ლევან ბერძენიშვილი: "უსამართლოა ის საზოგადოება, სადაც მე გივი თარგამაძის ნაბოდვარზე მიწევს პასუხის გაცემა" - კვირის პალიტრა

ლევან ბერძენიშვილი: "უსამართლოა ის საზოგადოება, სადაც მე გივი თარგამაძის ნაბოდვარზე მიწევს პასუხის გაცემა"

სოციალურ ქსელებში ახალი ხუმრობა გავრცელდა – პრეზიდენტს ორი გასართობი აქვს: კანონპროექტებზე ვეტოს დადება და არჩევნების თარიღის გამოცხადებაო. სწორედ არჩევნების თარიღის საკითხით დავიწყეთ საუბარი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან ლევან ბერძენიშვილთან.

- პრეზიდენტი ძალიან არაკვალიფიციური იურისტია, როგორც ჩანს, ვიღაც ჭკვიანმა უთხრა, რომ კანონს არღვევდა და იძულებული გახდა, დამორჩილებოდა კანონს. მოდი, ვთქვათ ასე: პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნა უნდოდა 31-ში, რადგან სურს გაიხანგრძლივოს არსებობა. ამ ადამიანს პრეზიდენტობის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია. როგორც ჩანს, პრეზიდენტი ვერ ხედავს თავის ადგილს იმ ქვეყანაში, სადაც ის პრეზიდენტი არაა, ამიტომ მისთვის ეს 4 დღეც რაღაცას ნიშნავს. მე არ ვიცი ბატონი ბარნოვის განცხადება საბოლოოა თუ არა, მოგეხსენებათ, ბარნოვიც სათამაშოა პრეზიდენტის ხელში, მაგრამ პრეზიდენტი რომ კანონს არღვევდა - მე, ფილოლოგი კაციც კარგად ვხვდებოდი. სამარცხვინოა, კაცი ასე ებღაუჭებოდეს თანამდებობას, რომელიც მას 5 იანვარს უნდა დაეთმო და ამის მერე კონსტიტუციის დამახინჯებით 10 თვე ისედაც მოიპარა და ახლა კი 4 დღის გამო ისევ კანონის დარღვევას აპირებდა, მაგრამ ამ კაცს არ რცხვენია, რადგან მან ყველაზე სამარცხვინო უკვე ჩაიდინა – მისი მთავრობა და მისი პარტია ადამიანებს აუპატიურებდა და 4 დღე რა გასაკვირია.

- მას მერე, რაც ის აღარ იქნება პრეზიდენტი, რა მომავალი აქვს როგორც პოლიტიკოსს?

- სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი 2012 წლის 1 ოქტომბერს ამოიწურა, ხოლო 2013 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ იქნება ის, რაც პრინციპში ახლა არის ანუ პოლიტიკური გვამი, რომელსაც სიცოცხლის ნიშნები არ აქვს.

- ”ნაციონალურმა მოძრაობამ” გამოაცხადა ბოიკოტი და აღარ ესწრება პარლამენტის სხდომებს.

- მათ კარგად იციან, რომ ეს კარგს არაფერს მოუტანთ, მაგრამ ”ნაციონალური მოძრაობა”ახლა კრიტიკულ მდგომარეობაშია, რადგან საკმაოდ მძიმე დანაშაულებრივ ქმედებაში ედებათ ბრალი. აქედან გამომდინარე, მათი ბოიკოტი მოტივირებულია იმით, რომ არაფერი აქვთ სათქმელი, ხოლო მათი ლაპარაკი - ვითომ ჩვენ დაპირებებს ვერ ვასრულებთ, ვერაფრით უშველის იმას, რომ მათ დროს ადამიანებს აუპატიურებდნენ. როგორი პროფესორიც უნდა იყოს ვინმე რატიანი ან როგორი სუფთა გოგო - რომელიმე ბოკუჩავა, ამ გაუპატიურების უკან მაინც ისინი დგანან და ამას ან უნდა გაემიჯნონ ან უნდა აღიარონ - დიახ, ჩვენ მოგვწონს ასეთი პარტია, რომელიც ამას აკეთდებდა.

- გივი თარგამაძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თქვენ ნდობის ჯგუფის ფუნქციებში სრულად ვერ ერკვევით.

