რატომ დალია ჩაილურის წყალი უგულავას "ოცნებების ტრამვაიმ?"
ჩემსავით ალბათ კიდევ ბევრს ახსოვს სატელევიზიო სიუჟეტი, რომელშიც ქალაქის მერი გიგი უგულავა პარიზიდან, თანამედროვე მოდიფიკაციის ტრამვაის სალონიდან გვიყვებოდა ტრანსპორტის ამ სახეობის უპირატესობებზე და იმაზე, თუ როგორ გააფორმა მერიამ ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც სწორედ ფრანგები დაგვეხმარებოდნენ და თბილისში ტრამვაი დაბრუნდებოდა. ეს იყო 2010 წელს. ერთი შეხედვით ყველაფერს რეალურის ეფექტი ჰქონდა. 2010 წელს ლამის ყველა ჟურნალ-გაზეთი და ტელევზია ერთდროულად და აღფრთოვანებით იუწყებოდა, რომ "თბილისში ტრამვაი ბრუნდება", 2011 წელს კი ტრამვაი თითქმის აღარავის ახსოვდა. სამაგიეროდ, 2012 წელს ახლა უკვე საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწყო ამაზე გაუთავებელი ლაპარაკი, მოეწყო კონფერენციები და მეტიც, მოეწყო თითქოს უკვე დასრულებული პროექტის საზეიმო პრეზენტაცია, რომელზეც მაღალფარდოვანი სიტყვით გამოვიდა ქალაქის მერი, ის დაგვპირდა, რომ 2013 წლიდან დედაქალაქში თანამედროვე სტანდარტების ტრამვაი ისევ გამოჩნდება. პრეზენტაციაზე სიტყვასიტყვით ითქვა: განხორციელებული სამუშაოები საფრანგეთის მთავრობამ დააფინანსა და რომ პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპი დაფინანსებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებს ითვალისწინებს.
ტრამვაის ახალი ხაზი 14 კმ სიგრძის იქნებოდა. ის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ვაკის გავლით ორთაჭალას დაუკავშირდებოდა და ამ მანძილს მგზავრები უმოკლეს ვადაში, 34 წუთში დაფარავდნენ, "თანამედროვე მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად 100 000-ზე მეტი მგზავრის მომსახურებას შეძლებს", - აცხადებდა იმჟამად გიგი უგულავა. მისივე თქმით, ეს მოითხოვდა საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს და მარტო პირველ ეტაპზე 150 000 000 ევრო იყო საჭირო პროექტის განსახორციელებლად. დამეთანხმებით, შთამბეჭდავი თანხაა.
სავარაუდოდ, არანაკლები თანხა უნდა დამჯდარიყო პროექტი, რომლის პრეზენტაციაც 2012 წელს გაიმართა და რომლის განხორციელების ნიშან-წყალი არ ჩანს, გამოდის, რომ ეს ფულიც და მთელი იმ პიარკამპანაიში დახარჯული თანხებიც წყალში ჩაიყარა, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ამგვარი პროექტი ბუნებაში შეიძლება არც არსებობდეს. დაგეგმილი ტენდერი, რომელიც ტრამვაის სისტემის ამშენებელს გამოავლენდა, არავის გამოუცხადებია და არც აპირებს.
ლევან ჩიტაძე, მოძრაობა "არა"-ს ლიდერი:
- ეს პროექტი იყო მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო ფანდი და პიარკამპანიის წარმოების ერთ-ერთი ხერხი. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გვითხრეს, თუ როგორ აპირებდა გიგი უგულავა თბილისელებისთვის ტრამვაის დაბრუნებას და რომ ეს იქნებოდა ძალიან კომფორტული, თანამედროვე, იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. ამგვარი ტრანსპორტი ტრამვაი ნამდვილად არის, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლებამ მოსვლისთანავე დაიწყო იმ ინფრასტრუქტურის მოსპობა, რაც ამ სფეროში დედაქალაქში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი, მაშინ ქალაქის სატრანსპორტო ქსელის განსავითარებლად ყვითელი ავტობუსები აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. 2010 წელს კი აღმოაჩინეს, რომ ეს იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ყოფილა და დაიწყეს მოსახლების "დაბოლება". პირადად მე დღესაც მომხრე ვარ, რომ ეს სატრანსპორტო საშუალება დაუბრუნდეს ქალაქს, მაგრამ ამას სჭირდება არა მხოლოდ ლაპარაკი, არამედ სწორი ორგანიზება და დიდი ფინანსები.
- თუმცა, ფაქტია, რომ მერიამ გამართა პროექტის პრეზენტაცია და ითქვა, რომ მშენებლობის დაწყებაზე ტენდერი გამოცხადდებოდა...
