"კეთილისმსურველები მეუბნებოდნენ, რატომ აკლავ თავს, ამაში ხომ არ მონაწილეობდი, განზე გადექიო..."
პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად "ნაციონალური მოძრაობიდან" პრაიმერში 4 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას: უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე, დეპუტატები ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია. ბევრისთვის პრაიმერის ჩაუტარებლადაც ნათელია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება, რომელმაც თავის გადაწყვეტილებას, საპრეზიდენტო არჩევნებში (უფრო სწორად, საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენ პრაიმერში) მიეღო მონაწილეობა, მძიმე ჯვარი და მძიმე გადაწყვეტილება უწოდა:
- ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე. ჩემი მძიმე ემოციური ფონი უკავშირდება ბევრ მოვლენას, რომელიც ბოლო პერიოდში იხილა საზოგადოებამ. დღეს მთავარი თემა არის ის, რამდენად შესაძლებელია ჩვენი წარსულის ობიექტურად შეფასება, რამდენად შესაძლებელია, დავაფასოთ კარგი, შევაფასოთ ცუდი და პასუხი აგოს ყველამ, ვინც ეს ცუდი ჩაიდინა. ის ბრალდებები და ფირები, რაც ბოლო პერიოდში გავრცელდა, შოკის მომგვრელი და მიუღებელია. მთავარი კითხვა, რასაც ჩემს თავს ვუსვამდი ამ ბოლო პერიოდში, არის ის, რა მეთქვა ხალხისთვის? საკმარისია თუ არა იმის თქმა, რომ ეს არ ვიცოდი. საკმარისია თუ არა იმის თქმა, რომ ამას ვემიჯნები? მე ჩავთვალე, რომ ამ შემთხვევაში არცოდნა და ასეთი დანაშაულისგან გამიჯვნა საკმარისი არ იყო, რადგან მიმაჩნია, რომ მაქვს მორალური ვალდებულება, რომ წინა წლებში ვიყავი ამ გუნდის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე. მე მაქვს მორალური ვალდებულება, დავრჩე იქ, სადაც ვიყავი და ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ შეფასდეს წარსული, დაისაჯოს ყველა დამნაშავე, აღდგეს ყველა იმ ადამიანის უფლება, რომელიც დაირღვა და მეორე მხრივ, ვიმუშაოთ იმაზე, რომ ქვეყანა დამშვიდდეს და წინ წავიდეს. დღეს ჩვენ შოკიდან შოკამდე, სტრესიდან სტრესამდე ვცხოვრობთ და ამის გაგრძელება აღარ შეიძლება.
- პრაიმერში კიდევ სამი პირი მონაწილეობს, რომლებიც, ბევრის აზრით, თქვენი ფორმალური კონკურენტები არიან.
- ამ შეფასებას არ ვეთანხმები. ყველა კანდიდატს აქვს თავისი ღირსება და განსხვავებული ხაზი. საბოლოოდ პარტია და მისი მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი. პრაიმერი ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელშიც ყველაფერს წყვეტს 1 ან 5 კაცი.
- IRI-ს კვლევების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს 11%-იანი მხარდაჭერა აქვს. ასეთ ვითარებაში რისი იმედი გაქვთ?
- კარგად უნდა გავიაზროთ, რა მიზანს ემსახურება არჩევნები. ეს არ არის ის არჩევნები, რომლითაც ხელისუფლება შეიცვლება. როგორც უნდა დასრულდეს არჩევნები, პრემიერ-მინისტრი კვლავ იქნება ბიძინა ივანიშვილი, იგივე იქნება მთავრობაც და საპარლამენტო უმრავლესობაც. ამ არჩევნების ამოცანაა განისაზღვროს, იქნება თუ არა ყველა თანამდებობა ერთი პოლიტიკური ძალის ხელში, იარსებებს თუ არა ოპოზიცია. წინა წლებში დავინახეთ, რომ როდესაც ყველა პოლიტიკური თანამდებობა ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია, ეს ქვეყანაში პრობლემებს ქმნის. ჩემი ხედვით, პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს ორი ძირითადი ფუნქცია უნდა ჰქონდეს: მან უნდა ითანამშრომლოს მთავრობასთან და დაეხმაროს მას, სადაც აუცილებელია და მეორე მხრივ, პრეზიდენტი კრიტიკული უნდა იყოს მთავრობის მიმართ, რომ მან არ დაივიწყოს დაპირებები, რაც ხალხს მისცა.
- უცნაურია, რომ თქვენ მზაობას გამოხატავთ ხელისუფლებასთან დიალოგზე, მაშინ როდესაც საპარლამენტო უმცირესობამ ბოიკოტი გამოაცხადა.
- ბოიკოტი ოპოზიციის ტაქტიკური ნაბიჯია, ხოლო დიალოგის შეთავაზება სტრატეგიული ნაბიჯი. ბოიკოტი გამოიწვია 23 კაცის კანონისა და საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევით დაკავებამ და ეს არ ნიშნავს მთელი საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტს. როდესაც პოლიტიკოსები საუბარს წყვეტენ, ქვეყანა გახლეჩისკენ მიდის. პოლიტიკოსების ვალია, ერთმანეთს ელაპარაკონ, რათა საზოგადოება მშვიდად იყოს. მზად ვარ, შევხვდე ნებისმიერ პირს და ვესაუბრო ნებისმიერ თემაზე. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერის სურვილი გადმომცა, რომ კონსულტაციებში მიმეღო მონაწილეობა, უყოყმანოდ დავთანხმდი. ჩხუბსა და დაპირისპირებას ქვეყანა აგრესიისა და ეკონომიკის ჩამოშლისკენ მიჰყავს. მივესალმები ბატონი ივანიშვილის ამ ინიციატივას და იმედია, ეს შეხვედრა მომავალ კვირას შედგება.
