"პაატა ბურჭულაძე ღირსეულ კონკურენციას მარგველაშვილს კი არა, თავად ივანიშვილსაც გაუწევს"
"თუ საქართველოს პრეზიდენტი პაატა ბურჭულაძე არ გახდება, "ქართული ოცნება" გველეშაპად გადაიქცევა" - აცხადებს "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია.
როგორც უკვე ცნობილია, ჯონდი ბაღათურიამ "ქართული დასის" პრეზიდენტობის კანდიდატად მსოფლიოში ცნობილი ბანის, პაატა ბურჭულაძის დასახელების სურვილი გამოთქვა. თავად პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ამ თემაზე ბაღათურიასთან უკვე ისაუბრა, თუმცა, ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია. რატომ შეაჩერა "ქართული დასის" ლიდერმა არჩევანი მსოფლიო ბანზე და რა ბერკეტები აქვს მის დასაყოლიებლად - ამ კითხვებით თავად ჯონდი ბაღათურიას მივმართეთ.
ჯონდი ბაღათურია:
- პაატა ბურჭულაძეს მხოლოდ მე კი არა, ძალიან ბევრი სახელმწიფო მოღვაწე და ქვეყნის გულშემატკივარი სთხოვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ამ ადამიანს აქვს სუფთა ბიოგრაფია და ქართული, ვაჟკაცური ხასიათი. ჩვენი მთავარი ამოცანა "ქართული ოცნების" დაბალანსებაა. ამ ეტაპზე კი ადამიანი, რომელიც ამას შეძლებს, მხოლოდ პაატა ბურჭულაძეა.
- როგორ გგონიათ, რატომ თქვა ბურჭულაძემ, რომ ერჩივნა, ეს ამბავი არ გაგეხმაურებინათ?
- ჟურნალისტებმა ისეთი ჟივილ-ხივილი ატეხეს, სხვა ყველაფერი უკანა პლანზე გადაწიეს. პაატა ბურჭულაძემ კი არა, მეც ვიფიქრე, ნეტავ არაფერი მეთქვა-მეთქი. სხვათა შორის, ამ ამბავს ორი თვის განმავლობაში საგულდაგულოდ ვინახავდი, მაგრამ ახლა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გავახმაურე. შედეგიც მივიღე, ამ ამბით ბიძინა ივანიშვილი ისე დაიბნა, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ბურჭულაძის მიმართ არაეთიკური განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ ბურჭულაძე ღირსეულ კონკურენციას ვერ გაუწევს მარგველაშვილს.
- თქვენ ფიქრობთ, რომ გაუწევს?
- ბურჭულაძე არამარტო ღირსეულ კონკურენციას გაუწევს მარგველაშვილს, არამედ აჯობებს კიდეც. გვესმის, რომ მარგველაშვილს აქვს ძალიან დიდი რესურსი, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით, ისე ივანიშვილის ავტორიტეტით. თუმცა, ბურჭულაძეს არანაკლები ავტორიტეტი აქვს. ჩემი აზრით, ბატონი პაატა ღირსეულ კონკურენციას არამარტო იმ ადამიანს გაუწევს, რომელსაც ზურგს ივანიშვილი უმაგრებს, არამედ თავად ივანიშვილსაც.
- ფიქრობთ, რომ მარგველაშვილის ერთადერთი რესურსი ივანიშვილის ზურგია?
- მარგველაშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ, განათლებული და წესიერი კაცია. ამიტომ არ ვიტყვი, მარიონეტია-მეთქი, მაგრამ ვერ უარვყოფ, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა არ არის. ის თავადაც დაუფარავად აღიარებს, რომ ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი პირია.
მარგველაშვილის გაპრეზიდენტებით "ქართული ოცნების" ხელში უკონტროლო ძალაუფლება აღმოჩნდება და ამ გუნდისგან ისეთივე გველეშაპს მივიღებთ, როგორიც თავის დროზე "მოქალაქეთა კავშირისგან", შემდეგ კი "ნაციონალებისგან" მივიღეთ. ხომ იცით, მზეჭაბუკი რომ გველეშაპს დაამარცხებს და მერე თავად გახდება გველეშაპი... არ მინდა, "ქართული ოცნებაც" გველეშაპს დაემსგავსოს.
- რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებას აწარმოებდით იმისთვის, რომ კოალიციაში შესულიყავით. მაშინ თქვენი სურვილი რომ განხორციელებულიყო, მაინც იტყოდით, რომ "ქართულ ოცნებას" გველეშაპად გადაქცევის საშიშროება ემუქრება?
