"ნინიმ ვერც კარგი ქმარი შეიფერა და ვერც კარგი ცხოვრება" - კვირის პალიტრა

"ნინიმ ვერც კარგი ქმარი შეიფერა და ვერც კარგი ცხოვრება"

ამონარიდი, ჟურნალი "გზა":

მას შემდეგ, რაც ნინი ბადურაშვილი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა და "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრი გახდა, საზოგადოება მისი და ირაკლი კუტალაძის შესაძლო დაშორებაზე ალაპარაკდა. ნინი პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებში ამას დამაჯერებლად უარყოფდა, უფრო მეტიც - ამბობდა, რომ მსოფლიოში ყველაზე გამგები ქმარი ჰყავს. ახლახან კი პრესაში მისი მეუღლის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ირაკლი კუტალაძე ამბობს, რომ ნინის მიზანი იყო, ოფიციალურად გათხოვილიყო და შვილი კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმაში არ შედიოდაო... მას ცოლთან დაშორება გადაწყვეტილი აქვს და ვერც მიზეზს ხედავს, ეს ნაბიჯი რომ არ გადადგას.

ჩვენ ირაკლის ერთ-ერთ ნათესავსაც დავუკავშირდით, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

- თქვენ იცოდით, რომ ირაკლის და ნინის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ?

- მას შემდეგ, რაც ნინი საქართველოში ჩამოვიდა, პრესასთან და სატელევიზიო გადაცემებშიც ირაკლიზე მხოლოდ კარგს ლაპარაკობდა, მერე კი ირაკლი ძუნწი, უყურადღებო და მახინჯი გახდა.

- ეს ვინ თქვა?

- თავად ნინი ყველასთან ასე ლაპარაკობდა. რომ მიჰყვებოდა, არ იცოდა, ვინ იყო? როგორი იყო? ქორწილამდე 2 კვირით დუბაიშიც იყვნენ წასულები, ირაკლის ძალიან კარგად იცნობდა.

- ამბობენ, ნინის ყურადღებას ვერ აქცევდა, მთელი დღე გასული იყოო.

- ძვირადღირებული სურვილები შინ ჯდომით რომ არ სრულდება, არ იცოდა? მართალია მთელი დღე დაკავებული იყო, მაგრამ ყოველ საღამოს ერთად ატარებდნენ, კონცერტებზე დაჰყავდა. ნინის განკარგულებაში იყო მანქანაც. მან ვერც კარგი ქმარი შეიფერა და ვერც კარგი ცხოვრება. მეეჭვება, ირაკლისნაირი ადამიანი კიდევ იპოვოს. ამას იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ ჩემი ნათესავია.

- ერთმანეთს როგორ დაშორდნენ?

- ნინიმ დაიჩემა, თბილისში უნდა წავიდე, სატელევიზიო პროექტიდან მაქვს შემოთავაზება და უარს ვერ ვიტყვიო. ირაკლი გაგებული ბიჭია, იფიქრა, რომ ნინი თავის თავში ყველაფერს დაალაგებდა და უკან დაბრუნდებოდა, უარი არ უთხრა, გამოუშვა. მან კი ირაკლისთან კონტაქტი საერთოდ გაწყვიტა.

- ერთმანეთს აღარ დალაპარაკებიან?

- როგორც ვიცი, ნინი რომ წამოვიდა, თავისი ნივთები წამოიღო. რაც დარჩა, მერე გამოაგზავნინა და მხოლოდ ამისთვის შეეხმიანა.

- ირაკლი პრესასთან არ ურთიერთობს. ამჯერად ინტერვიუზე რატომ დათანხმდა? ხომ შეიძლებოდა, მათ ურთიერთობა ოჯახურ გარემოში გაერკვიათ.

- სიყალბეში ცხოვრებას ასე არჩია. თქვა და დაამთავრა. სხვა ინტერვიუების მიცემას აღარ აპირებს. საინტერესოა, მას ნინის ოჯახის წევრები მაინც რატომ არ დაუკავშირდნენ? განა შეიძლება, იცოდე, რომ შენს შვილს ოჯახი ენგრევა და არ ჩაერიო?

- ირაკლის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ერთ-ერთი სააგენტოს გვერდზე დაიდო ინფორმაცია, თითქოს მათ ოჯახში სტუმრები ჰყავდათ, ნინი კი მესიჯობდა და ირაკლიმ ტელეფონს ვერაფრით მოწყვიტა. მოგვიანებით კი ნახა, ნინი დედამისს სწერდა: "ამ ბანჯგვლიანთან როგორ მძინავსო"... თქვენთვის ამის შესახებ თუ არის რაიმე ცნობილი?

- ამბობდნენ, ირაკლიმ ნინის მესიჯები წაიკითხაო, მაგრამ არ ვიცი, ადრესატი ვინ იყო.

- გზავნილების შინაარსი იცით?

- ირაკლის და დედამთილს ლანძღავდა.

- ისიც დაიწერა, ირაკლი მეუღლეს იმის გამო დაშორდა, რომ ყოფილ შეყვარებულს შეურიგდაო.

- ეს სიმართლე არ არის, ირაკლის ქალების ყურადღება არასდროს აკლდა, წყალბურთელი ბიჭია, მთელ მოსკოვს იცნობს, დიდი სამეგობრო წრე ჰყავს.

- მალე მისი შვილი დაიბადება. თქვენთვის თუ არის ცნობილი, ირაკლი რას აპირებს?

- პირადად მასთან ამ თემაზე არ მილაპარაკია. ვფიქრობ, შვილს უყურადღებოდ არ დატოვებს.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში