თავდაცვა და უსაფრთხოება - კვირის პალიტრა

თავდაცვა და უსაფრთხოება

ამ სტატიის ავტორმა, როგორც კონფერენციის უშუალო მონაწილემ, ბევრ თემაზე მოისმინა საინტერესო მსჯელობა, თუმცა მთავარი კითხვა, რომლის პასუხსაც ასე მოუთმენლად ელოდება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი - როდის გახდება ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრი? - ამ კონფერენციაზეც უპასუხოდ დარჩა.

კონფერენციის წინა დღეებში საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ესტუმრა თავად ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით. ვერც ასეთი მაღალი დონის სტუმრებმა შეიტანეს სიცხადე ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების საკითხში, რადგან თავად წევრი ქვეყნების მეთაურებიც ვერ შეთანხმდნენ, ალიანსის შემდგომი სამიტი მიეძღვნება თუ არა გაფართოების პროცესს.

დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძირითადი ყურადღება ავღანეთში სამშვიდობო მისიის ღირსეულად დამთავრებისაკენ არის მიპყრობილი, რათა კოალიციურმა ძალებმა რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით დატოვონ ეს ქვეყანა, თანაც ისე, რომ პრეზიდენტ ყარზაის ხელისუფლებამ შეინარჩუნოს კონტროლი ავღანეთის დიდ ნაწილზე.

ბათუმის კონფერენციის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ნატოOს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ISAF-ის სარდალი გენერალი ჯოზეფ დანფორდი.

დახურულ შეხვედრაზე ISAF-ის მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის დეტალებსა და შემდგომ პერიოდში საქართველოს როლზე ისაუბრეს.

კონფერენციის მსვლელობისას ღიად არ განხილულა რუსეთის ფაქტორი, თუმცა კონფერენციის უცხოელი სტუმრების ნაწილი პირად საუბრებში არ მალავდა, რომ სწორედ მოსკოვის ხისტი პოზიცია - არ დაუშვას მეზობელი საქართველოს NATO-ში გაწევრება, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაზე.

NATO-ს ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია, რომ მესამე ქვეყანას არ შეუძლია, ხელი შეუშალოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების მსურველ სახელმწიფოს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ NATO-ს ზოგიერთი ევროპელი წევრი ქვეყნის მთავრობაზე რუსეთი ჯერ ისევ ახდენს პოლიტიკურ გავლენას, არადა, NATO-ს სრულუფლებიანი წევრობისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა აუცილებელი.