მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ნუ აღმოჩნდებით ძალოვანების მძევლები

საქართველოში ძალოვან უწყებებს მგონი არაფერი ეშველებათ. მათ კანონისადმი უპატივცემულობა უკვე სისხლში აქვთ გამჯდარი. რადგან კანონის დაცვა მათ ხელშია, ჰგონიათ, რომ კანონის დარღვევის ექსკლუზიური უფლება აქვთ. ეს უკვე მგონი მენტალიტეტის პრობლემაცაა. მერე ხელისუფლებას მათ მაგივრად თავის მართლება უწევს, ზოგიერთი გადაჰყვება კიდეც, რადგან დამნაშავის დამცველი თავად ხდება დამნაშავე, როგორც ეს წინა ხელისუფლებას დაემართა. ამ რისკის წინაშე შეიძლება ახალი ხელისუფლებაც აღმოჩნდეს. ის უკვე რამდენჯერმე ჩააყენეს თავის მართლების პოზაში ძალოვანებმა - გუნავას საქმით დაწყებული და თელიათი გაგრძელებული. დღეს კი უკვე ხელისუფლებას თავის მართლება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქმედების გამო უწევს. არადა, თითქმის ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავება პროცესუალური ნორმების დარღვევით განხორციელდა. ან დაჭერა რა იყო, ან გამოშვება? ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება, რა მოხდა. მართლა რასმუსენის შეეშინდათ? მაშინ თავიდან რატომ არ იფიქრეს? თუ ამ 23 კაცის დაჭერა იგეგმებოდა, მერე მხოლოდ 4 რატომღა დაიჭირეს? ივანიშვილმა კი იპოვა სიტუაციიდან კარგი გამოსავალი, როდესაც განაცხადა: ეს ყველაფერი ჩვენთვის პოლიტიკურად წამგებიანი იყო, რაც ნიშნავს, რომ ძალოვანებს ჩვენ არ ვაძლევთ დავალებებს და მათი მოქმედებები ჩვენთან არ არის კოორდინირებულიო. შეიძლება ასეცაა, მაგრამ მათ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება მაინც ვერ ასცდება, მით უმეტეს, თუ მათ გამართლებას იწყებს. შინაგან საქმეთა მინისტრი კი სწორედ ასე მოიქცა. არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონიაო. ”ქართულ ოცნებაში” აღმოჩნდა რამდენიმე ადამიანი, ვინც ძალოვანების ქმედება არ მოიწონა. ასეთი საქციელი მათ ნამდვილად განასხვავებს ”ნაციონალური მოძრაობისგან”, რომელიც არასდროს არაფერს აღიარებდა და ყველაფერს ერთ ხმაში ”აპრავებდა”, მაგრამ ეს საკმარისი არაა, კანონდარღვევას თუ ჰქონდა ადგილი, ამას რეაგირება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი ხელისუფლებაც შეიძლება ძალოვანების მძევალი აღმოჩნდეს.

აღიარება და ორი არჩევანი

თქმა უნდა, სულ სხვა საკითხია, თავად დანაშაული, რის გამოც მერიის თანამშრომლები დააკავეს. ”ნაციონალებმა” რაც უნდა იყვირონ, ძალოვანებმა კანონი დაარღვიეს, პროცესუალური დარღვევები ვერასდროს გადაფარავს ბიუჯეტიდან 50 მილიონის გაფლანგვას, რაშიც მათ ბრალი ედებათ. მართალია, ეს ბრალი ჯერ დასამტკიცებელია, მაგრამ უგულავას განცხადება, 23 კაცის დაკავებით ”ნაციონალური მოძრაობის” განადგურებას ცდილობენო, უკვე არის ერთი გადაცდომის აღიარება - მერიაში მხოლოდ პარტიული აქტივი იყო დასაქმებული.

რა თქმა უნდა, ასევე აბსოლუტურად სხვა საკითხია, ”ნაციონალებს” აქვთ თუ არა მორალური უფლება, სხვას მიუთითონ დარღვევაზე. მათი ხელისუფლება არა მარტო თვალს ხუჭავდა ძალოვანების მიერ ჩადენილ უკანონობაზე, არამედ ახალისებდა კიდეც და მათ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა. დღეს კი იხდის მერაბიშვილი ბოდიშს, უკაცრავად, არ ვიცოდი, ჩემს უწყებაში ხალხს თუ აწამებდნენო, მაგრამ ვის სჯერა მისი? განა თავად არ წარმოგვიდგენდნენ მერაბიშვილს ყოვლისშემძლე ფიგურად, რომელმაც ყველაფერი იცოდა და ყველაფერს აკონტროლებდა? განა, თავად არ შეარქვეს მას ქვეყნის ხერხემალი? სადაური ხერხემალი და ყოვლისშემძლე იყო, თუ არაფერი იცოდა? ისიც არ იცოდა, მის უწყებაში თანამშრომლები ლამის მთელ ქვეყანას ლოგინში რომ უთვალთვალებდნენ?

მოკლედ, მერაბიშვილმა ან ის უნდა აღიაროს, რომ სულელია, ან ის, რომ დამნაშავეა. სხვა არჩევანი მას არ აქვს.

ორი პარადოქსი ნატოს თემაზე

რასმუსენმა საქართველოში ყოფნის დროს უთვალავჯერ კი გაიმეორა, ნატოს კარი ღია რჩება და მალე შეხვალთო, მაგრამ ეს კარი იმდენი ხანია უკვე ღიაა, რომ სულ უფრო ცოტას სჯერა, ოდესმე დაიხურება თუ არა ის ჩვენ ზურგს უკან. სწორედ ამის გათვალისწინებით, საქართველო დღეს ”ნატოისტებად” და ”ნატაშისტებად” იყოფა. ზოგისთვის ნატო ისეთი შორეული პერსპექტივაა, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ურჩევნია, თან განსხვავებას ვერ ხედავს, ვისი ვასალი იქნები, რუსეთის თუ ამერიკის. ნატოს მომხრეები კი ამ ადამიანებზე ბრაზდებიან და მათ რუსეთუმეებს და ლამის ქვეყნის მოღალატეებს ეძახიან. თუმცა ჩემი დაკვირვებით ”ნატოისტებსაც” და ”ნატაშისტებსაც” უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ორ პარადოქსს ნატოს თემაზე:

1) წესით და რიგით, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას არა რუსეთუმეები, არამედ ნატოს მომხრეები უნდა გულშემატკივრობდნენ, რადგან რაც უფრო მეტი დაძაბულობა იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის, მით ნაკლები იქნება ჩვენი ნატოში მიღების შანსი. ნატოს არც ერთ წევრ ქვეყანას არ მოუნდება ისეთი ქვეყნის ალიანსში მიღება, რომელიც რუსეთთან ომის ზღვარზეა.

2) მეორე მხრივ, საქართველოს ნატოში გაწევრებას სწორედ ის ხალხი უნდა გულშემატკივრობდეს, ვისაც არ სურს, რომ მთლიანად ამერიკაზე ვიყოთ მიბმული. დღეს ჩვენ ამერიკაზე ზედMEმეტად დამოკიდებული სწორედ იმიტომ ვართ, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში სხვა დამცველი არ გვეგულება, ხოლო თუ ნატოს წევრი გავხდებით, ჩვენ უკვე ნატოს წესდება დაგვიცავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვეძლება ამერიკასთან ურთიერთობები გავაფუჭოთ, რადგან მისი გავლენა ალიანსში უზარმაზარია, მაგრამ არც ისე იქნება საქმე, როგორც ახლა, როცა მხოლოდ ამერიკაა ჩვენი ”პატრონი”.