რატომ ლანძღავს "ქუთაისელი სერგია" ნიკა არაბიძეს - კვირის პალიტრა

რატომ ლანძღავს "ქუთაისელი სერგია" ნიკა არაბიძეს

ამონარიდი ჟურნალ "გზიდან":

როგორც ამბობენ, სერგოს თითქმის მთელი ქუთაისი იცნობს. ბოლო დროს, "ქუთაისელი სერგიას" მონაწილეობით გადაღებული ვიდეოები ინტერნეტში გაჩნდა და ერთ-ერთ მათგანში, ვიდეოს მთავარი გმირი "კომედი შოუს" მსახიობ ნიკა არაბიძეს უშვერი სიტყვბით მოიხსენიებს, - ტელევიზორში რატომ "გამომაჩინაო"?! ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ზოგ-ზოგიერთებმა აღნიშნეს: სატელევიზიო სკეტჩებში სერგოს პაროდიის გაკეთება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის აბუჩად აგდებას ნიშნავსო. ჩვენ ნიკა არაბიძეს დავუკავშირდით, რომელიც მოგეხსენებათ, თავადაც ქუთაისელი გახლავთ და ალბათ ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ რეალური პიროვნების - სერგოს იმიტაციის გაკეთება მისი იდეა იყო.

- ამ ადამიანის შესახებ გადაღებული ვიდეოები ინტერნეტით გავრცელდა. როცა მათ ვნახულობდით, ყველანი ვხალისობდით, შემდეგ კი გაჩნდა იდეა, სკეტჩი გადაგვეღო. სერგოს გმირს ყველაზე უკეთ ჩემი ხმა მოერგო. მგონი, საკმაოდ კარგი პერსონაჟი გამოვიდა.

- ვიდეოების ნახვამდე, ამ ადამიანს არ იცნობდით?

- კი, კაცო, მანამდეც ვიცნობდი. ამ ადამიანს მე კი არა, თითქმის მთელი ქუთაისი იცნობს, მაგრამ მერწმუნეთ, მასზე სკეტჩის დადგმის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სერგო ინტერნეტში გამოჩნდა.

- ერთ-ერთ ვიდეოში სერგო უშვერი სიტყვებით მოგიხსენიებთ...

- ეს ვიდეო ვიღაცებმა ჩააწერინეს... მოგვიანებით მან სხვა ვიდეოები გამოგვიგზავნა, რომელშიც ამბობს, - ცუდი რაღაცების თქმა არ მინდოდა, მაგრამ მათქმევინეს, ჩამაწერინესო და ა.შ. მას მერე, ეს ადამიანი ვნახე კიდეც...

- სერგოსთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- 90-იანი წლებიდან ვიცნობ. ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ როცა ვხვდები, ისიც მცნობს. საყვედური არასოდეს უთქვამს, - ჩემი პაროდია რატომ გააკეთეო?

- ზოგს თქვენი ხუმრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მასხრად აგდებად მიაჩნია. მგონი, ტელეკომპანიისთვის საჩივრის წერილის გაგზავნასაც აპირებენ...

- სერგო ჩვეულებრივი ადამიანია. ჩემი აზრით, ამ პაროდიაში ცუდი არაფერია, პირიქით - ბატონი სერგო უფრო მეტად პოპულარული გახდა. ამ პერსონაჟს ყოველთვის კარგად აფასებენ, მაგრამ ხომ იცით, ქვეყანაში მოიძებნება 1-2 ისეთი ადამიანი, რომელსაც მე კი არა, ზოგადად, არავინ და არაფერი მოსწონს...

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.