"დღევანდელი სასამართლო ქვეყნისთვის სახიფათოა"
"სააკაშვილმა უკან დაიხია, რადგან დაუმტკიცეს, რომ ღრმად შეტოპა"
"პიარი და მედიაეფექტები მსოფლიო პოლიტიკაში აპრობირებული იარაღია"
დამნაშავის გამართლება თავად სასამართლოსთვის გამოტანილი მძიმე განაჩენიაო, ნათქვამია. ჩვენ არ ვაპირებთ ახალციხის სასამართლოს მიერ უდანაშაულოდ ცნობილ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანის, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულებს სკამის ფეხით აუპატიურებდა, და მისი ყოფილი თანამშრომლების უაპელაციოდ დამნაშავედ გამოცხადებას. უბრალოდ ვკითხულობთ, მაშინ რატომ მოჰყვა ხვედელიანის გამამართლებელ განაჩენს ბორჯომში საპროტესტო აქციების ტალღა, რამ აიძულა ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ახალციხის სასამართლოსთვის კვერცხები და პომიდვრები დაეშინათ? რა გამოდის, ტყუოდნენ ბორჯომელ-ბაკურიანელები, როდესაც "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში პირად საუბრებში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი საჯაროდ ამბობდნენ, თუ რა საშინელებები ხდებოდა ბორჯომის პოლიციაში?
ტყუის პროკურატურა, როდესაც თეთრზე შავით აღწერს, როგორ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ არაკაცები დაკავებულებს? გარშემო ყველა ტყუის და მხოლოდ ახალციხის მოსამართლემ იპოვა ჭეშმარიტება? იქნებ პოლიტპატიმრადაც გამოგვეცხადებინა ხვედელიანი? არადა, "იმსახურებს", რადგან ახალციხის სასამართლოს ლოგიკით უდანაშაულო ხვედელიანი ბორჯომელ-ბაკურიანელების, უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და პროკურატურის "დიდი შეთქმულების მსხვერპლია". სიმართლე გითხრათ, მე უკვე ის მიკვირს, როგორ გაბედა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ და როგორ არ გამოაცხადა უდანაშაულოდ ოლეგ ფაცაცია და გლდანის ციხის სხვა ჯალათები? ექსპერტ გოგი ხუციშვილის აზრით, ხვედელიანის საქმე ზოგად ტენდენციას ასახავს, რაც სახიფათოა.
- არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ სასამართლოსთან გვაქვს საქმე. დღევანდელი მოსამართლეები იმ სისტემის ნაწილი არიან, რომელიც ძველი ხელისუფლების დროს შეიქმნა და დღესაც მოქმედებს. ამ სისტემაში დამკვიდრებული იყო შერჩევითი სამართალი, დანაშაულის მიჩქმალვა, დამნაშავეების გამართლება და პირიქით, უდანაშაულოების ციხეში ჩასმა. აღარაფერს ვამბობ ზემოდან მიღებული დაკვეთების შესრულებაზე. ამიტომ სულაც არ გამკვირვებია, რომ სასამართლომ ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.
- და რასთან გვაქვს საქმე, მოსამართლემ დაკვეთა შეასრულა?
- "ნაციონალების" ყველა განაყოფს, მათ შორის სასამართლოს, ჰქონდა მითითება, ცოტა ხანი გავძლოთ და შემდეგ ხელისუფლებაში აუცილებლად დავბრუნდებითო; ანუ არავის არ უნდა ეღიარებინა, რომ ძველი ხელისუფლების დროს დანაშაული ხდებოდა, ასეთი ფაქტები უნდა მიეჩქმალათ, ყოფილი მაღალჩინოსნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოჩენილიყვნენ უკანონობის ჩამდენებად და ასე შემდეგ. "ნაციონალები" აცხადებდნენ, "ქართული ოცნება" ქვეყნის მართვას თავს ვერ გაართმევს, მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება გაჩნდება და ხელისუფლებაში ჩვენ დავბრუნდებითო. თუმცა სულ სხვანაირად განვითარდა მოვლენები. იმდენი საზარელი დანაშაული გამოვლინდა (რამდენიმე ეპიზოდი სამეგრელოში ნაპოვნ ვიდეოფირებშია დაფიქსირებული), რომ მოსახლეობისთვის "ქართული ოცნება" დღეს მიუღებელიც რომ გახდეს, "ნაციონალები" ხელისუფლებაში მაინც ვერ დაბრუნდებიან. Mმეტიც, მათი გაქრობის პროცესი დაიწყო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ზოგიერთმა ადეკვატურად ვერ შეაფასა, მათ შორის მოსამართლეთა დიდმა ნაწილმა. სწორედ ამიტომ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთაგან ერთ-ერთი ხვედელიანის გამართლება იყო, არ მიკვირს. სიმართლე გითხრათ,
არ გამოვრიცხავ, რომ დღევანდელმა სასამართლომ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი საზარელი ვიდეოფირების "გმირებიც" გაამართლოს. ხალხის აღშფოთება თქვენ მერე ნახეთ. ამიტომ პირდაპირ ვამბობ - დღევანდელი სასამართლო ქვეყნისთვის სახიფათოა.
