ხოვლეგორას ამოუწურავი საიდუმლო - კვირის პალიტრა

ხოვლეგორას ამოუწურავი საიდუმლო

ხოვლეგორაზე მეცნიერებმა მიაკვლიეს უძველესი დასახლების ნაშთებს, რომლებიც ძვ.წ. II-I ათასწლეულებით თარიღდება. წინასწარი ინფორმაციით, აქ დიდებულთა სახლები და რეზიდენცია უნდა ყოფილიყო. გათხრების შედეგად აღმოჩნდა დამცავი ნაგებობა - ქვის გალავანი, რომელიც სავარაუდოდ მთლიანად აკრავდა ნამოსახლარს. გაითხარა სამეურნეო დანიშნულების ორი ორმო, რომელიც არქეოლოგთა ვერსიით, მარცვლეულის შესანახად გამოიყენებოდა. იკვეთება საცხოვრებელი ოთახის ან საკულტო დანიშნულების ნაგებობა, რომელშიც სანაცრე ადგილია გამოყოფილი. შეფენილ გორაკზე დაგებული ყოფილა ქვაფენილი, სადაც გათხრების შედეგად აღმოჩნდა იატაკის ოთხი ფენა, რაც ხოვლეგორაზე ხანგრძლივი ცხოვრების არსებობაზე მიუთითებს.

ვახტანგ ლიჩელი (ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი): "ჩვენ შევისწავლეთ ხოვლეგორას ბორცვის ზედა ნაწილი, სადაც უნდა ყოფილიყო ტაძრები და სასახლეები, და მართლაც, ერთი ნაწილი კვლავ გამოვლინდა. ეს გახლავთ საერთაშორისო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლი".

არქეოლოგთა შეფასებით, აქ ახალაღმოჩენილი სატაძრო-საკულტო, აგრეთვე საცხოვრებელი ნაგებობები ნამდვილი ხუროთმოძღვრების ძეგლებია.

ხოვლეში გათხრები 50 წლის წინ დაიწყო და უნიკალური აღმოჩენები სწორედ მაშინ გაკეთდა. ადგილზე, სადაც მეცნიერთა აზრით, ცივილიზაციის განვითარების უწყვეტი ჯაჭვია მოცემული, ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალი პერიოდის უამრავი ნივთი იპოვეს. მათ შორის საყოფაცხოვრებო დანიშნულების კერამიკა,

რომელიც სხვადასხვა კულტურულ პერიოდს განეკუთვნება.

აქ მუშაობა ერთობლივმა ქართულ-ავსტრიულმა ჯგუფმა აპრილის დასაწყისში განაახლა. სპეციალისტები უკვე გამოკვლეულთან ერთად ამ დრომდე ხელშეუვლებ ადგილებსაც სწავლობენ.

ექსპედიციას თსუ-ის პროფესორი ვახტანგ ლიჩელი და ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი ვოლტერ კუნტნერი ხელმძღვანელობენ. ექსპედიციის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, ხოვლეგორას ნამოსახლარი ამჯერად დაკონსერვდება. გათხრები აქ გაისად განახლდება.

ნინო ჯაფარიძე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”