გუგული მგელაძე: - მამაკაცი იმდენი წლისაა, რამდენისაც შეუძლია იყოს!..
ისე მოხდა, არც კი ვიცოდი, თუ ავად იყო... რომ მივედი, მძიმე სნეულებაგადატანილი დამხვდა. შევწუხდი. რა დაგემართათ-მეთქი. მან კი მშვიდად მომიგო, რაც იყო, იყოო... არც ერთი სიტყვით მეტი! ამით ნამდვილად განსხვავდება სხვებისგან, მათგან, საკუთარ განსაცდელზე დიდხანს და გულაჩუყებული რომ ყვებიან. ის თითქოს ასეთი უნდა იყოს: მხნე, მხიარული, იუმორით სავსე - გუგული მგელაძე!
მახსენდება მის კაბინეტში არაერთხელ მოსმენილი ძველი ამბავი. პავლე ინგოროყვას საწერ მაგიდაზე დაწყობილი ჯერ დაუბეჭდავი ლექსები... მახსენდება, რომ მაშინაც კი, როცა საკმაოდ ტრაგიკული პერიოდის შესახებ მიამბობდა, მხნეობა და ხალისი არ ტოვებდა. თითქოს მაშინაც იმავეს მეუბნებოდა: - რაც იყო, იყო!
- ყველაფერი იწყება მამის დაპატიმრებით... - მიამბობს "ფესვების" რეჟისორი და უკვე ვხედავ მის ნაადრევად დაკაცებულ სახეს, - მახსოვს, როგორ მოვედი სკოლიდან პატარა ბიჭი. მეზობლები რაღაც სხვანაირად მიყურებდნენ. შევედი შინ, არეულია ყველაფერი. რომ მივდიოდი, მამა ავადმყოფი დავტოვე ლოგინში, მოვედი, ვხედავ, ისევ ლოგინშია ფერმკრთალი. ჩეკისტები კითხვებს აძლევდნენ და ის პასუხობდა. საწყალი დეიდაჩემი, ხეიბარი ქალი იყო, კუთხეში იდგა და ცრემლი ჩამოსდიოდა. ერთი ჩეკისტი ბუხართან იჯდა და რაღაცას ჩხრეკდა... არ ვიცი, რას ეძებდა. მერე წაყვანა დაუპირეს. დეიდამ უთხრა, - გიორგი, ლოგინს შეგიკრავ, წაიღეო. "ნეტ ნუჟდი!" - რუსულად უთხრა ერთმა შავგვრემანმა კაცმა. ვიდექით სამი შვილი: ჩემი უფროსი და უმცროსი დები და მე... მალე დავბრუნდებიო, - გვითხრა და გაჰყვა... ორ თვეში დახვრიტეს. მიზეზზე ვფიქრობდი სულ. ვფიქრობ, ბელგიაში რომ ჰქონდა განათლება მიღებული, ამანაც განაპირობა მისდამი საბჭოთა რეჟიმის უნდობლობა. ზაჰესის საინჟინრო საქმე მამას ებარა და ბრწყინვალედ შეასრულა, - ესეც უბედურებად უქციეს. რა დამავიწყებს, როგორ წვალობდა დედა, ორ სამსახურში დადიოდა, მოვიდოდა, დაგვაპურებდა, ისევ წავიდოდა. ყველაზე მეტად ეს მახსენდება.
ბევრი რამ ხდება შემთხვევით ამ ცხოვრებაში. ერთ დღეს ქუჩაში ქალი შემხვდა. გაჩერდა და დიდხანს მიყურა, თან მიღიმოდა. მეც შევჩერდი.
- რამდენი წლის ხარ? - მკითხა უცნობმა.
- რამდენისაც საჭიროა! - ვუპასუხე უხეშად, ვიუკადრისე, უცნობმა ქალმა ასაკი რომ მკითხა.
თითი დამიქნია, ასე უზრდელად ნუ მელაპარაკებიო და მკითხა:
- კინოში გადაღება გინდა?
- როგორ არა! - ვუპასუხე.
- ხვალ მოდი სტუდიაში.
მივედი მეორე დღეს. დამხვდა ის ქალბატონი. მერე გავიგე, ალიანდრა ერქვა. თურმე "გიორგი სააკაძის" სინჯები მიმდინარეობს. შევედი. ვხედავ ვიღაც თავმოტვლეპილი კაცი ბუტერბროდს ჭამს. პირველად მოვხვდი ასეთ გარემოში, დავინახე, როგორ მუშაობდნენ გამნათებლები, კიბესთან ახოვანი კაცი იდგა - თურმე აკაკი ხორავა. ქალბატონმა ალიანდრამ ვიღაცას მიმართა:
- მიხეილ ედიშეროვიჩ, ეს ბიჭი გამოდგება გიორგი სააკაძის უფროს შვილად? - მაშინღა გავიგე, მიხეილ ჭიაურელს მიმართავდა.