- ესეც ფარსი იყო. სინამდვილეში მოხდა ის, რომ გიგი უგულავას თანაშემწემ ინტერნეტში იპოვა მოდერნიზებული ტრამვაის რამდენიმე სურათი, კომპიუტერული გრაფიკით შექმნეს რაღაც ვირტუალური გეგმა და ტრამვაის ხაზი, 3D ფორმატში ეს მოდერნიზებული ტრამვაი "დასვეს" რუსთაველის გამზირზე და პროექტიც გამზადდა. ტრამვაის პროპაგანდა მარტო 2010 წელს კი არ მიმდინარეობდა, არამედ 2012 წელსაც. 2012 წელს გაორმაგებული ძალით დაიწყეს ხელახალი პიარკამპანია. უკვე წელს მერიას კიდევე ერთი წერილით მივმართეთ და მოვითხოვეთ ეპასუხათ, რა სამუშაოები ჩატარდა და რა დაჯდა. პასუხად მივიღეთ, ზოგადი ფრაზები რაღაც ვირტუალურ სამუშაოებზე. აი, თანხებზე კი კრინტიც არ დაუძრავთ, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს საკითხი რეალურად არავის შეუსწავლია, ისიც არ იცოდნენ, რა თანხა შეიძლება დასჭირვებოდათ, ან რა დროში შეიძლება განხორციელებულიყო გაპიარებული პროექტი. ბოლოს, იცით, რა მოგვწერეს? პროექტი შევაჩერეთ, რადგან თანხა ვერ ვიშოვეთო. მოკლედ, ჩაიარა უგულავას "ტრამვაიმ" ისე, რომ რეალურად არც არავინ ფიქრობდა თბილისში მის დაბრუნებას. თუმცა, ხალხს კი დააჯერეს, ერთი პერიოდი მახსოვს დიღმის მასივში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, მახსოვს, იქაური მოსახლეები ამტკიცებდნენ, ტრამვაი გაყავთო. აი, ასეთი ძალა აქვს პიარს.
ამ ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოში მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე დაიბარეს და ამ საკითხზეც დაუსვეს შეკითხვები:
ზაზა გაბუნია, თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე:
- როგორც ჯოხაძემ გვიპასუხა, თურმე ძალიან ძვირიანი პოექტია, ამას მხოლოდ მერიის ბიუჯეტი ვერ ეყოფოდა და ნაწილობრივ ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა დაფარულიყო საჭირო თანხები, ახალ ხელისუფლებას კიდევ არ მიუცია თურმე ეს ფული და ამიტომაც გააჩერეს პროექტი, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელი არგუმენტია, რადგან ეგენი როგორც აცხადებდნენ, წინა წლებში გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები ხელისუფლების შეცვლამდეც უნდა განეხორციელებინათ, მაგრამ არაფერიც არ გაუკეთებიათ. გარდა ამისა, მე შევთავაზე, წარმოადგინონ პროექტის ღირებულება, გვითხრან - რა ნაწილი სჭირდებათ ცენტრალური ბიუჯეტიდან და მზად ვარ პირადად მე ვუშუამდგომლო და დაიწყოს ამ საკითხზე მოლაპარაკებები. მაგრამ საქმეში ხარ? ამ შეთავაზებას არც კი გამოეხმაურნენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ წარმოდგენა არა აქვთ, ან რა ღირს პროექტი, ან რა ნაწილი უნდა დაფინანსებულიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან. კაცმა არ იცის, რა წინასწარი სამუშაოები ჩატარდა, ან პროექტი რეალურად არსებობს კი საერთოდ?
მოკლედ, ეს ან მართლა მხოლოდ პიარისთვის წამოწყებული ლაპარაკი იყო, ანაც სრულიად გაუთვლელი მეგაპროექტი, უძვირესი, რომლის განხორციელებაც პრიორიტეტული სულაც არ იყო. მსგავსი აქამდეც არაერთი განახორციელეს, ხომ გახსოვთ, ზოგჯერ რეალური გეგმა და არქიტექტურული პროექტიც კი არ არსებობდა, ისე იწყებდნენ აშენებას.
ცნობისთვის: თბილისში ტრამვაის ისტორია მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო, როცა ქალაქში გამოჩნდა ელექტროტრამვაის წინაპარი – ცხენების გამწევ ძალაზე მომუშავე სარკინიგზო ტრანსპორტი, ე. წ. ,,კონკა", ელექტროტრამვაის ამოქმედების თარიღად კი 1904 წლის 25 დეკემბერი ითვლება. აქედან მოყოლებული, თბილისის ტრამვაის ხაზების სიგრძე განუხრელად იზრდებოდა და მაქსიმუმს – 108 კილომეტრს 1986 წელს მიაღწია, თუმცა, სულ რაღაც 4-5 წელიწადში ვითარება მკვეთრად შეიცვლა: ქსელის პერმანენტული შეკვეცა 2006 წლის 4 დეკემბერს ტრამვაის სრული ლიკვიდაციით დასრულდა, რამაც ბევრ თბილისელს დაწყვიტა გული.
ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)