- ივანიშვილის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ "ქართულ ოცნებასა" და "საქართველოს დასს" ბლოკი შეეკრათ. მე ამ შემოთავაზებას დავთანხმდი, მაგრამ კოალიციაში შემავალმა ერთ-ერთმა პარტიამ ყველაფერი ჩაშალა. ბლოკში რომ ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, მათ მხარეს ვიქნებოდი, მაგრამ მაინც შევეცდებოდი, რომ ჩვენი კონკურენტი ძალა გამოჩენილიყო. ამას უნდა ცდილობდეს ახლა ივანიშვილიც. ბურჭულაძე რომ არ არსებობდეს, უნდა გამოიგონოს. გარდა იმისა, რომ ის მსოფლიოში ცნობილი ბანია, არის ძალიან ცნობილი ქველმოქმედი და მოღვაწე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაეროს კეთილი ნების ელჩია და მარგველაშვილისგან განსხვავებით, დასვლეთში კარაგად იცნობენ. ე.ი ბატონი პაატას საშუალებით გაერო სხვადასხვა სახელმწიფოებში პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების მოწესრიგებას ცდილობს. იმისთვის, რომ სახელმწიფო დემოკრატიულად განვითარდეს, პოლიტიკურ ძალებს შორის აუცილებლად უნდა იყოს ძლიერი, დაძაბული კონკურენცია. სამწუხაროდ, ბატონი ბიძინას მიერ ბოლო დროს გაკეთებული აგრესიული განცხადებები მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ ის დემოკრატი სულაც არ არის. უფრო მეტიც, ამ ადამიანს ძალიან აღიზინებს პოლიტიკურ ასპარეზზე მისგან დამოუკიდებელი ფიგურის გამოჩენა. მე არ უარვყოფ ივანიშვილის ღვაწლს, მან მართლაც ძალიან დიდი საქმე გააკეთა, "ნაციონალების" დიქტატურა რომ დაამხო, მაგრამ არ მინდა, ახლა თავად გადაიქცეს დიქტატორად.
- ქვეყანას უკვე ჰყავს პრემიერი, რომელიც პოლიტიკოსი არ გახლავთ. როგორ გგონიათ, ასეთ ვითარებაში ასევე პოლიტიკური გამოციდლების არმქონე პრეზიდენტი ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება?
- ივანიშვილმა პოლიტიკური გამოუცდელობის გამო მართლაც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მისი ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა მაინც ძალიან პოზიტიური მოვლენა იყო. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ივანიშვილის მხრიდან იმის განცხადება, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს და მთავრობას გვერდიდან მართავს, ჩემი აზრით, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა არ არის. ის უბრალოდ ბიზნესისთვის დამახასიათებელი მეთოდებით თამაშობს პოლიტიკაში. ალბათ არ იცის, რომ ის, რაც ბიზნესში "მოსულა", იმის გაკეთება პოლიტიკაში მიზანშეწონილი არ არის. ბიზნესში მორალურადაც და პრაგმატულადაც დასაშვებია, რომ საქმე ააწყო და მერე გვერდიდან მართო. პოლიტიკაში ეს არ შეიძლება. ჩვენ არ გვინდა ისეთი მთავრობა და პარლამენტი, რომელსაც გვერდიდან მართავენ. ჩვენ გვინდა ისეთი პარლამენტი, რომელიც მართავს სახელმწიფოს საზოგადოებრივი შეკვეთის მიხედვით.
- თავად ბურჭულაძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატურის წამოყენებას კი არა, მთვარეზე გაფრენასაც არ გამორიცხავს, მაგრამ ამ იდეის გულშემატკივრებს სანუგეშოს ვერაფერს ჰპირდება. თქვენ რა გაძლევთ იმედის საფუძველს?
- მე კარგად ვიცნობ მის ქართულ, ვაჟკაცურ ბუნებას. ისიც ვიცი, რომ კარგად აცნობიერებს, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა და თავად "ქართული ოცნება", სხვა გზა არ არის, ან ბურჭულაძე გახდება საქართველოს პრეზიდენტი და ამით დავაბალანსებთ "ქართულ ოცნებას" და ქვეყანაში კონკურენციას შევქმნით, ან მესამე წრეზე წავალთ და მივიღებთ ახალ გველეშაპს, გუშინდელი მზეჭაბუკი "ქართული ოცნებისგან".
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)