- ხვალვე ჩააცვით, დაახურეთ პარიკი, ჯამაგირი დაუნიშნეთ და გადაღებებზე მოიყვანეთ! - უპასუხა.
გამოვედი გაკვირვებული. ვეკითხები ალიანდრას, რაო, რა თქვა, ვინ უნდა ვითამაშო-მეთქი. ვერ გაიგე, რა გითხრეს? გიორგი სააკაძის უფროსი შვილიო.
- მერე ჯამაგირსაც დამინიშნავთ? - ვკითხე უნდობლად.
- აბა რა!
- ფულს მომცემთ? - ვერ ვიჯერებდი.
მაშინ მეგონა, როგორც ფოტოგრაფთან შენ უნდა გადაგეხადა ფული, სურათი რომ გადაგეღო, კინოშიც ასე იყო.
ერთი საოცარი რამ დამრჩა გადაღებების დროიდან. პირველ სცენას ვიღებდით, გიორგი სააკაძეს თავადაზნაურობა რომ დაესხმება თავს. არ განვიცდიდი არაფერს. ვერიკო ანჯაფარიძეს ერთი ხელი ჩემზე ჰქონდა ჩაკიდებული, მეორე - მერაბ კოკოჩაშვილზე. ენთო ჩირაღდანი და ჩვენ დავრბოდით. ჭიაურელმა მითხრა, - ყოჩაღ, რა კარგად განიცდი და როგორ ზუსტად თამაშობო. მერე როცა გიორგი სააკაძე განიდევნა, ვსხედვართ მთელი ოჯახი ქვებზე, წინ უდაბნოა, გიორგი ეუბნება მეუღლეს: რუსუდან, არ გაშინებს შენ ეს გზაო?.. ისე განვიცადე, თითქოს მართლა მივდიოდი და ვტოვებდი ყველას. ვკანკალებდი კიდეც. უცებ მიხეილ ჭიაურელმა მითხრა, - შენ არ გეხება, რაც ხდება? რატომ არ განიცდიო! მაშინ მივხვდი, მარტო განცდა კი არა, გამოხატვა იყო მთავარი.
პირველი ჯამაგირი 750 მანეთი ავიღე. პირველი, რაც გავაკეთე, დედას ვუყიდე კაბა. ახლაც თვალწინ მიდგას, შავ-თეთრად მოჩითული იყო. დედამ რვა თუ ათ წელიწადს ატარა...
15-16 წლისა ვიყავი და გაფუჭება დავიწყე, ვთამაშობდი ფულს... ეს რა არის? ფულის ნომერი უნდა გამოგეცნო და ის ფული შენი იყო. სამ ნომერში რაღაც მაინც უნდა გეთქვა მიახლოებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ყომარს რომ ეძახიან, - ზარს, იმასაც კი ვთამაშობდი. მერე პოკერს ვთამაშობდი, მაგრამ უკვე ხანში შესული. ეგ, ცხადია, ვეღარ გამაფუჭებდა.
ძველბიჭობა მომწონდა ძალიან. მაგრამ დღევანდელი გაგებით კი არა! მინდოდა ავტორიტეტი მქონოდა, ამიტომ იმასაც კი დავიბრალებდი, მოვიპარე რაღაც-მეთქი, ოღონდ ეთქვათ, ძველი ბიჭიაო. ერთხელ რუსთაველზე ვიდექი და ერთმა თქვა, ეს კარგი კაციაო, - ჩემზე. ქურდიაო? - ჰკითხა მეორემ. რა ქურდი, რის ქურდი! ომის წლები იყო, უპატრონოდ ვიყავით, ნახევრად მშიერი დავდიოდი.
ისეთი ცუდი ვიყავი, წაგებული ფულის გადასახდელად პურის წიგნაკი გამიყიდია. დიდი "საჩუქარი" ვიყავი ოჯახისთვის, მოკლედ რომ გითხრათ... მაგრამ გენეტიკაში არ მქონდა ბოროტება და გადავრჩი...
რამ გადამარჩინა? გრიბოედოვის ქუჩის პირველ ნომერში ჩემი მეგობარი, თენგიზ ალავერდაშვილი ცხოვრობდა. მასთან ვიკრიბებოდით მე, კოტე მახარაძე, თენგიზ გოდერძიშვილი, ნოდარ ჯამბერიძე (მერე ცეკაში მუშაობდა, მაგრამ სულით არ წამხდარა). კოტე მაიაკოვსკის კითხულობდა, თენგიზ გოდერძიშვილი ფორტეპიანოზე უკრავდა. მაშინ მასწავლა დაკვრა და დღემდე მახსოვს ის პიესები. ვმღეროდით.
