ვაიმე! - კვირის პალიტრა

ვაიმე!

!სათაურმა არ შეგაშინოთ.

თუმცა არა - მაგისთვის არ დავწერე? თქვენი შეშინება თუ არა, გაფრთხილება, გამოფხიზლება მაინც მინდა... აი, ”შეფუცხუნებას” რომ ეძახიან, ის მინდა გამოვიწვიო თქვენში, რადგან ჩემი აზრით, იმ ერთი ძველი ქართული კომედიის პერსონაჟი არქიტექტორისა არ იყოს, - ”ეს ჩვენი მთავრობა, ცოტა...” (აქ გიორგი შავგულიძიძის გმირი წინადადებას აღარ ამთავრებს და ”ელეგანტურად” იტრიალებს საჩვენებელ თითს საფეთქელთან).

”ბავშვმაც კი იცის, ვინ არის კაკო” - ილია წერდა კაკო ყაჩაღზე და დღეს პერიფრაზირება შეიძლება: ”ბავშვმაც კი იცის, ვინ არის ბედუკაძე!” ოღონდ ეს ”ცოდნაც” პირობითია - ბავშვმა კი არა, სასამართლომ და პოლიტიკოსებმაც ვერ გაარკვიეს და ზოგი მის წმინდანად შერაცხვას მოითხოვს, ზოგი კი მისი და მისი არდამპატიმრებლების პასუხისგებას.

ამასობაში კი, კანონი მიიღეს, - თბილისის ქუჩებსა თუ სკვერებში შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს რომ აკოცოს, ჯერ 300 ლარი უნდა გადაიხადოს. კიდევ თუ აკოცებს - 500, მესამე ჯერზე კი - 700!

მალადეც, მავანო კრეტინო, ვისაც ეს კანონპროექტი მოგივიდა თავში! ნეტავ რას აკეთებდი საღამოობით, ასე 16-17 წლის რომ იყავი? თუმცა, დაახლოებით ვხვდები...

მოკლედ ასეა: ვისაც სამშობლო გიყვართ, ”იზასავეთ” ქუჩებში, იხადეთ ჯარიმები და შეავსეთ ქვეყნის ბიუჯეტი!

მე რა მაფიქრებს იცით (ეჭვიანი გავხდი ამ სიბერეში)? - რა და, ეს კანონი იმ გენიალური ინიციატივების ნაწილი ხომ არ არის, ჯერ რომ პრეზერვატივების გარკვეულ სახეობებს ერჩოდა და მერე - ბრიყვულ სერიალებს?!

საერთოდ, ეს ”ზე-ზნეობრივი” ინიციატივები, ცოტა ხომ არ წაუგოიმ-საბჭოთაკავშირებს? არა, სადმე ქუჩაში ან შადრევანთან თუ ხვევნა-კოცნას და ”კიდომ უარესს” ატეხავს წყვილი (ან ”ტრიო”, ან მეტი, რა ვიცი...) ბავშვების თანდასწრებით, ეგ ისედაც ისჯებოდა, მაგრამ ამ ახალ ”ზნეობის პაკეტში” კიდევ ისეთი შეზღუდვებია, რომ... მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მიღება - ”საზოგადოებრივ ადგილად” ჩათვლილია ყველა ადგილი გარდა იმისა, სადაც ნებადართულია ალკოჰოლის გაყიდვა და ადგილზე მირთმევა (ანუ, მხოლოდ ღია კაფე).

კი მაგრამ, ხომ გასაგებია, რომ ჯიხვის ყანწით სადღეგრძელოების თქმასა და ქეიფს ქუჩაში არავინ დაიწყებს, მაგრამ გაგანია ზაფხულში, უბნის მაღაზიაში, ცივი ლუდი რომ ვიყიდო და იქვე, ეზოში იქნება თუ მაღაზიის კუთხეში, მეზობლებთან ერთად ფეხბურთზე, ან ამ კანონის იდიოტობაზე რომ ვილაპარაკო და თან ლუდი ვწრუპოთ, ამისთვის მაჯარიმებ?!

ვინ ხარ, ძმაო, საიდან მოხვედი - დალევა არაო, კოცნა არაო... ერთი გამახსენეთ ვინმემ, ესენი წინასაარჩევნო პროგრამაში ეწერა გამარჯვებულ პარტიას?!

ფეხბურთზე გამახსენდა: მოსკოვის ”დინამო” იყო თბილისში ჩამოსული ამხანაგური მატჩის გასამართავად (მაგათი ყველა ამხანაგის დედა ვატირე, მაგრამ დამკვიდრდა ეს ტერმინი და ვერ გადავეჩვიეთ. ისე, ტესტ-მატჩი ჰქვია მაგას მთელს მსოფლიოში).

ჩამოვიდა და ჩამოვიდა, ჯანდაბას, მაგრამ ჩამოჰყვა მთელი რუს-ჩათლახობა: გუნდის პრეზიდენტით - მოქმედი გენერლით დაწყებული და მაგათი დუმის, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ხმამიცემული დეპუტატებით დამთავრებული.

აღარ მოვყვები, რაც ყველამ იცით: რუსები ისე მოიქცნენ ტრიბუნაზე, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ (სხვანაირად არ იციან), ანუ უზრდელურად, იმპერიული დროშების გამოფენითა და შეურაცხმყოფელი სტიკერების გაკვრით სკამებეზე, მაგრამ ისინი თავისმა პატრონმა იტიროს, მე ჩვენი პოლიციისა უნდა ვთქვა: სირცხვილი თქვენ! სირცხვილი იმიტომ, რომ ნაცმოძრაობის ნარჩენებს სალაპარაკო მიეცით და მეც კი მაიძულეთ, რომ იმ დღეს მათი თანამოაზრე გავმხდარიყავი!

ბატონო მინისტრო, ზემოთაღნიშნულ ინიციატივებში, ერთ-ერთი ის რომ არის, - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე ჯარიმა გახუთმაგდებაო, მშვიდობიანი მომიტინგისათვის მისი ფულით დამზადებული ტრანსპარანტის დამხევი პოლიციელი არ უნდა დაჯარიმდეს?! თუ იმ ტრანსპარანტის ლოზუნგი - ”რუსო ოკუპანტებო, გაეთრიეთ საქართველოდან!” - აღარ არის აქტუალური?!

P.S. ერთი სიტყვით, შეშინებული ვარ... და გირჩევთ, თქვენც შეშინდეთ! ეს ყველასთვის კარგი იქნება: ხალხისთვისაც, ხელისუფლებისთვისაც და მთლიანად, ქვეყნისთვისაც.

თავის დროზე რომ ”შეშინებოდათ” ქართველებს ზოგიერთი გიჟის, ახლა ამ დღეში არ ვიქნებოდით. კითხვები მაინც რომ დაგვესვა, თუნდაც არ ეპასუხათ.

ჰოდა, ამიტომაც ვსვამ კითხვას და თუ უნდათ, ნუ მიპასუხებენ: ივანიშვილმა რომ ”მოუწოდა” კბილაშვილს, ბედუკაძესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გადახედოსო, კონსტიტუციით პრემიერს მთავარი პროკურორისთვის ასეთი ”რჩევის” მიცემის უფლება აქვს?!