- როგორც პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, რთულ ვითარებაში ხართ, რადგან ფარული ჩანაწერების აღმოჩენის მერე საზოგადოების ნაწილი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვასაც კი ითხოვდნენ.
- პოლიტიკოსად არ დავბადებულვარ და პოლიტიკოსად არ მოვკვდები. ამ საზოგადოების ნაწილი ვარ. მეც ისეთივე რეაქცია მქონდა ამ ფირზე, როგორიც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას. ეს არის სასტიკი და გულისამრევი დანაშაული. არც ერთი ის ადამიანი არ იმსახურებს პატიებას, ვინც ამ დანაშაულს პირადად სჩადიოდა, ან იცოდა, რომ ასეთი რამ ხდებოდა და თვალს ხუჭავდა, ან კიდევ ვინმეს ავალებდა ამის გაკეთებას. ჩემთვის ღირსების საქმეა, ხელი კი არ დავაფარო ამის ჩამდენებს, არამედ ყველაფერს გავაკეთებ, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ. ძალიან მკვეთრად ვიტყვი, - თუ გამოძიებით დასაბუთდება, რომ დანაშაული მიდის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირებთან, ვინც უნდა იყოს დამნაშავე, მის დასჯას მოვითხოვ. უნდა დაისაჯოს, ვინც უნდა იყოს დამნაშავე - მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დათო ბაქრაძე თუ ჩემი ოჯახის წევრი. კეთილისმსურველები ბოლო დროს მეუბნებოდნენ, რატომ აკლავ თავს, ამაში ხომ არ მონაწილეობდი, განზე გადექიო, მაგრამ მიმაჩნია, რომ არა მაქვს განზე დგომის მორალური უფლება. მეც უნდა ვატარო წინა წლების შეცდომების ტვირთი.
- სახალხო დამცველ სოზარ სუბარის ანგარიშებში იყო ამ სისასტიკეებზე ლაპარაკი და ის ამ ანგარიშს სწორედ პარლამენტის წინაშე აკეთებდა. როგორ შეიძლება, თქვენ არ გცოდნოდათ ასეთი საშინელი წამების ფაქტები, ან ერთხელ მაინც არ გადაგემოწმებინათ?!
- სუბარის მხოლოდ ერთი ანგარიში იყო ჩემი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს და ასეთი სიმწვავის პრობლემებზე ამ ანგარიშში საუბარი არ ყოფილა. მე ციხეშიც ბევრჯერ შევხვედრივარ პატიმრებს, მაგრამ ასეთი რამ, ალბათ, შიშის გამო არ უხსენებია არც ერთს... წარსულის შეფასებისას ჩემთვის მთავარი ობიექტურობაა. მწვავე თემაა ე. წ. პოლიტპატიმრების თემა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში 200 პოლიტპატიმარი ვერ იქნებოდა, როდესაც ბელორუსიასა და ჩრდილოეთ კორეაში ერთად 20 პოლიტპატიმარია. თუმცა მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას სახელმწიფო უკანონოდ მოექცა. ამიტომაც, როდესაც წარსულის ობიექტურად შეფასებაზე ვლაპარაკობთ, ჩემთვის ეს ადამიანები არ არიან გათავისუფლებული დამნაშავეები, მაგრამ მათ არც პოლიტპატიმრებს ვუწოდებ. რადგან მათ სახელმწიფო უკანონოდ მოექცა, ბოდიში უნდა მოვუხადოთ და გამოვასწოროთ ის უკანონობა.
- რას იტყვით თქვენს მთავარ კონკურენტზე, გიორგი მარგველაშვილზე?
- პარტიის პრაიმერის მერე გამოჩნდება, ვისი კონკურენტი იქნება გიორგი მარგველაშვილი. თუმცა ვიტყვი, რომ პრემიერ ივანიშვილის დაყენებული ნებისმიერი კანდიდატი ძალიან სერიოზული კონკურენტი და გამარჯვების პრეტენდენტი იქნება, გამომდინარე იმ მხარდაჭერიდან, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს. თუმც გიორგი მარგველაშვილის მთავარი სისუსტე მის მთავარ სიძლიერეშია. მისი მთავარი სიძლიერე კი ის არის, რომ ივანიშვილის კანდიდატია, რომელიც პრემიერმა მეგობრობისა და კომფორტულობის გამო შეარჩია, მაგრამ მარგველაშვილის სისუსტეა ის, რომ ამ ნიშნით შერჩეული კანდიდატი ვერასოდეს შეძლებს მთავრობის გაკონტროლებას.
- მაგრამ ივანიშვილი ამბობს, რომ მიდის არჩევნებიდან მოკლე ხანში და მარგველაშვილს მოეხსნება ეს უხერხულობა.
- არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი მალე წავა. მიმაჩნია, რომ ივანიშვილი მთავრობიდან არ უნდა წავიდეს. შარშან, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, ხალხმა ხმა მისცა არა მარგველაშვილს, არამედ ივანიშვილს. ხალხის ნდობა და ყველა ის დაპირება, რომელიც "ოცნებამ" გასცა, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. ამიტომაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ნაადრევია. ხალხი მისგან ბევრს ელოდება და მისი, როგორც პოლიტიკოსის ვალია, დარჩეს და შეასრულოს ყველა ის დაპირება, რომელიც ხალხს მისცა.