დეიდა ანგელინა, თენგიზის დედა ქვრივი იყო, ლუკმას გვიყოფდა, ღვინის ავ-კარგიანობასაც მათთან ვეზიარე პირველად. ამ მეგობრობაზე მერე ფილმი გადავიღე: "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ!" დეიდა ანგელინას სესილია თაყაიშვილი თამაშობდა...
დედას უნდოდა, ექიმი გავმხდარიყავი. წაიღო ჩემი საბუთები და შეიტანა სამედიცინო ინსტიტუტში. ხელში არ ავიღე წიგნი. მახსოვს, ბიოლოგიის სახელმძღვანელოს ქვეშ ყაზბეგი მედო და იმას ვკითხულობდი. გავედი და პირველივე გამოცდაზე ჩავიჭერი. დავბრუნდი გახარებული. ჩემმა დამ, რა ქენიო, - მკითხა. ჩავიჭერი-მეთქი. მერე რა გიხარია, შე სულელოო!
ის მიხაროდა, რომ მოსკოვში წავედი და ვგიკ-ში ჩავაბარე გამოცდები. არც იქ მიღებდნენ. სომეხმა გამომცდელმა მითხრა, ქართული აქცენტი გაქვთ და ვერ მიგიღებთო. მე ვკითხე, - აბა, სტალინს სომხური აქცენტი ჰქონდა-მეთქი?! შეეშინდა და ვეღარაფერი მითხრა. მიმიღეს! პირველი სემესტრის მერე გამომაგდეს. შემრცხვა დაბრუნება. ექვს თვეს სადგურსა და ფოსტაში ვათენებდი, მშიერი ვიყავი... ჩემთან ერთად გამოაგდეს ვიქტორ ორლოვი, ერთად დავყიალობდით.
მეორედ გავედი გამოცდაზე და ისეთი რამ წავიკითხე, ვერაფერი მითხრეს. ან უნდა მივეღე, ან უნდა დავეჭირე. რა წავიკითხე ასეთი? - მიხაილ ლერმონტოვის "სმერტ პოეტა"...
გამიმართლა, ისეთ ხალხში ვსწავლობდი: გრიშა ჩუხრაი, ვლადიმირ ბასოვი, სერგეი ბონდარჩუკი, თენგიზ აბულაძე... მერე თენგიზი გამოაგდეს... "სხვისი შვილები" რომ გადაიღო და ჩვენება იყო, ჩემ გვერდით იჯდა სწორედ ის, ვინც თენგიზი გააგდო ვგიკ-იდან. ცრემლი წამოუვიდა, ხელი ჩამომართვა, თენგიზთან ვერც მივიდა, ისე გაიპარა.
ცხოვრებაში ბევრი ნიჭიერი კაცი მინახავს. ზოგი სმამ დაღუპა... ზოგი პოპულარობამ. ზოგმა გაუძლო. სულ მახსენდება ვიაჩესლავ ტიხონოვი. ძალიან ჭკვიანი იყო თავიდანვე. ერთხელ ვკითხე, რატომ არ სვამ-მეთქი. ძვირფასო გულია, კიდევ იმდენჯერ მოგვიწევს სმა ცხოვრებაშიო... მართალი იყო. გადაანაწილა მთელ ცხოვრებაზე...
ხედავთ კედელზე ფოტოს? ეგ არის ჩემი პირველი სიყვარული - ნინა კრაჩკოვსკაია. ხანდახან მესიზმრება... შეიძლება ცოლად რომ მომეყვანა, სულ სხვა დამსიზმრებოდა, მაგრამ რაც არ ამისრულდა, ის მახსოვს და არ მასვენებს...
ხან მზეა, ხან ავდარია... ჩემი შუადღე უფრო მზიანი იყო, არაჩვეულებრივ ხალხთან მიხდებოდა მუშაობა. იმიტომაც არის ქართული კინო ძლიერი. ამერიკულ კინოში იმავეს ვერ ნახავთ.
