ის მიქენით-მეთქი. არ ვიცი, რა ფეხზე იყო იმ დღეს ფაცაცია ამდგარი, ბუთლიაშვილს უთხრა, ცოტა ხანი დაიცადეო. ბუთლიაშვილი მოითხოვდა, კარცერში ჩასაყვანად დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა. თქვენ ადამიანის უფლებათა ევროკონვენციას არღვევთ-მეთქი, ვუთხარი. რა კანონებით მელაპარაკები, შენი, კონსტიტუციას აქ მე ვწერო. ახლა იმ ორმოში გაგიყვან და თავზე დაგაფსამო. ფაცაციამ მართლაც ოფიცერთან გადაამოწმა ჩემი ნათქვამი და იქიდან რომ გამომიყვანა, მითხრა, არასოდეს შეეპასუხოო. ამისთვის მადლობას ვუხდი მას, თორემ თავზე რომ დაეშარდა ბუთლიაშვილს, თავს მოვიკლავდი.
ამის შემდეგ გადამიყვანეს ა-კორპუსში, პირველ სართულზე. ზედა ნარზე ვიწექი, ღამით არ მეძინა და ვუყურებდი, ავადმყოფი პატიმრებისთვის განკუთვნილ სასეირნო ოთახში როგორ გამოჰყავდა ბუთლიაშვილს პატიმრები და როგორ ემუქრებოდა. ერთ საღამოს გამოიყვანა პატიმარი, ბუთლიაშვილს ხელში ეჭირა იმ კაცის სტრასბურგში გასაგზავნი საბუთები და ჰკითხა, ეს გინდოდა, რომ გაგეგზავნაო? და იქვე დახია და დაწვა. მერე სისხლიანი ლანგარი მოუტანა ციხის თანამშრომელმა, ზედ სხეულის ორგანო იდო და უთხრა, შენს ორგანოებს ასე დავწვავ, ახლავე შენი ქონება გადმომიფორმეო.
ვთხოვ არჩილ კბილაშვილს, დასაჯოს ჯალათი გოგა ბუთლიაშვილი, ლევან ბეშქენაძე, ბუთლიაშვილის შემდეგ ის იყო განთქმული წამებით. თქვენ არ იცით, რა საშინელება გამოვიარეთ. 10 საათის შემდეგ საპირფარეშოში უნდა შეპარულიყო პატიმარი და ისე უნდა დაებანა ხელი, რომ ციხის თანამშრომელს არ გაეგო წყლის ხმა, თუ არა და ცემაში ამოხდიდნენ სულს. ხანდახან წყალი ორი დღითაც ითიშებოდა. 10-კაციან საკანში ყველას 2-ლიტრიანი წყლის ბოთლი გვქონდა. შემოვიდოდა ლევან ბეშქენაძე და მხოლოდ ერთ ბოთლ წყალს დაგვიტოვებდა, დანარჩენს გაიტანდა. სიცხეში ეს არ გვყოფნიდა, ამიტომ მხოლოდ პირს ვისველებდით. ერთ ვედროს დაგვიტოვებდა ტუალეტის ჩასარეცხად. ჩემს მეგობარს ორი თვის ბავშვის სურათი ეკიდა, ციხეში ყოფნის დროს შეეძინა შვილი. ბეშქენაძე სურათს ფეხებით შესდგა. ბიჭი ტიროდა, შვილი არ მინახავსო და მას სახეში გაარტყა ბეშქენაძემ. მოითხოვდნენ "შმონკის" (საწოლი, მიწიდან 50 სმ-ზე) ქვეშ შევმძვრალიყავით. ბუნებრივია, 150-კილოგრამიანი კაცი ვერ შევძვრებოდი. ტანსაცმელს ძირს დაყრიდნენ და ფეხებით გადაუვლიდნენ. ვასახელებ მწამებლების გვარებს: გოგა ბუთლიაშვილი, მახო ღვინიაშვილი, მეტსახელად "ლისი", გიორგი ავსაჯანიშვილი, ლევან ბეშქენაძე, მეტსახელად "ბეშქენა" და კიდევ რამდენიმე ოფიცერი, რომელთა გვარები არ მახსოვს.
დღეს გლდანის ციხეში სხვა ვითარებაა. კვება გაუმჯობესდა. ოპერაციებსაც უკეთებენ პატიმრებს. ერთი პრობლემა გვაქვს, სამ კორპუსში საღამოს მხოლოდ ერთი ექთანი და ერთი ექიმია. მინდა სოზარ სუბარს ვთხოვო, საღამოს ცვლაში სამედიცინო პერსონალი გაზარდოს. და კიდევ: აქ კიდევ მუშაობს სამი კანონის დამრღვევი - ერთი კონტროლიორი და ორი ოფიცერი, ისინი სასტიკად სცემდნენ პატიმრებს. ციხის დირექტორს მივაწოდებთ მათ გვარებს. იმედია, მთავარი პროკურორი ამ სტატიას უყურადღებოდ არ დატოვებს და დამნაშავეები პასუხს აგებენ.
თეა ხურცილავა