"ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში, ცალი ხელით დაწერილი ბლოგი" - კვირის პალიტრა

"ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში, ცალი ხელით დაწერილი ბლოგი"

ახალი კანონის (რომელიც არც ისე ახალი აღმოჩნდა) პარლამენტში გატანამ საზოგადოების გარკვეულ წრეებში შფოთი გამოიწვია. ჟურნალისტური დაუდევრობის გამო გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ საჯარო ადგილებში "კოცნა-ხვევა" იკრძალება. რა მოგატყუოთ და აღშფოთებულთა რიცხვში მეც ვიყავი. არა იმიტომ, რომ პარკში "მოზასავე" წყვილების ყურებისგან ვიღგზნები, უბრალოდ ადამიანის პირად სივრცეში სახელმწიფოსგან ასეთი უხეში ჩარევა ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია და ქუჩებში ჩადრებით მოსიარულე ქალების ასოციაციას მიჩენს.

დამატებითი განმარტებების გაკეთების შემდეგ სიტუაციას ნათელი მოეფინა (საზასაო სივრცეს არავინ გვართმევს!) და აურზაური მეტ-ნაკლებად ჩაწყნარდა, რეალურად კი აქამდე მოქმედ კანონშიც და ახალ დანამატშიც უამრავი პრობლემაა.

პირველი, რაც კანონის კითხვისას თვალში უშნოდ მომხვდა, საინტერესოდ ფორმულირებული წინადადება იყო: "ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნისთვის". ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი ფორმულირება ზედმეტად ბუნდოვანია და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. როგორც ჩანს, ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა, ძველის შეცდომები ფეხებზე დაეკიდებინა და მეტი მოხერხებულობისთვის, კონკრეტულად არ ჩამოეწერა, რა ისჯებოდა და რა არა. ჩვეულ შემთხვევაში, ამით მაინც და მაინც აღელვებული არ ვიქნებოდი. თავისუფალ დროს კანონების კითხვით ნამდვილად არ ვირთობ თავს, მაგრამ როდესაც პარლამენტში საგანელიძისა და დავითაშვილის მსგავსი ზნეობის მცველები "ქმნიან" კანონებს, მიჩნდება სურვილი, რომ მათ კანონში არავითარი ჩასაჭიდი არ მიეცეთ. ამიტომაც, კარგი იქნებოდა. თუ ჩვენი პარლამენტარები ბოლოს და ბოლოს დაეუფლებოდნენ კანონების წერის ხელოვნებას თუ არა, მათში შესწორების შეტანის ელემენტარულ პრინციპებს მაინც. მათ უმრავლესობას ალბათ არ ახსოვს, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს ზუსტად ეს ევალება და არა 24/7 ტელევიზორში ჭორაობა და ფილოსოფიის სიღრმეებში გაჭრა.

თუ შევხედავთ, რამდენად პოლარიზებულია საზოგადოებაში ცხოვრებისეული ფასეულობები, ნათლად გამოჩნდება, თუ რამდენად განსხვავებულია ზნეობისა და უზნეობის დეფინიციაც. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა კონსერვატიულად არის განწყობილი და მათ ზნეობრივ ნორმებს დიდწილად ეკლესია უდგენთ, ჩვენს ქვეყანაში ისეთებიც არიან, ვისაც დემოკრატია უმრავლესობის დიქტატად მიაჩნია და მის სხვა ღირსებებს ნაკლებად აქცევს ყურადღებას. ასეთ მორალურ იმპერატივზე ამ ტიპის ადამიანები საკმაოდ აღშფოთებით რეაგირებენ, რაც არცაა გასაკვირი: როდესაც დავითაშვილი სერიალების ყურებას გიკრძალავს, უნებურად გიჩნდება სურვილი, "დაავერტელო" და ჯინაზე ლამის ბრაზილიურ სერიალს ჩაუჯდე.

ზემოთხსენებულის გარდა, გაუგებარია, რისთვის არის საჭირო კანონების გამკაცრება საჯარო ადგილებში ალკოჰოლის მიღებაზე ან პოლიციასადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევებში. ნუთუ ახდა უკვე ქართული ოცნება და გაათმაგდა საშუალო სტატისტიკური მოქალაქის შემოსავალი? რამდენადაც ვიციც არსებული ჯარიმები ისედაც მძიმედ აწვება ბემისმიერს, ვინც ბედმა ცუდ ხასიათზე მყოფ პოლიციელს შეახვედრა.

ლოგიკური იქნებოდა, ჩვენს პოლიტიკოსებს ჯარიმების გაზრდამდე ჯერ ქვეყნის ეკონომიკურ აღმშენებლობაზე ეფიქრათ. არც ჩვენ ახალგაზრდებს და არც მითუმეტეს ზრდასრულ ადამიანებს არ უხარიათ, რომ 5 ლარზე უწევთ "ჩალიჩი", რათა ფსელის გემოს მქონე ლუდი მაინც როგორმე ჩაიგდონ ხელში. ნიჰილიზმსა და გაჭირვებაში დამხრჩვალი ქვეყნის მოქალაქეებს ისღა აკლიათ, წუთიერი შვება (რას ვიზამთ და ასეა) კუთხიდან ამომხტარმა პოლიციელმა ჩაუშალოს და "აღვირის ახსნისთვის" ისეთი ჯარიმა მიარტყას, რომლის გადახდას ისინი მხოლოდ საკუთარი ორგანოების გაყიდვით შეძლებენ. მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაფერი პირიქითაა. ინსტიტუტები არა ქვეყნის გამდიდრებას, არამედ ქვეყნის ხარჯზე გამდიდრებას ლამობენ, ამ მხრივ ახალ მთავრობას შეუძლია ამაყად თქვას, რომ ნატოში ინტეგრაციის გარდა, ძველი ხელისუფლების სხვა პრიორიტეტებიც შეინარჩუნა.

ასევე საამაყოდ აქვს საქმე საქართველოს ახალ ხერხემალს, ბატონ ღარიბაშვილს, რომლის უწყების წარმომადგენელთა არაადეკვატურობა ახალ სიმაღლეებს იპყრობს. ჯერ იყო, სტუდენტებს არაპროპორციულად მაღალი ძალით გაუსწორდნენ, შემდეგ სასულიერო პირების დასჯას შეუშინდნენ და ამისგან თითქოს დამორცხვებულებს მაინც უნდა ევლოთ, მაგრამ არა, ისევ იკაცეს და ბანერი "რუსეთი ოკუპანტია!" ამაყად ჩამოხიეს. ბატონი ღარიბაშვილი თავისი უწყების ან სრულ დისკრედიტაციას ცდილობს (არც ახლა აქვთ სახარბიელოდ საქმე) ან ელემენტარულად არ შეუძლია თავისი თანამშრომლების დამოძღვრა და წესრიგის შენარჩუნება. პოლიციელების არაადეკვატური ქცევის ფონზე, შსს-სთვის რეკომინდირებული იქნებოდა მათ კიდევ უფრო "ხელშეუხებელ" კასტად ქცევას თავი აარიდონ, დატოვონ ჯარიმები, როგორც არის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ტრეინინგები ჩაუტარონ.