ყველაზე რთულად რომელი ფილმის გადაღებებმა ჩაიარა? ერთს გეტყვით... ერთხელ კომპოზიტორი ფელიქს ღლონტი შემხვდა და მითხრა, ერთმა მეგობარმა მითხრა, ორი წელია ვიტანჯები, სიმფონიას ვწერო. თუ იტანჯები, რატომღა წერო, - უკითხავს ფელიქსს. ტანჯვით არც დაწერილი გამოვა, არც გადაღებული. მე ყველა ფილმს სიხარულით ვიღებდი. თუ შევატყობდი, რამე არ გამოდიოდა, თავს ვანებებდი... პირველი ფილმი "ბურთი და მოედანი" სერიოზულად არც მიიღეს... ხომ გაძლო ნახევარი საუკუნე? ერთ თვეში გადავიღე სიხარულით.
"ფესვები" იცით, რამდენი წლისაა? - ოცი წლის! ისევ უყურებენ!
"სინათლე ჩვენს ფანჯრებში" ოცდაათი წლისაა და ისიც ცოცხალია.
თუ გინდა გაიგო, მაგალითად ნახატის ფასი, ჩამოჰკიდე კედელზე, უყურე, თუ მოგწყინდა, ჩამოხსენი... თუ არ მოგწყინდა, ესე იგი კარგია.
მომავალი მეუღლე რომ გავიცანი, ვიცოდი, ინგოროყვას ქალიშვილი იყო, მაგრამ ვინ იყო ინგოროყვა, დიდად არც ვიცოდი. მოსკოვში ჩამოუყალიბებელი წავედი, აქ შიმშილისგან თავი მტკიოდა და წიგნის კითხვის განწყობა მქონდა? მოსკოვში ლამის რუსად ჩამოვყალიბდი... მაგრამ გენეტიკა თავისას შვრება. რომ გავრუსებულიყავი, "ფესვებს" ხომ ვერ გადავიღებდი! კარგია თუ ცუდია, სულით ხომ ქართულია! დავუბრუნდეთ ბატონ პავლეს... შემოვედი ამ ოჯახში და გავიცანი. მართალია, "მერჩულე" ბოლომდე არ წამიკითხავს, მაგრამ ბევრი რამ წავიკითხე. ბოლოს წიგნიც დავწერე... ხშირად ვფიქრობ მასზე...
ახლა ვცხოვრობ შვილებთან ერთად, გვყავს შესანიშნავი ლაბრადორი...
როცა ოჯახში დიდი უბედურება შეგვემთხვა, - გიო ავტოავარიაში მოხვდა ცოლ-შვილთან ერთად და მეუღლე დაეღუპა, ერთმა მეგობარმა მითხრა, ილოცეო. ვლოცულობდი, როგორც შემეძლო... ეკლესიაში ვერ მივედი - ეკლესიური ცხოვრება ვერ დავიწყე, მაგრამ ცხადია, მწამს... სული ხომ ვერავინ ახსნა, რა არის...
მახსენდება პავლე ინგოროყვა, რომელსაც ახალგაზრდობიდან ტუბერკულოზი ჰქონდა, იტანჯებოდა... მაშინ ამ დაავადებით იხოცებოდნენ, მაგრამ პავლე ამბობდა, სანამ სათქმელს არ დავამთავრებ, არ მოვკვდებიო და სულმა გადაარჩინა. ერთხელ ქვიშხეთში პირიდან სისხლი წასკდა, ვერ ვასწრებო, - დაიძახა!
მეც ვფიქრობ, კიდევ მინდა რაღაც გავაკეთო. თექვსმეტი წლის მერე გეპატიჟებით ასი წლის იუბილეზე... ასაკს ვერ ვგრძნობ... ხომ იცით, ქალი იმდენი წლისაა, რამდენისადაც გამოიყურება, მამაკაცი კი იმდენი წლისაა, რამდენისაც შეუძლია იყოს. რაღა დაგიმალოთ და მავიწყდება ჩემი ასაკი. ლამაზ ქალთან საუბარი მსიამოვნებს, და არა მარტო საუბარი... სცენარს ვწერ, გადაღება მინდა. ადრე ორმოცდაათი წლის კაცს ვუყურებდი, ვფიქრობდი, რისი იმედი აქვს-მეთქი. მერე დრო გავიდა, ორმოცდაათს გადავაბიჯე. გაჩნდა შიშიცა და რწმენაც, რომ გავაკეთებ.
ახლა კი ხშირად ვკითხულობ ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფიას. ავად რომ იყო, წერდა: როცა მოვა, მოვაო. ყველაფერს ეჩვევი კაცი.
P.S. გუგული მგელაძის მსგავთ ასაკი ვერ ერევა... ამიტომ სულ რჩება მოლოდინი: დღეს თუ არა ხვალ, ახალ წიგნს გამოსცემს, ან ახალ ფილმს გადაიღებს. დღეს თუ არა ხვალ...
ლელა ჯიყაშვილი
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”