"ყველამ დავაგვიანეთ?! - 12 წლის მირზა ცეცხლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა" - კვირის პალიტრა

"ყველამ დავაგვიანეთ?! - 12 წლის მირზა ცეცხლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა"

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლიდან":

"შემზარა იქვე მყოფი ბავშვების თვალებმა: ალბათ, თითოეული ფიქრობდა, ხვალ ჩვენც ეს მოგველისო"

რამდენიმე დღეა, იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიის განყოფილებაში მწოლიარე 12 წლის ბათუმელი მირზა ცეცხლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. არადა, ჟურნალისტების დიდი ძალისხმევით და მათ პროტესტზე ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირების შემდეგ მირზას უცხოეთში სამკურნალო თანხა შეუგროვდა და ამ დღეებში იტალიაში უნდა გამგზავრებულიყო. პატარა ბიჭი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძვის, მისი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები კი სასწაულის მოლოდინში ვართ - მირზა ახლახან მოინათლა, გიორგი ეწოდა და თუკი მთელი სა-ქართველო მისთვის ილოცებს, ეგებ უფალმა გვაჩუქოს მირზას სიცოცხლე.

ნატო თოთიბაძე, კომპოზიტორი:

- მირზას მდგომარეობა რომ დამძიმდა, მივხვდი, ვერაფერს გავუკეთებდი, გარდა ლოცვისა და ვიფიქრე, ბავშვს მსწრაფლშემსმენელ ხატს მივუტან-მეთქი. ჯანმრთელობის პარაკლისის გადასახდელად მღვდელმა მირზას ნათლობის სახელი მკითხა, მაშინ გავარკვიე, მირზა მოუნათლავი რომ იყო.

კახა ჯანაშვილი, ტელეოპერატორი, დიტო ცინცაძის ფონდის ხელმძღვანელი:

- ნათლობაზე რომ გაუგია, მირზას დედისთვის უთქვამს, წინააღმდეგი თუ არ იქნები, მოვინათლები და თუ ეს ადამიანები - გვგულისხმობდა დიტო ცინცაძეს, თამთა დემურიშვილს, ნატო თოთიბაძეს, რუსუდან ცხომელიძეს და მე - ჩემი ნათლიები იქნებიან, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებაო. 29 ივნისს დილიდან მივედით კლინიკაში, საღამოს-კენ მოძღვარიც მოვიდა და უკვე პალატაში უნდა შევსულიყავით, კივილი რომ ატყდა - მირზას გაფანტული გაჟონვა დაემართა და გონება დაკარგა. პალატაში იმწამს შევიდა მღვდელი და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების გასაქრისტიანებლად სწრაფი მონათვლის წესის მიხედვით, ლოცვითა და წყლით მონათლა მირზა, ნათლობის სახელად კი გიორგი უწოდა.

ნატო თოთიბაძე:

- დედამისის ტირილი რომ მოგესმინათ, გული გაგისკდებოდათ: როგორ ემუდარებოდა მირზას, ოთხი დღე მაინც მოგეთმინა, მე მაჩუქე ეგ ოთხი დღე, სამკურნალოდ რომ წაგიყვანოო. შემზარა იქვე მყოფი ბავშვების თვალებმა: ალბათ თი-თოეული ფიქრობდა, ხვალ ჩვენც ეს მოგველისო. განსაკუთრებით 13 წლის გიორგი გაბედავას მზერა ჩამრჩა - მისი მდგომარეობაც უმძიმესია, თუმცა თუ სწრაფად გავამგზავრებთ იტალიაში სამკურნალოდ, აუცილებლად გადარჩება. ვიცი, მირზასთვის განკუთვნილ თანხას გიორგის მკურნალობას მოახმარენ.