"საპრეზიდენტო სავარძელს ყველაზე მეტად ერგება გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"საპრეზიდენტო სავარძელს ყველაზე მეტად ერგება გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა" (ექსკლუზივი)

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლესთან" ექსკლუზიური ინტერვიუდან:

ირაკლი ალასანია, თავდაცვის მინისტრი:

- რას ფიქრობს ირაკლი ალასანია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატზე, მაშინ როდესაც ცნობილია, რომ თვითონ ჰქონდა პრეზიდენტობის სურვილი?

- ვფიქრობ, ძალთა თანაფარდობის იმ სისტემაში, რომელიც კონსტიტუციით იქნება შექმნილი არჩევნებამდე და მას მერეც, საპრეზიდენტო სავარძელს ყველაზე მეტად ერგება გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა. როგორც თავდაცვის მინისტრი, ვიმედოვნებ, რომ მარგველაშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც არ დაუშვებს არასდროს სამხედრო შეიარაღებული ძალების პოლიტიზებას. ის იქნება ჩვენი მხარდამჭერი, მაგრამ არ გამოიყენებს ჯარს პოლიტიკური მიზნებისთვის, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა. დარწმუნებული ვარ, მისი პრეზიდენტობის პირობებში მთავრობასა და პარლამენტს შორის ბალანსი დაცული იქნება. ის პროგრესულ ადამიანად მიმაჩნია, რომელიც დამძიმებული არ არის პოლიტიკური წარსულით. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს, მაგრამ მის გამარჯევბაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ გაიმარჯვოს ქართულმა დემოკრატიამ და ჩატარდეს რეალურად ევროპული სტანდარტის არჩევნები.

- ბატონო ირაკლი, ბიძინა ივანიშვილს მთავრობიდან და პოლიტიკიდან წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ოღონდ დრო ჯერ გაურკვეველია, თუ ეს მართლაც მოხდა, სად წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი და პოლიტიკური პარტია, ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში, ან თუ გაქვთ რაიმე საფუძველი, ივანიშვილის მემკვიდრედ მიიჩნიოთ თავი?

- პრემიერს თავიდანვე ჰქონდა ნათქვამი, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დიდხანს დარჩენას, როდის მივა ქვეყნის სტაბილური განვითარება იმ დონემდე, რომ ივანიშვილი წავიდეს, არ ვიცი, ეს მისი საქმეა. პირადად მე, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესაძლებლობას უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ. დღეს ხელისუფლება მომართულია მხოლოდ იმაზე, რომ წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირებები შევასრულოთ. არ მიწყინოთ, მაგრამ "თუზე" ლაპარაკს არ ვაპირებ.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.