კახა კუკავა - "პუტინი ყველაზე კარგი შანსია საქართველოსთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობები მოაგვაროს" - კვირის პალიტრა

კახა კუკავა - "პუტინი ყველაზე კარგი შანსია საქართველოსთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობები მოაგვაროს"

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა პირველი იყო, ვინც 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენაზე დაიწყო ლაპარაკი. მას ოპონენტებმა რუსეთში მოღვაწე ქართველ პოლიტიკოსთან ვლადიმერ ხომერიკთან მეგობრობაც წამოაძახეს, თუმცა, თავად ამაში მიუღებელს ვერაფერს ხედავს. მას ბოლოდროინდელ აქტუალურ თემებზე ვესაუბრებით...

- ბატონო კახა, როდის და საიდან დაიწყო თქვენი "რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის" პრეზიდენტის, ვლადიმერ ხომერიკის მეგობრობა?

- მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს რუსეთში, მათ შორის მოსკოვში, რადგან წლების განმავლობაში ჩავდიოდი იქ. ვისთანაც ყველაზე ხშირი ურთიერთობა მაქვს, ბუნებრივია, მასთან მეგობრული და ახლო ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი პარტია ვართ, ან ვლადიმერ ხომერიკი, როდესაც ამ თუ იმ საკითხზე ლაპარაკობს, "თავისუფალი საქართველოს" პოზიციას ახმოვანებს. ის არის რუსეთის მოქალაქე, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, თუმცა, წარმოშობით ქართველია და თავისი მოსაზრებები აქვს, რაშიც ნაწილობრივ ვეთანხმები, ნაწილობრივ კი არა. რა გითხრათ, ჩვენს ურთიერთობაში რაღაც განსაკუთრებული და დამაინტრიგებელი არაფერია.

- საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა თქვენს ერთად გადაღებულ ფოტოს...

- რატომ? რით იყო ასეთი ინტერესი განპირობებული?.. რამდენიმე ფოტო მაქვს მასთან და დღემდე არავის გამოუხატია განსაკუთრებული ინტერესი.

- თითქოს შაურმას მიირთმევდით ერთად...

- მსგავსი არაფერი მახსოვს... შეიძლება მონტაჟია, მაგრამ ასეც რომ იყოს, რა არის ამაში განსაკუთრებული?.. რა მოხდა, თუ ხომერიკთან ერთად შაურმა ვჭამე? ჩვენს ტელეინდუსტრიას ახასიათებს, ხალხს სისულელეებით გამოუტენოს თავი და მნიშვნელოვანი საქმეები საინფორმაციო საშუალებების მიღმა დატოვოს. ასეთი რამ ბოლო დროს ხშირად ხდება და საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება, რასაც წარმატებით იყენებენ პოლიტიკური ძალები.

- როგორ წარმოგიდგენიათ ვლადიმერ ხომერიკისა და მსგავსი პოლიტიკოსების როლი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დარეგულირებაში?

- როლი შეიძლება ყველამ ითამაშოს და პროცესი შეიძლება გრძელვადიანი იყოს. თუმცა, მთავარი და განმსაზღვრელი ის არის, რომ ეს ვიღაცამ უნდა მოინდომოს. ამას კი არავინ ცდილობს, მათ შორის არც ეს და არც წინა ხელისუფლება. ბოლო ოცი წლის რეალობა ასეთია, ქართული პოლიტელიტა დამოკიდებული იყო ამერიკაზე და მისთვის რომ ეამებინათ, მუდმივად ცდილობდნენ რუსეთთან კონფრონტაციას. თავის მხრივ, რუსეთის ხელმძღვანელობაში იყვნენ ისეთი პირები, რომლებიც ჩვენს შეცდომებსა და პროვოკაციებს მშვენივრად იყენებდნენ თავიანთი აგრესიული გეგმების განსახორციელებლად. თუ საქართველოს ეყოლება ეროვნული ხელისუფლება, ეს ძალიან რეალურია. 90-იან წლებში ყველა ყოფილმა მოკავშირე ხელისუფლებამ უფრო მძიმე სასტარტო პირობებით დაიწყო ურთიერთობა, ვიდრე ჩვენ...… პრაგმატულად თუ შევხედავთ, პუტინი ყველაზე კარგი შანსია საქართველოსთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობები მოაგვაროს.

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- ის, რომ ის არის იმპერიალისტი, რუსეთის იმპერიის იდეით შეპყრობილი ადამიანი. პირადად მას არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ მისაუბრია მის ახლო გარემოცვასთან, რუსეთის იმპერიის იდეოლოგებთან, მაგალითად, "ედინნაია რასიას" საბჭოს წევრ, მიხეილ ლეონტიევთან, რომელსაც უსაფუძვლოდ უწოდებენ ანტიქართულად განწყობილ პოლიტიკოსს, რადგან სწორედ მას ეკუთვნის ფრაზა, - ჩვენ თუ კავკასიის შენარჩუნება გვინდა, ეს ხაზი საქართველოში გადის და მისი ტერიტორიული მთლიაობის შენარჩუნებაც ჩვენს ინტერესებში შედისო... ელცინის დროს რუსეთს ვერ მოელაპარაკებოდი, რადგან ისიც ამერიკისგან იმართებოდა. დღევანდელ რუსეთთან მოლაპარაკება შეიძლება. დიახ, მას აქვს თავისი იმპერიული ინტერესები და მასთან კომპრომისის პოვნა შეიძლება, რადგან მას აინტერესებს კავკასია...

- სხვა საკითხზეც გკითხავთ, ერთ-ერთ ტელეშოუში, სადაც ზურაბ ჭიაბერაშვილის ოპონირება მოგიწიათ, მან "ფსბ-ს აგენტი" გიწოდათ...

- დიახ, ეს იყო კუთხეში მიმწყვდეული ადამიანის პოზიცია ჩემთან კამათის დროს, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" ამარცხებდა ვიქტორ დოლიძეს, რომელიც საერთოდ სხვა პლანეტაზე იყო, კონკრეტულად რომელზე, ვერ გავარკვიე. "ნაციონალურ მოძრაობას" ისე ელაპარაკებიან, როგორც ოპონენტს, რაც პრინციპული შეცდომაა. 1945 წლის შემდეგ რომ გამართულიყო ტელედებატები, სადაც ერთ-ერთი მხარე ადოლფ ჰიტლერი ყოფილიყო, ნორმალური იქნებოდა?.. ან იტალიის ტელევიზიამ "კოზანოსტრას" წარმომადგენელი რომ დასვას ეთერში და ჰკითხოს, ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმე როგორ მიდის, რამე შეფერხებები ხომ არ გაქვთო?.. ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი მსჯელობს იმაზე, ადამიანების ბილიარდის ჯოხებით გაუპატიურება, მძიმე დანაშაულია, სისტემურია თუ "არაუშავს დანაშაულია", რადგან ამაში რაღაც პოზიტივიც ყოფილა თურმე, რადგან ამით თურმე კრიმინალს ებრძოდნენ... ამაზე მივუთითე ტელეწამყვანს, ზურაბ ჭიაბერაშვილი ეთერში რომ ზის, საზოგადოების სირცხვილია, რადგან მისი ადგილი ციხეშია-მეთქი. მას არ ჰქონდა პასუხი გირგვლიანის საქმეზე, ახალაიას "გმირობებზე" და პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა... ეთერის დასრულების შემდგომ ვაპირებდი მასთან დალაპარაკებას, მაგრამ გადაცემის პროდიუსერმა გამაფრთხილა, ამას თუ იზამთ, მეტჯერ აღარ მოგიწვევთო და გადავიფიქრე...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)