ვერა ქობალია – დღემდე "ნაციონალების" მხარდამჭერი ვარ და მათთან გატარებულ არც ერთ დღეს არ ვნანობ! - კვირის პალიტრა

ვერა ქობალია – დღემდე "ნაციონალების" მხარდამჭერი ვარ და მათთან გატარებულ არც ერთ დღეს არ ვნანობ!

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":

- მინისტრობის პერიოდში ოპოზიციის მხრიდან ხშირად იყავით კრიტიკის ობიექტი. არ შემიძლია არ გავიხსენო, რომ თქვენი მინისტრად დანიშვნიდან ცოტა ხანში ის ცნობილი ფოტო გავრცელდა, ერთ-ერთ ბარში დასთან ერ-თად რომ გაქვთ გადაღებული...

- თავიდან გამიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება, მერე მივეჩვიე. მივხვდი, რომ მეც ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც სხვები, მეც ვჭორაობ ჩემს მეგობრებთან. მესმის იმ კრიტიკის, რომელიც მოჰყვა ჩემს მინისტრად დანიშვნას. სხვა რომ ჩემს მსგავსად დანიშნულიყო მინისტრად, ამას თავადაც გავაკრიტიკებდი... ვცდილობდი საქმით მეჩვენებინა ყველაფერი და არა სიტყვით. როდესაც ხშირად ჩანხარ ტელევიზიით, ბუნებრივია, ყველა შენზე ლაპარაკობს. ჩემს პირად ცხოვრებას, ოჯახს როცა შეეხნენ, ძალიან განვიცადეთ მეც და ჩემმა მშობლებმაც. ბევრჯერ მინდოდა იმ ჭორებზე პასუხი გამეცა, მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ ჩემგან ამის გაკეთება არასწორი იქნებოდა.

- ყველაზე რთული რომელი ბარიერის გადალახვა იყო თქვენთვის?

- როგორც იცით, წლების განმავლობაში უცხოეთში ვცხოვრობდი, ამიტომ რთული იყო ამ გარემოსთან შეგუება. განსაკუთრებით კი ენობრივი ბარიერის გადალახვა გამიჭირდა. ხშირად ვერ გამოვხატავდი იმას, რისი თქმაც მინდოდა. მე ხომ აფხაზეთში გავიზარდე, სადაც პირველ ადგილზე მაინც რუსული ენა იყო.

– ახალმა ხელისუფლების პირობებში ცნობილი გახდა არაერთი დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მოხდა. რად ღირს თუნდაც სამეგრელოს სამალავებში იმ საზარელი კადრების აღმოჩენა. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები აცხადებენ - არაფერი ვიცოდითო.

– ძნელია იმის გაგება, რაც ამ ბოლო დროს გვესმის. მართალია სხვა მიმართულებით ვმუშაობდი და ძალოვან სტრუქტურებთან შეხება არ მქონია, მაგრამ მე ამ გუნდის ნაწილი ვარ და ეს ჩემთვის რთულად გადასატანია, ამიტომ ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რამ არასოდეს განმეორდეს. მე ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობის" კურსის მხარდამჭერი ვიყავი და დღემდე ასე ვარ. მჯერა ამ გუნდის და მათთან გატარებულ არც ერთ დღეს არ ვნანობ. დარწმუნებული ვარ, ბევრი სწორი ნაბიჯი გადაიდგა ამ წლების განმავლობაში. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების დროს მძიმე შეცდომებიც იყო დაშვებული, იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მხოლოდ ბრალდებების დონეზე არ დარჩება. ბოლომდე გამოვიძიებთ, რა ხდებოდა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარ განმეორდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია მენტალური ცვლილება და განათლება. არ მესმის, ადამიანს როგორ უნდა მოუვიდეს აზრად ასეთი დავალება მისცეს ხელქვეითს, არც იმის მესმის, ვინც ამ დავალებას ასრულებს - ეს ყველაფერი მოდის ოჯახიდან და განათლებიდან.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.