- მე ვფიქრობ, გივი თარგამაძე არამარტო ნდობის ჯგუფში, არამედ პარლამენტშიც არ უნდა იყოს და საერთოდ, ასეთი ადამიანის ადგილი სულ სხვა დაწესებულებაშია. რაც შეეხება იმას, მე რაში ვერკვევი და რაში არა – შემირცხვენია ის ქვეყანა, რომელიც იტყვის, რომ ლევან ბერძენიშვილი ვერ ერკვევა და გივი თარგამაძე ერკვევაო.

- ამავე ინტერვიუში მან თქვა, - თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თაკო სალაყაიას ასმენინებდნენ გირგვლიანის კვნესას, ტყუილია და თქვენ ბოდიში უნდა მოიხადოთ.

- არ მოვიხდი ბოდიშს, რადგან მე ვიცი ამ ფაქტის მოწმე, მაგრამ ჯერჯერობით ის არ აპირებს ამის თქმას პროკურატურასთან. ამ მოწმეს გვარიც აქვს, სახელიც, სიმაღლეც და ასაკიც. მე არ შემიძლია მისი დასახელება, რადგან ის მე გამენდო როგორც პარლამენტის წევრს. რაც შეეხება ბოდიშს, თუ გირგვლიანის საქმეზე ლევან ბერძენიშვილს აქვს ბოდიში მოსახდელი, მართლა ნამუსი არ ჰქონია გივი თარგამაძეს! კაცი აწამეს, მოკლეს და კიდევ ჩვენ უნდა ვიხადოთ ბოდიში?! მკვლელებს მოვუხადოთ ბოდიში?! საერთოდ, გირგვლიანის გვარის ხსენებას როგორ ბედავს ეგ არაკაცი?! დღეს არაა სამართლიანი საზოგადოება, რადგან გივი თარგამაძის ნაბოდვარზე მიწევს პასუხის გაცემა. სამართლებრივ საზოგადოება რომ იყოს, გივის საკადრის ადგილს მიუჩენდნენ.

- ბატონო ლევან, არსებობს ინფორმაცია, რომ დასავლურ პრესასა და ტელევიზიაში არაერთი რეპორტაჟი მზადდება, სადაც საქართველო მხოლოდ ნეგატიურად არის წარმოჩენილი. ხელისუფლება არ აპირებს მიმართოს პიარ-კამპანიების და ლობისტთა ჯგუფების დახმარებას მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად?

- დიახ, ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს. ”ნაციონალური მოძრაობა”მთელ მსოფლიოში ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. საქართველოს, როგორც ქვეყანას, წარმოაჩენს ძალიან ნეგატიურად. ეს კი არაა ჩვენი მომავლისთვის სასარგებლო, არ გვიხსნის არავითარ გზას და არ გვეხმარება საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაციაში. სხვათა შორის, თარგამაძისნაირი ხალხი სწორედ ამითაა დაკავებული და ამის ფონზე მათთან მორალზე ლაპარაკი როგორ შეიძლება?! სასაცილოა, როცა კაცს სამი დღე ფხიზლად ყოფნა არ შეუძლია და მორალზე ლაპარაკობს.

- ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრემიერმა განცხადა, რომ წლის ბოლომდე არა დაპირებული 60, არამედ 100 ახალი ქარხანა აშენდება. მაშინ, როცა ჯერ ერთის მშენებლობაც არაა დაწყებული. რამდენად სარწმუნოა რომ 100 ქარხანა აშენდება?

- წლის ბოლოც მოვა და ყველაფერს ვნახავთ. მე ვფიქრობ, პრემიერს აქვს საშუალება - განაცხადოს და აქვს პასუხისმგებლობა - უპასუხოს. წლის ბოლოც მოვა და დავითვალოთ - თუ 99 იქნება, ვაპატიოთ, თუ 61 იქნება - მოვუწონოთ, ხოლო თუ არც ერთი არ აშენდა, ამას არავინ მოიწონებს, მაგრამ მე არა მგონია, ეს პრემიერის მხრიდან ყასიდად ლაპარაკი იყოს. მე რომ გითხრათ, ზუსტად ვიცი, რომელი ქარხანა სად აშენდება-მეთქი, მოგატუებთ. მაგრამ მე ვენდობი პრემიერ-მინისტრს, ვენდობი, რადგან ბევრ სხვა შემთხვევაში მისი ნათქვამი ყოველთვის გამართლდა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)