ზურაბ ჯაფარიძე: იმედი არ დამიკარგავს, რომ დავით ბაქრაძეს ვაჯობებ!
"მე ფარ-ხმალი ჯერ არ დამიყრია. ყველაფერი წინ არის, დავით ბაქრაძეს მინიმუმ ღირსეულ კონკურენციას გავუწევ"- ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე. როგორც უკვე ცნობილია, "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის პირველ ტურში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა, თუმცა, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გამარჯვებას სწორედ ის, და არა ბაქრაძე იმსახურებდა.
- ბატონო ზურა, რა გაძლევთ იმის იმედს, რომ დავით ბაქრაძეს ღირსეულ კონკურენციას გაუწევთ?
- მე მესმის, რომ არამარტო დავით ბაქრაძეს, პრაიმერში მონაწილე დანარჩენ კანდიდატებსაც, შოთა მალაშხიასა და გიორგი ბარამიძეს, გაცილებით დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვთ. ამ თვალსაზრისით, ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ არის რაღაცები, რაც, ჩემი აზრით, მე მათგან გამომარჩევს.
- მაინც რა არის ისეთი, რაც მათგან გამოგარჩევთ?
- მე ცალსახად გამორჩეული ხედვები მაქვს შიდა პოლიტიკასა და ეკონომიკაში. ასევე გამაჩნია ძალიან მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიციები. აი, სწორედ ეს არის ჩემი ძლიერი მხარე...
- მაგრამ თქვენ უკვე დამარცხდით პირველ ტურში...
- დიახ, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მე დავმარცხდი დებატებში, რომელიც ეხებოდა ეკონომიკას. იმიტომ, რომ ამ სფეროში საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ და საინტერესო და სხვებისგან გამორჩეული ხედვებიც მაქვს.
- როგორ ფიქრობთ, რატომ დამარცხდით?
- ერთი იმიტომ, რომ დავით ბაქრაძეს გაცილებით მეტი ადამიანი იცნობს ზოგადად ქვეყანაში და ასევე პარტიაშიც. მე მაინც ახალი ფიგურა ვარ. მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ მე მხოლოდ კონკრეტულ თემატიკაზე ვისაუბრე, თემატიკა კი ეკონომიკას ეხებოდა. დანარჩენმა კანდიდატებმა ლამის ყველაფერზე ისაუბრეს, გარდა ეკონომიკისა...
- "დემოკრატიული რიტუალი" - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ "ნაციონალური პრაიმერი". მისი აზრით, ეს მხოლოდ მასკარადია და ყველამ წინასწარ იცის, რომ გამარჯვებული დავით ბაქრაძე იქნება, თქვენ და დანარჩენები კი უბრალოდ ფორმალური ფიგურები ხართ. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
- მე თავი ფორმალურ ფიგურად არ მიმაჩნია. მერწმუნეთ, პრაიმერი დემოკრატიულად ჩატარდება. პირველ ტურში განცდილი მარცხის მიუხედავად, ფარ-ხმალის დაყრას არ ვაპირებ, წინ კიდევ 5 რაუნდია. ჩვენ სხვადასხვა თემებზე გავმართავთ დებატებს. ვფიქრობ, რომ დავით ბაქრაძეს მინიმუმ სერიოზულ წინააღმდეგობას გავუწევ, თუ არ ვაჯობებ კიდეც.
- როგორ ფიქრობთ, "ნაციონალების" პრეზიდენტობის კანდიდატი შეძლებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს "ქართული ოცნების" კანდიდატს?
- დიახ, რასაც არ უნდა გაიძახოდნენ დღეს "ოცნების" რეიტინგებზე, მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ვინც არ უნდა დასახელდეს "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატად, ის სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს "ქართული ოცნების" კანდიდატს.
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)