- რას გულისხმობთ? სხვათა შორის, საზოგადოებაში უკვე ისმის კითხვა, ხომ არ ცდილობენ მოსახლეობის პროვოცირებას, რომ მაგალითად, სასამართლოების დარბევებისკენ უბიძგონ და შემდეგ ეს კონკრეტულმა ძალამ სათავისოდ გამოიყენოს?
- მეც ვხედავ საფრთხეს, რომ შესაძლოა, ზოგიერთს მართლაც ხელს აძლევდეს სასამართლოების დარბევა და უსამართლობის განცდიდან გამომდინარე, ლინჩის წესით გასამართლება. "ნაციონალები" ქვეყანაში დროდადრო პროცესების ესკალაციას ცდილობდნენ. მაგალითად, 19 აპრილის აქციისას დიდი იმედი ჰქონდათ, რომ დაარბევდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. შემდეგ 17 მაისი მოაწყვეს და მიზანს გარკვეულწილად მიაღწიეს, საზღვარგარეთ ეს მოვლენები ძალიან ცუდად შეაფასეს.
- დავუბრუნდეთ სასამართლოსა და სამართლიანობის თემას. არის თუ არა იმის საფრთხე, რომ მოქალაქემ ან მოქალაქეთა ჯგუფმა, რომელსაც გაუცრუვდა სამართლიანობის აღდგენის იმედი, თავად დაიწყოს სამართლის აღსრულება?
- საფრთხე ნამდვილად არის. თუმცა ამის შეკავება ახალ ხელისუფლებას ნამდვილად შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საზღვარგარეთ სიტუაცია ისე წარმოჩნდეს, თითქოს ახალი ხელისუფლება ვითარებას ვერ აკონტროლებს და ქაოსია.
სხვათა შორის, დასავლურ მედიაში თითოეული ასეთი ფაქტი რაღაც ფართომასშტაბიან მოვლენად შუქდება, მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა, ლოკალური და ადგილობრივი ხასიათი ჰქონდეს. ახალმა ხელისუფლებამ ეს უნდა შეაკავოს და ამის
ყველაზე კარგი მეთოდი ხალხთან მჭიდრო კონტაქტია. არ უნდა დაუშვას დაპირისპირება, მათ შორის არც რელიგიურ ნიადაგზე, როგორც ეს სამთაწყაროშია.
- არ მინდა შეთქმულების თეორიის მომხრედ წარმოვჩნდე, მაგრამ ეს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებებიც ხელოვნურად ხომ არ არის პროვოცირებული?
- არ მინდა, ყველაფერში წინასწარ დაწერილი სცენარი დავინახო. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ უმცირესობებთან დაკავშირებული პროცესები მშვიდობიანად წარიმართოს.
- თქვენ ზემოთ თქვით, თუ როგორ შუქდება დასავლურ მედიასაშუალებებში საქართველოში განვითარებული მოვლენები. მოკლედ, ისევ გვიწევს ფაქტის კონსტატაცია - ახალი ხელისუფლება (თუმცა რაღა ახალი) დასავლურ საინფორმაციო ფრონტზე კვლავ მარცხდება.
- ყველაფერი დამოკიდებულების ბრალია. ბევრჯერ დამისვამს ეს კითხვა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან მომისმენია, პიარი "ნაციონალების" საქმეა, პიარში მაინც ვერ ვაჯობებთ, შეჯიბრებაში ვერ ჩაგვითრევენ და ჩვენ საქმით დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლესო. რომ იცოდეთ, ვინ მითხრა ეს, გაგიკვირდებათ.
- გამიმხელთ?
- ვერ გაგიმხელთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მთლად დიდი კაცი იყო. მოკლედ, პიართან ასეთი მიდგომა ცოტა გულუბრყვილოდ მეჩვენება.
პიარი და მედიაეფექტები მსოფლიოში აპრობირებული იარაღი და ხშირად პოლიტიკურ ბრძოლაში გადამწყვეტი ფაქტორიცაა.
ამიტომ ამ იარაღის გამოუყენებლობის უფლება არა გაქვს. როდესაც საზღვარგარეთ ცრუინფორმაცია ვრცელდება, შენ კი დასავლურ ფრონტზე ობიექტური სურათის დახატვის საკითხს გულგრილად უდგები, მინიმუმ ძალიან რთულ ვითარებაში მაინც ვარდები.
- რა ამის პასუხია და, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგ რეზოლუციაში კვლავ დაფიქსირებულია, რომ ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს შერჩევითი სამართლისგან და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო კანდიდატის, ვანო მერაბიშვილის დაკავების გამო.
- ეს არ არის გასაკვირი. ვანო მერაბიშვილი იმ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელია, რომელსაც დასავლეთი სამაგალითოდ სახავდა და რეკლამას უწევდა მსოფლიოში.
დასავლეთს, რა თქმა უნდა, არ სურს აღიაროს, რომ მხარს უჭერდა ხელისუფლებას, რომლის წიაღშიც საშინელებები ხდებოდა.
ამიტომ ჩვენი დასავლელი მეგობრები ცდილობენ, ახალი ხელისუფლება ლიბერალურად მოექცეს ყოფილ მაღალჩინოსნებს და ყოფილი მმართველი გუნდი ხელისუფლებიდან უმტკივნეულოდ წავიდეს. ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებას. საქართველოს მოსახლეობის განწყობა ასეთია: დასავლეთს ჩვენი არ ესმის და გვთხოვს, დამნაშავეები არ დავსაჯოთო. ამიტომაც საქართველოში სამართლებრივი პროცესები გამჭვირვალე უნდა იყოს, რომ დასავლეთს პოლიტიკურ დევნაზე ეჭვის გამოთქმის საფუძველი აღარ ჰქონდეს.
- გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა მორიგი პრესკონფერენცია გამართა. თქვენი აზრით, რა იყო მისი მთავარი გზავნილი და ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება?
- ძალიან მომწონს, რომ ივანიშვილი ყველა თემაზე საჯაროდ საუბრობს. ბევრ თემაზე მივიღეთ პასუხი, მაგრამ მთავარი კითხვა უპასუხოდ დარჩა, - რა მოხდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი წავა მთავრობიდან.
- პრემიერმა განაცხადა, თუ საჭირო იქნება, მთავრობაში დავრჩებიო და ყველას მოუწოდა, ნუ სპეკულირებენ მისი ხელისუფლებიდან წასვლის თემით.
- თუმცა, როდესაც ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს ესაუბრები, ჩანს, რომ მთავრობასა და პარლამენტში შექმნილია აზრი, პოსტსაარჩევნო პერიოდი უნდა განვითარდეს ივანიშვილის გარეშე. დარწმუნებულნი არიან, რომ ასე იქნება.
- როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის "მემკვიდრის" სტატუსისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო?
- შესაძლოა, მართლაც დაიწყო. ქართულ რეალობაში მთავარი ის არის, რომ რასაც უნდა აბალანსებდეს ინსტიტუტები, აბალანსებს ერთი ადამიანის ავტორიტეტი. ვინ იქნება პრემიერი, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ხელისუფლებაში არის რამდენიმე ფიგურა, რომელთაც შეუძლიათ მთავრობის ხელმძღვანელობა, თუმცა მათ ვინაობას ჯერ არ დავაკონკრეტებ. მაგრამ ნებისმიერი მათგანი მხოლოდ პრემიერი იქნება და არა ქვეყნის ლიდერი, როგორც ბიძინა ივანიშვილია. დღეს ამ ტვირთის ზიდვა არავის შეუძლია და შესაძლოა, ამის გამო მოვლენები ძალიან ცუდად განვითარდეს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ რომელიღაც მინისტრმა რაღაც დააშავა. როდესაც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის მქონე ადამიანი მას შენიშვნას მისცემს, ის მიიღებს შენიშვნას და დაემორჩილება პრემიერს. ანალოგიური სცენარი წარმოვიდგინოთ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი წავა მთავრობიდან და სხვა იქნება პრემიერი. ასეთ შემთხვევაში, მინისტრმა, რომელმაც შეცდომა დაუშვა, შესაძლოა, მთავრობის ხელმძღვანელს წინააღმდეგობაც გაუწიოს და არც დაემორჩილოს. ეს კი დიდ პრობლემად იქცევა და უკონტროლო პროცესებს მივიღებთ. ამიტომაც იმედია, ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წავა მთავრობიდან.
- საპრეზიდენტო არჩევნებზე გამახსენდა - ინტერნეტში ვეძებე და ვერ ვნახე პრეცედენტი, რომ რომელიმე ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი რამდენჯერმე შეცვლილიყოს. ასე რომ, პირველი ვართ მსოფლიოში - სააკაშვილმა ჯერ 27 ოქტომბერს დანიშნა არჩევნები, შემდეგ 31 ოქტომბერს, შემდეგ კი ისევ 27 ოქტომბერს.
- სააკაშვილი გამომწვევი ქცევის ოსტატია. 31 ოქტომბერს არჩევნები იმიტომ დანიშნა, რომ ეს დღე ხუთშაბათია და არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში პრობლემები შეექმნებოდათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს. თუმცა შემდეგ უკან დაიხია, რადგან ალბათ, დაუმტკიცეს, რომ ღრმად შეტოპა.